Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურული ალმანახი ”სამხრეთი კავკასია” – გზა მშვიდობისაკენ


18 ნოემბერს თბილისში, ”კავკასიურ სახლში”, ალმანახ ”სამხრეთ კავკასიის” პრეზენტაცია გაიმართა. ალმანახს ორი რედაქტორი ჰყავს - ქართველი მწერალი გურამ ოდიშარია და მისი აფხაზი კოლეგა ბათალ კობახია. ალმანახის პირველივე გვერდზე რედკოლეგიის დანარჩენი წევრების საცხოვრებელი ადგილების ჩამონათვალი მოგხვდებათ თვალში – თბილისი, სოხუმი, სტეპანაკერტი, ცხინვალი, ბაქო, ერევანი... და ეს შემთხვევითი არ არის. ალმანახში სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ხუთი ხალხის – ქართველების, აფხაზების, ოსების, აზერბაიჯანელებისა და სომხების ლიტერატურულმა შემოქმედებამ მოიყარა თავი. გურამ ოდიშარია ამ ალმანახის გამოცემას სახალხო დიპლომატიის, კულტურული დიალოგის ნაწილად მიიჩნევს და ამბობს, რომ ნდობის აღსადგენად დაპირისპირებულ მხარეებს შორის ეს ერთ-ერთი საჭირო ნაბიჯია.
მშვიდობისმყოფელობის ერთგვარ პროცესად ვაქციეთ ამ წიგნზე მუშაობა. რაღაც პროცესები მიდის, ჩვენ ცალკე გამოვცემთ აფხაზ და ოს მწერლებს, ისინიც ბეჭდავენ ჩვენებს, მაგრამ ამის შესახებ ბევრმა არ იცის...

ლიტერატურულ ალმანახში 22 ავტორის პროზა და პოეზია გაერთიანდა. თუ, როგორც წესი, მსგავსი ლიტერატურული კრებულები ოთახიდან გაუსვლელად – ინტერნეტით დამყარებული ურთიერთობების დახმარებით დგება ხოლმე, ალმანახ ”სამხრეთ კავკასიის” მზადებისას მისმა შემდგენლებმა – გურამ ოდიშარიამ და ბათალ კობახიამ მთელი სამხრეთ კავკასია მოიარეს. გურამ ოდიშარია იხსენებს, აფხაზს და ქართველს ერთად მოსიარულეებს რომ გვხედავდნენ, განსაკუთრებით კი ყარაბახში, გვეკითხებოდნენ, მტრები ერთად რას დადიხართ, რას ეძებთო. ისინი კი სწორედ ამ ალმანახისათვის ლიტერატურულ ნაწარმოებებს აგროვებდნენ. იყვნენ სოხუმში, ცხინვალში, ბაქოში, ერევანში, სტეპანაკერტში, თბილისში.

”მშვიდობისმყოფელობის ერთგვარ პროცესად ვაქციეთ ამ წიგნზე მუშაობა. რაღაც პროცესები მიდის, ჩვენ ცალკე გამოვცემთ აფხაზ და ოს მწერლებს, ისინიც ბეჭდავენ ჩვენებს, მაგრამ ამის შესახებ ბევრმა არ იცის... ჩვენ ეს პროცესი მშვიდობას მივუმატეთ. ძალიან უკვირდათ ბაქოშიც, ერევანშიც და ყარაბახშიც, როცა მე და აფხაზ მწერლებს ერთად გვხედავდნენ, ერთად მოხვედით, ერთად დადიხართ, არადა მტრები ხართ ერთმანეთის, რა გინდათო. და როცა ვუხსნიდით, რომ ჩვენ გვინდოდა ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც ხალხს ერთმანეთის სატკივარს გააგებინებს, ეს მათთვის მაგალითი აღმოჩნდა. ისინი იხსნებოდნენ და გვიყვებოდნენ უკვე თავიანთ ამბებს – ვინ რა და როგორ დაწერა და ა.შ. მართლა, ძალიან საინტერესო მწერლები აღმოვაჩინეთ”, – ამბობს გურამ ოდიშარია.

სწორედ ამ მწერლების ერთი ნაწილის შემოქმედება ამ ალმანახშიც მოხვდა:
გურამ ოდიშარია
გურამ ოდიშარია

”ჩვენი მთავარი მიზანი მაინც იყო გაგვეგო, რა დაიწერა და დაიბეჭდა ომის შემდგომ. კლასიკოსებს მანამდეც იცნობდნენ, ითარგმნებოდა და მერე ხალხები ერთმანეთს დაცილდნენ, ინფორმაციაც აღარ არსებობდა. ჩვენ ვთქვით, რომ სამხრეთ კავკასია არის ხუთი ლიტერატურის სამშობლო – ქართულის, აზერბაიჯანულის, სომხურის, ოსურისა და აფხაზურის. და გაქვს ეს სამი საშინელი კონფლიქტი – ყარაბახში, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. მე მგონია, რომ ჩვენ, მწერლებს, ზურგშექცევით ყოფნის უფლება არა გვაქვს, ჩვენს საზოგადოებებში რა ხდება, ლიტერატურის შემწეობით უნდა ვაჩვენოთ ხალხს და ლიტერატურა ცოტა სხვანაირად იმახსოვრებს დროს. და ყველა ეროვნების მწერლების ნაწარმოებებში ჩვენ ვიპოვეთ ისეთები, რომლებიც მეორე მხარის მიმართ თანაგრძნობით არიან გამსჭვალული – კი, მე დღეს დავიჭერი, მაგრამ დრო გავიდა. ნეტავ, ის როგორ არის? – ეს კითხვები არსებობს”.

ალმანახში, თავად გურამ ოდიშარიას მოთხრობის გარდა, სამი ქართველი ავტორის ნაწარმოებები შევიდა. ბესო ხვედელიძისა და თეონა დოლენჯაშვილის მოთხრობები და შოთა იათაშვილის ლექსები. გასაგები მიზეზების გამო, ალმანახი რუსულ ენაზე გამოიცა. განსხვავებით გურამ ოდიშარიას თაოსნობით რამდენიმე წლის წინ გამოცემული მოთხრობების კრებულისგან, რომელიც მთლიანად ომის თემატიკას მიეძღვნა, ამ ალმანახში შესული ნაწარმოებები რაიმე ერთი ნიშნით არ შერჩეულა. ყველამ თავისი სათქმელი აირჩია. ისე, როგორც, მაგალითად, ბესო ხვედელიძემ, რომლის მოთხრობა ”მეცამეტე კოპლი” ძალიან შორს დგას მილიტარისტული იდეებისგან.

ბესო ხვედელიძე: ”თავიდან თითქოს იყო იდეა, რომ რაღაც ომის თემაზე შეგვერჩია, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ სიყვარულზე ყოფილიყო ამ ალმანახში შესული მოთხრობა. სხვათა შორის, ყველა ტექსტი ასეთი დაუძაბავი გამოვიდა.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, თქვენი მოთხრობით რას ეუბნებით, მაგალითად, აფხაზებს ან ოსებს?

ბესო ხვედელიძე: რა ვიცი, სიყვარულს ვუხსნი.

დასაწყისისათვის ალმანახი წელიწადში ორჯერ გამოვა. მერე ვნახოთო, გვეუბნება გურამ ოდიშარია. ამჯერად, მისი გამოცემა კონფლიქტურ ზონებში მშვიდობის აღდგენის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო განგაშმა” აიღო თავის თავზე, რომლის წარმომადგენელი, ოსკარი პენტიკაინენი შენიშნავს, რომ მთელი იდეა ამ ალმანახის გამოცემისა სწორედ დიალოგის აღდგენაა სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებს შორის, რომელთაც დღემდე უწევთ კონფლიქტურ ვითარებაში ყოფნა.

პოეტმა გივი ალხაზიშვილმა ალმანახ ”სამხრეთ კავკასიის” გამოცემას უწოდა გზა მშვიდობისაკენ:

”გზა, რომელიც გურამ ოდიშარიამ და მისმა მეგობრებმა აირჩიეს, რომ გამოცემულიყო ასეთი ალმანახი, სადაც სამხრეთკავკასიელი მწერლები დაიბეჭდებოდნენ, არის შესანიშნავი გზა, შესანიშნავი ენა – მშვიდობისაკენ, თანაარსებობისთვის, კულტურული ურთიერთობისთვის, სამომავლო გზების მოძებნისთვის, იმის გაგებისთვის, თუ როგორ ცხოვრობენ მეორე მხარეს ადამიანები, რომლებთანაც ერთად ვიყავით გუშინ... საერთო ცხოვრება გვაკავშირებს”.
ალმანახი ’სამხრეთი კავკასია”
ალმანახი ’სამხრეთი კავკასია”

შეიძლება ითქვას, რომ ალმანახის პრეზენტაციაზე თავმოყრილ მწერლებს, კრიტიკოსებს, კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ”სამხრეთ კავკასიის” გამოცემა მხოლოდ მორიგ ლიტერატურულ მოვლენად არ შეუფასებიათ. როგორც მწერალმა და ლიტერატურათმცოდნე ზაზა აბზიანიძემ აღნიშნა, დღეს, როცა კონფლიქტში მონაწილე მხარეები ერთმანეთისკენ რეალურ ნაბიჯებს ვერ დგამენ, ასეთი პატარ-პატარა ინიციატივები შესაძლოა, დროთა განმავლობაში, აღმოჩნდეს მშვიდობის შენების საფუძველი:

”ყოველი ასეთი კრებული თითო ის ქვაა, რომელიც ერთმანეთზე კი არ არის დამიზნებული და ხალხებს შორის არსებული უფსკრულის მეორე მხარეს კი არაა დამიზნებული, არამედ, მე მგონია, რომ ამ ქვებმა უნდა შეავსოს ეს უფსკრული სწორედ. ამის გარეშე ჩვენი ცხოვრება შეუძლებელი იქნება”.

ალმანახის თბილისური პრეზენტაციის დროს იგი ”სამხრეთ კავკასიის” საზოგადოებას სოხუმშიც წარუდგინეს. უახლოეს მომავალში მისი პრეზენტაცია დაგეგმილია ცხინვალში, ბაქოსა და ერევანში.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG