Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ უფრო ეფექტურად ებრძვის კორუფციას საქართველოში?


”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გამოაქვეყნა 200-გვერდიანი კვლევა - ”საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება”. კვლევის მიზანი იყო გაერკვია როგორ ებრძვიან კორუფციას ამ სისტემაში შემავალი ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა მედია, სამოქალაქო საზოგადოება, სასამართლო, პარლამენტი და ა.შ. აღმოჩნდა, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაძლიერებულ აღმასრულებელ ხელისუფლებას და სამართალდამცავ სტრუქტურებს კორუფციასთან ბრძოლაში მეტი წარმატება აქვთ, ვიდრე სამოქალაქო სექტორს, მედიასა და სასამართლოს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სამოქალაქო ინსტიტუციების მხრიდან კორუფციასთან ბრძოლის კონტროლი შესუსტებულია. კვლევას საფუძვლად დაედო დამოუკიდებელი ექსპერტების მოსაზრებები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების კვლევები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა შეფასებები.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ აღმასრულებელი ორგანოები დღეს ისე გაძლიერებულები არიან, რომ მათ მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების შანსი საგრძნობლად გაზრდილია...

ორი წლის განმავლობაში ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” იმ 12 ძირითად ინსტიტუციას აკვირდებოდა, რომელთაც კორუფციასთან ბრძოლისა და ქვეყანაში კეთილსინდისიერი მმართველობის დამკვიდრების საქმეში მთავარი როლი აკისრიათ. ესენია: პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო, საჯარო სამსახური, სამართალდამცავი უწყებები, საარჩევნო ადმინისტრაცია, სახალხო დამცველი, კონტროლის პალატა, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, მედია და ბიზნესი.

100-ქულიანი შეფასებიდან ყველაზე დაბალი - 40 ქულა - სამოქალაქო საზოგადოებას ერგო; შემდეგ მოდის სასამართლო - 43 ქულით; ოდნავ წინაა მედია - 47 ქულა; წამყვანი პოზიციები კი კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით უჭირავს აღმასრულებელ შტოს და სამართალდამცავ სტრუქტურებს, სახალხო დამცველის აპარატსა და კონტროლის პალატას.
ბიზნესი - 50 ქულით - სადღაც შუაშია, ამ მაჩვენებელს უტოლდება პარლამენტის 54-ქულიანი შეფასებაც. კვლევის ავტორების შეფასებით, პრობლემა ის კი არ არის, რომ რომელიმე ინსტიტუცია - მაგალითად, სამართალდამცავი სტრუქტურა - არის ძლიერი და ეფექტიანად მუშაობს, არამედ ის, რომ დასუსტებულია მისი მაკონტროლებელი მედია, სასამართლო, სამოქალაქო საზოგადოება...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ანტიკორუფციულ სისტემაში არსებულ სურათს ასეთ შეფასებას აძლევს:
ეკა გიგაური
ეკა გიგაური

“კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ აღმასრულებელი ორგანოები დღეს ისე გაძლიერებულები არიან, რომ მათ მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების შანსი საგრძნობლად გაზრდილია. ეს კი იმიტომ ხდება, რომ სასამართლო ხელისუფლება ძალიან სუსტია, დასუსტებულია პარლამენტი, მედია, სამოქალაქო საზოგადოება. გამოდის, რომ ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს ზედამხედველი ორგანო, ფაქტობრივად, არ გააჩნია. ეს ძალიან ცუდი ფაქტორია, რომ აღარაფერი ვთქვათ, მედიის განვითარებაზე, რომელსაც დღეს ასე აკლია ჟურნალისტური გამოძიებები. ამას ხელი ყველამ უნდა შეუწყოს, მათ შორის, მთავრობამ და ბიზნესმაც.”

მოდი, ვნახოთ უფრო კონკრეტულად, რა არის აღნიშნული ინსტიტუციების სუსტი წერტილები. მაგალითად, მედია, რომელსაც მსოფლიოში უზარმაზარი ძალა აქვს, საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის საქმეში ერთ-ერთ ბოლო ადგილზე მოხვდა. კვლევის ავტორი ერეკლე ურუშაძე განმარტავს:

”საქართველოს, მედიის თვალსაზრისით, კარგი კანონმდებლობა, მაგრამ ცუდი პრაქტიკა აქვს. არსებობს მედიის დამოუკიდებლობის პრობლემა. ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალებები - ტელევიზიები, რომლებიც მთელ საქართველოზე მაუწყებლობენ - არ არიან რეალურად დამოუკიდებლები.”

სამოქალაქო საზოგადოების სისუსტეში ”საერთაშორისო გამჭვირვალობა” გულისხმობს მის შეზღუდულ რესურსებს - კერძოდ, დონორების დაფინანსების გარეშე მათი მოღვაწეობის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არის მეორე ფაქტორიც - არასამთავრობოების უმრავლესობას არ ჰყავს წევრები მთელი საქართველოს მასშტაბით, ანუ საზოგადოება მათ საქმიანობაში ვერ მონაწილეობს.

საინტერესოა, რომ, ერეკლე ურუშაძის შეფასებით, ბიზნესს დაბალი ქულა იმიტომაც ერგო, რომ ის პრაქტიკულად არ მონაწილეობს ანტიკორუფციული წინადადებების შემუშავებაში. საქართველოში არსებულ ანტიკორუფციულ საბჭოში ბიზნესის არც ერთი წარმომადგენელი არ შედის. არის სხვა მიზეზიც:
სინამდვილეში, საქართველოში ბიზნესი არასოდეს არის ისე დაცული, როგორც ეს კანონითაა განსაზღვრული. საგადასახადო ორგანოების საქმიანობა კი ზოგჯერ საკმაოდ ხისტია...

”ბიზნესის დაწყება საქართველოში მარტივია და ბიზნესის დამოუკიდებლობა კანონმდებლობითაც მშვენივრად არის განსაზღვრული, მაგრამ, სინამდვილეში, საქართველოში ბიზნესი არასოდეს არის ისე დაცული, როგორც ეს კანონითაა განსაზღვრული. საგადასახადო ორგანოების საქმიანობა კი ზოგჯერ საკმაოდ ხისტია.”

რა არის სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალი შეფასების მიზეზი და, პირიქით, სუსტი წერტილიც?

”სამართალდამცავ სტრუქტურებს მძლავრი რესურსები აქვთ, კარგი საბიუჯეტო დაფინანსება, რაც ხელს უწყობს მათი ფუნქციების შესრულებას. კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, მათ აქვთ სერიოზული წარმატებები - ვგულისხმობ მექრთამეობასთან ბრძოლას. თუმცა მათ პრობლემად რჩება გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება”, - ამბობს ერეკლე ურუშაძე.

როგორც აღვნიშნეთ, კვლევაში სასამართლოს საკმაოდ სუსტი პოზიცია უკავია. რადიო თავისუფლება გაესაუბრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსს ლაშა მაღრაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ შემდგომ კვლევაში სასამართლო ეცდება გაითვალისწინოს რეკომენდაციები, თუმცა, მისივე შეფასებით, იყო საკითხები, - მათ შორის, სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის საკითხი, - რაც კვლევაში სათანადოდ არ ასახულა:

”ვფიქრობ, მასში უნდა ასახულიყო სასამართლოს მომხმარებლის ნდობის მაჩვენებელიც და არამხოლოდ, ზოგადად, საზოგადოების. საერთაშორისო კვლევების მიხედვით კი, იმ ადამიანების ნდობა, ვინც მიმართა სასამართლოს, საკმაოდ მაღალია და 63%-დან 72%-მდე მერყეობს.”

აზრი ვკითხეთ კონტროლის პალატის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსს ლევან ალაფიშვილსაც, რომლის უწყებაც, სახალხო დამცველის აპარატთან ერთად, კვლევაში 62- და 63-ქულიანი მაჩვენებლით არის წარმოდგენილი:
ამ სურათის გასაუმჯობესებლად, ვფიქრობ, თითოეულმა სტრუქტურამ თავის რესურსებს უნდა გადახედოს - აკეთებენ თუ არა ყველაფერს, რაც შეუძლიათ...

”ყველა ეს ინსტიტუცია ურთიერთკავშირშია. არასამთავრობო სექტორის სისუსტე პარლამენტის სისუსტეს განაპირობებს. სუსტი პარლამენტი აძლიერებს მთავრობას. ამ სურათის გასაუმჯობესებლად, ვფიქრობ, თითოეულმა სტრუქტურამ თავის რესურსებს უნდა გადახედოს - აკეთებენ თუ არა ყველაფერს, რაც შეუძლიათ.”

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ მომზადებულ კვლევაში ყველა ინსტიტუციის შეფასებას ახლავს შესაბამისი რეკომენდაციები. მისი ნახვა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ორგანიზაციის ვებსაიტზე.

კვლევის ავტორები კი უახლოეს მომავალში მას ანტიკორუფციულ საბჭოსაც წარუდგენენ, რომლის წევრებიც, მოწვევის მიუხედავად, 24 ოქტომბერს კვლევის პრეზენტაციაზე არ გამოჩენილან.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG