Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2012 წლის პირველი კვირა


ახალი წლის პირველი კვირის მთავარი მოვლენებიდან შეიძლება გამოვყოთ დასახელება მომავალი საპარლამენტო არჩევნების თარიღისა - 2012 წლის ოქტომბერი - და ცნობა იმის შესახებ, რომ პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საქმიანობას საქართველოს კონტროლის პალატასთან შექმნილი მონიტორინგის სამსახური შეისწავლის. სწორედ ეს ორი თემა იყო ამ კვირის პოლიტიკური დებატების საგანი.

4 იანვარს პრეზიდენტის სასახლეში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილთან გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნების გამართვის სავარაუდო თარიღი დაასახელა - ოქტომბერი - და ამით გაფანტა ეჭვი, რომ ვადამდელი არჩევნები შესაძლოა გაზაფხულზე დაინიშნოს.

მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ხარატიშვილი
მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ხარატიშვილი
”ცხრა თვე რჩება ამ არჩევნებამდე, რაც სავსებით საკმარისი დროა. კარგია ისიც, რომ საარჩევნო კოდექსზე შევთანხმდით და ცვლილებებს ვენეციის კომისიამაც მაღალი შეფასება მისცა. ერთადერთი, რაზეც ვერ შევთანხმდით, იყო ის, რომ მათი რჩევით, მცირეამომრჩევლიან ოლქებს არ უნდა ჰყოლოდათ წარმომადგენელი, რაც ჩვენთვის მიუღებელია, დანარჩენზე - მათ შორის, პარტიების დაფინანსების შესახებაც - მაღალი შეფასება მივიღეთ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კვირის დასაწყისში ზურაბ ხარატიშვილმაც განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მზადაა დათქმულ ვადაში არჩევნების მაღალ დონეზე ჩასატარებლად.

ამ კვირაში საერთაშორისო ორგანიზაციამ ”ჰიუმან რაიტს უოჩმა” გამოაქვეყნა ანგარიში, სახელწოდებით ”ადმინისტრაციული შეცდომა: საქართველოს ადმინისტრაციული პატიმრობის არასრულყოფილი სისტემა”, რომელშიც ასახულია ის მწვავე პრობლემები, რომლებიც არღვევს ბრალდებულის უფლებებს. ანგარიშს საფუძვლად უდევს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ათეულობით პირის ადვოკატების, სასამართლოს მიერ დაჯარიმებული ადამიანებისა და პატიმრობამოხდილი პირების მიერ მიწოდებული ინფორმაცია. ანგარიშის ავტორის, ”ჰიუმან რაიტს უოჩის” უფროსი მკვლევარის ევროპასა და შუა აზიაში გიორგი გოგიას განცხადებით, ამ საკითხით მისი ორგანიზაცია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც 2011 წლის მაისის საპროტესტო აქციების შედეგად დაკავებული ათობით ადამიანის უფლება დაირღვა.
”ჰიუმან რაიტს უოჩი” მიიჩნევს, რომ 90-დღიანი პატიმრობა ზედმეტად მკაცრი სასჯელია და სახელმწიფომ ამ სასჯელის საერთოდ გაუქმებაზე უნდა იფიქროს. ორგანიზაცია პრობლემად მიიჩნევს იმასაც, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გასამართლებულს უფრო ნაკლები სამართლებრივი უფლებები აქვს, ვიდრე სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლებულ პირს.

კონტროლის პალატა ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლების ხელშია. ფაქტობრივად, პარტიათა ფინანსური საქმიანობის კონტროლი ერთი კონკრეტული პარტიის ...
მიმდინარე კვირაში საქართველოს კონტროლის პალატაში პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის პრეზენტაცია გაიმართა. პოლიტიკურ პარტიებს ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება 2012 წლის თებერვლამდე განესაზღვრათ. კონტროლის პალატასა და ეროვნულ ბანკს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, კონტროლის პალატის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის თქმით, ბანკი ვალდებული იქნება მოიპოვოს ინფორმაცია პოლიტიკურ პარტიებთან, პოლიტიკურად აქტიურ პირებსა და ორგანიზაციებთან დაკავშირებული ფინანსური ტრანზაქციების შესახებ და კონტროლის პალატას გადასცეს.

ამ სიახლეს სკეპტიკურად შეხვდა ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი. მაგალითად, ”ახალი მემარჯვენეების” წევრი მამუკა კაციტაძე ფიქრობს, რომ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის მიერ პარტიების ფინანსური კონტროლი, ფაქტობრივად, მმართველი გუნდის ხელში აღმოჩნდება:

”კონტროლის პალატა ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლების ხელშია. ფაქტობრივად, პარტიათა ფინანსური საქმიანობის კონტროლი ერთი კონკრეტული პარტიის - ამ შემთხვევაში, მმართველი პარტიის - ხელში გადადის. ჩვენ, მემარჯვენეები, ვფიქრობთ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განხორციელდებოდა, სადაც მეტ-ნაკლებად პლურალისტური გარემოა.”

ახალი წლის პირველ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, კაპრალი შალვა ფაილოძე დაიღუპა . კაპრალი ფაილოძე მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან ირიცხებოდა. სამხედრო სამსახურის პერიოდში შალვა ფაილოძეს მიღებული აქვს მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის". ფაილოძე თალიბების თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

კვირის ბოლოს, შობის დღესასწაულზე, თბილისში ტრადიცულად ალილოს მსვლელობა გაიმართა.

თეატრალიზებულ მსვლელობაში ასეულობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG