Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართული ოცნება” კონტროლის პალატის პირისპირ


”ქართული ოცნება” ელოდება პასუხს შეკითხვებზე, რომლებიც კონტროლის პალატას 9 იანვარს გადაეგზავნა და რომლებიც საზოგადოებრივი მოძრაობის ფინანსური საქმიანობის გასაჯაროებას შეეხება. ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა მიიჩნევს, რომ მას ”პოლიტიკური მიზნები” არ გააჩნია და, შესაბამისად, არ ეხება დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები. ამასთან, კითხვის ნიშნები უკავშირდება კონტროლის პალატის ახლად შექმნილი მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებას.

მივყვეთ თანმიმდევრობით: „ქართულმა ოცნებამ“ 5 იანვარს მიიღო კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის ნათია მოგელაძის წერილი, რომელშიც ის ითხოვდა ინფორმაციას საზოგადოებრივი მოძრაობის ფინანსური საქმიანობის შესახებ.
ქართული ოცნება" კერძო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც დაფუძნებულია იმ მიზნებით, ამოცანებითა და მოსაზრებებით, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა...

”კონტროლის პალატის მიერ ”ქართული ოცნება”, ბიძინა ივანიშვლის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა, მიჩნეულია პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების მქონე ორგანიზაციად, რადგანაც ამ ადამიანისა და ზოგადად ამ ორგანიზაციის მიერ აშკარად არის გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები. ეს არის ჩვენი შეფასება. აქედან გამომდინარე, ჩვენ კანონით გვქონდა უფლებამოსილება მოგვეთხოვა ინფორმაცია”, - 10 იანვარს, როცა ”ქართული ოცნებით” დაინტერესების საფუძველი მედიას ნათია მოგელაძემ თავად განუმარტა, კონტროლის პალატის ვებსაიტზე უკვე გამოქვეყნებული იყო დეტალური ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის ფინანსური საქმიანობის შესახებ და მათ შორის იყო მონაცემები ცალკეულ პირთა ხელფასების შესახებაც. მოგელაძემ განმარტა, რომ მისმა სამსახურმა ინფორმაცია ”ალტერნატიული გზით” მოიპოვა, რადგანაც ”ქართულმა ოცნებამ” მისი გამჟღავნება არ ისურვა.

თუმცა, როგორც ”ქართული ოცნების” ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, მთელი რიგი სამართლებრივი პრეტენზიების მიუხედავად, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ რამდენიმე მონაცემი 9 იანვარს თავად კონტროლის პალატასაც გაუგზავნა და უფრო ვრცელი ინფორმაცია საკუთარ ვებსაიტზეც გამოაქვეყნა. ერთადერთი, რისი გამოქვეყნებისგანაც შეიკავა თავი საზოგადოებრივმა მოძრაობამ, ადვოკატის განმარტებით, კონკრეტულ პირთა ხელფასების ოდენობა იყო, რადგანაც პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვა საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული.
ადვოკატ ბარამიძის თქმით, აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო კონტროლის პალატის მოთხოვნა ”ქართული ოცნების” მისამართით ფინანსური საქმიანობის გასაჯაროების თაობაზე, რადგანაც ამ საზოგადოებრივ მოძრაობას არასოდეს განუცხადებია პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.

”ქართული ოცნება" კერძო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც დაფუძნებულია იმ მიზნებით, ამოცანებითა და მოსაზრებებით, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა. პოლიტიკასთან კავშირი მას, როგორც იურიდიულ პირს, არ გააჩნია”, - განაცხადა ადვოკატმა ბარამიძემ.
რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე ჩათვალა მან, რომ კონტროლის პალატას აქვს უფლებამოსილება, რომ თითონ განსაზღვროს - ვის გააჩნია ან არ გააჩნია პოლიტიკური მიზნები და ამოცანები?..

”ქართული ოცნებისა” და კონტროლის პალატის დავა ამით არ ამოწურულა. როგორც ადვოკატი ამბობს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, კონტროლის პალატისთვის დასმულ შეკითხვებზე პასუხებს ახლა უკვე ”ქართული ოცნება” ელოდება. შეკითხვების ადრესატია კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე.

”რომელი კონკრეტული განცხადებები მიაჩნია მას პოლიტიკურ განცხადებებად? რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე ჩათვალა მან, რომ კონტროლის პალატას აქვს უფლებამოსილება, რომ თითონ განსაზღვროს - ვის გააჩნია ან არ გააჩნია პოლიტიკური მიზნები და ამოცანები? და ასევე მოვითხოვეთ კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც შეიძლება ადასტურებდეს „ქართული ოცნების“ მიერ რაიმე პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების ქონას”, - შეკითხვები, რომლებიც ალექსანდრე ბარამიძემ 11 იანვრის პრესკონფერენციაზე გააცნო მედიას, დაახლოებით ამავე სახით არის ჩამოყალიბებული განცხადებაში, რომელიც კონტროლის პალატაში 9 იანვარს გაიგზავნა და რომელსაც ხელს აწერს საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” გამგეობის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ 11 იანვარს ვერ მოახერხა გაერკვია ემზადება თუ არა და, საერთოდ, აპირებს თუ არა კონტროლის პალატა უპასუხოს ”ქართული ოცნების” შეკითხვებს.
პროცედურულად გაწერილი არ არის, თუ როგორ უნდა აღიაროს კონტროლის პალატამ ”დაკავშირებულ პირად” ესა თუ ის ორგანიზაცია. გაწერილი არ არის, როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება...

გავიხსენოთ, რომ პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის განხორციელება კონტროლის პალატას „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში გასული წლის 28 დეკემბერს დამტკიცებული ცვლილებების შესაბამისად დაევალა. ამავე კანონის შესაბამისად, პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები და ანგარიშვალდებულება კონტროლის პალატის წინაშე ასევე ვრცელდება იმ იურიდიულ პირზე, რომელიც ”პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად, იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ ან აქვს განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.”

კანონის ამ ნორმას იმთავითვე ბუნდოვნად მიიჩნევდა არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნები” და მან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, პროტესტიც არაერთხელ გამოხატა. არაერთხელ ითქვა, რომ კანონის ეს და სხვა კიდევ არაერთი დაუკონკრეტებელი მოთხოვნა სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა პრაქტიკაში.

თავისთავად იმას, რომ პოლიტიკურ პარტიებთან დაახლოებული ესა თუ ის იურიდიული პირი (და, მათ შორის, ”ქართული ოცნებაც”) დაექვემდებაროს ფინანსური გამჭვირვალობის მოთხოვნას, პრობლემად არ მიიჩნევს, ”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია, თუმცა, მისი განმარტებით, პროცესს საფუძვლად უნდა დაედოს კონტროლის პალატის უფლებამოსილების ზუსტად განსაზღვრა:
ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

”პროცედურულად გაწერილი არ არის, თუ როგორ უნდა აღიაროს კონტროლის პალატამ ”დაკავშირებულ პირად” ესა თუ ის ორგანიზაცია. გაწერილი არ არის, როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება, მისი დასაბუთება, რა სახის აქტი უნდა იქნეს მიღებული ამის თაობაზე და ასე შემდეგ. უნდა დაასაბუთოს კონტროლის პალატამ, რატომ მიიჩნია ესა თუ ის ორგანიზაცია "დაკავშირებულ პირად.”

ნინო ლომჯარია პრობლემად მიიჩნევს იმასაც, რომ კონტროლის პალატამ მოითხოვა იმ ინფორმაციის საჯაროობა, რაც კანონის ამოქმედებამდე არ იყო საჯარო და, შესაბამისად, კანონში მინიშნების გარეშე, ფინანსური გამჭვირვალობის ნორმას უკუძალა მიანიჭა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG