Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე ისრაელსა და პალესტინაში პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდება


ისრაელში მყოფი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ქალაქ რამალაში პალესტინის ავტონომიის მეთაურს მაჰმუდ აბასს შეხვდება. ილია მეორე ისრაელში საეკლესიო დელეგაციასთან ერთად მეორე დღეა იმყოფება. ვიზიტის ძირითადი მიზანია ქრისტიანული სიწმინდეების მონახულება და ლოცვის აღვლენა მაცხოვრის საფლავზე და შობის ტაძარში. თუმცა, ვიზიტს აქვს პოლიტიკური დატვირთვაც, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური 23 თებერვალს, ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს, რეუვენ (რუბი) რივლინს და პრეზიდენტ შიმონ პერესსაც შეხვდება. ისრაელსა და საქართველოში შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაცივდა ისრაელელი ბიზნესმენების, კომპანია „ტრამექსის“ წარმომადგენლები ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის დაპატიმრების გამო, რომლებსაც საქართველო ხელისუფლების მაღალჩინოსნისათვის ქრთამის შეთავაზება ედებოდათ ბრალად. 10 თვიანი პატიმრობის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელელი ბიზნესმენები 2011 წლის დეკემბერში შეიწყალა, ხოლო კომპანია „ტრამექსს“, რომელსაც ხელისუფლებასთან ხანგრძლივი დავა ჰქონდა, საქართველოს მთავრობამ მიყენებული ზარალის სანაცვლოდ 37 მილიონი ამერიკული დოლარი გადაუხადა.
XS
SM
MD
LG