Accessibility links

მიტ რომნი დაწინაურდა, თუმცა მიზნამდე შორია


მიტ რომნი მიჩიგანის შტატში პრაიმერის დღეს, 2012 წლის 28 თებერვალს
შეერთებულ შტატებში კიდევ დიდი დრო, რვა თვეზე მეტი რჩება საპრეზიდენტო არჩევნებამდე, თუმცა, საარჩევნო პროცესი რახანია, დაწყებულია. იანვრიდან ივნისამდე ქვეყნის ყველა შტატში იმართება არჩევნები პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის გამოსავლენად - იმ ადამიანის ვინაობაზე შესათანხმებლად, რომელიც 6 ნოემბრის არჩევნებში დაუპირისპირდება პრეზიდენტ ბარაკ ობამას. რესპუბლიკელების ჯერ-ჯერობით ბოლო შიდაპარტიულმა არჩევნებმა - სამშაბათის პრაიმერებმა მიჩიგანისა და არიზონის შტატებში - გამარჯვება მოუტანა მიტ რომნის.

შიდაპარტიული არჩევნების მორიგ ეტაპზე მოპოვებული წარმატებით, მიტ რომნიმ გაიმყარა პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად ნომინირების შანსი. არიზონის პრაიმერიში მან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა: ხმების 47 პროცენტი მაშინ, როცა 20 პროცენტით ნაკლები ერგო რომნის ბოლოხანს ყველაზე სახიფათო მეტოქეს, რიკ სანტორუმს.

მიჩიგანში კი კონკურენცია გაცილებით უფრო მწვავე აღმოჩნდა. წინასწარი შედეგებით, რომნიმ სულ სამი პროცენტით აჯობა სანტორუმს. არადა, მიჩიგანია შტატი, სადაც რომნის განსაკუთრებით კარგად იცნობენ: თავის დროზე, მიტ რომნის მამა მიჩიგანის გუბერნატორი იყო, თან ძალიან პოპულარული გუბერნატორი. ის გარემოება, რომ მიტ რომნის ამ შტატში გამარჯვების მოპოვება გაუჭირდა, ექსპერტების შეფასებით, ცხადჰყოფს: რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად ნომინირებისათვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.
მით უფრო დასაფასებელი იყო მიტ რომნისთვის ბოლო წარმატებები: „რა მაგარი საღამოა! დიდი მადლობა ... მადლობა არიზონას - ბრწყინვალე გამარჯვებაა არიზონაში! და მადლობა მიჩიგანს. რა გამარჯვებაა! დიდებული საღამოა... მადლობა, ხალხო. თქვენ იცით, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ ექსპერტები და საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ხალხი ჩვენს ჩამოსაწერად ემზადებოდა“.

მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი, 64 წლის მიტ რომნი კარგა ხანი ითვლებოდა ფავორიტად საპრეზიდენტო არჩევნებისათვის რესპუბლიკელების კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლაში. მაგრამ რიკ სანტორუმის პოზიცია უცებ გაძლიერდა თებერვალში კოლორადოს, მინესოტის და მისურის პრაიმერებში მოპოვებული გამარჯვებებით.

მიჩიგანის შტატში შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ, სანტორუმმა აღიარა თავისი მარცხი, თუმცა, ის მაინც კმაყოფილი ჩანდა პრაიმერის შედეგით. „ძალიან მადლიერი ვარ, ძალიანი მადლიერი - ბევრი ადამიანის დღეს საღამოს! პირველ რიგში, მიჩიგანელებს უნდა მივმართო: ჩვენ მოვედით ჩემი ერთ-ერთი ოპონენტისათვის კარგად ნაცნობ ტერიტორიაზე და ჩავერთეთ დაპირისპირებაში, რომლის შესახებაც ყველა მეუბნებოდა „ამას შეეშვი, არანაირი რელაური შანსი არა გაქვსო“. მაგრამ მიჩიგანელებმა კანდიდატების გულებში ჩაიხედეს და მე მინდა, ერთადერთი რამ გითხრათ: მეც მიყვარხართ“, - განაცხადა რიკ სანტორუმმა.

სამშაბათის პრაიმერებში მონაწილეობდა პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაციისთვის მებრძოლი დანარჩენი ორი კანდიდატიც - წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი და კონგრესმენი რონ პოლი. თუმცა, მათ გაცილებით ნაკლები მხარდაჭერა ერგოთ.

რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნების შემდეგი, მნიშვნელოვანი ეტაპია მომავალი კვირის სამშაბათი, 6 მარტი - ე.წ. სუპერსამშაბათი, როცა პრაიმერები გაიმართება ერთბაშად 10 შტატში.

პრაიმერები, კოკუსები, საარჩევნო კოლეგიები, ყრილობები... შეერთებულ შტატებში რთული საარჩევნო სისტემა მოქმედებს პრეზიდენტის გამოსავლენად. ამიტომ ვაშინგტონში ჩვენი რადიოს კორესპონდენტ, ჰეზერ მაჰერს ვთხოვეთ, აეხსნა საარჩევნო პროცესის მთავარი ელემენტები და დებულებები. მის წერილობით განმარტებას ახლა გაგაცნობთ.

დავიწყოთ მარტივი სათქმელით: შეერთებული შტატების პრეზიდენტის მმართველობა ორი ვადით შემოიფარგლება - არაუმეტეს რვა წლით. პირველი ვადის შემდეგ, მოქმედი პრეზიდენტი (მოცემულ შემთხვევაში ბარაკ ობამა) ითვლება თავისი პარტიის დე ფაქტო კანდიდატად. შესაბამისად, დემოკრატები შიდაპარტიულ არჩევნებს არ მართავენ.

რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, იანვრიდან ივნისის ჩათვლით ყველა შტატში უნდა გაიმართოს შიდაპარტიული არჩევნები პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად. ზოგ შტატში (მაგალითად, აიოვაში) იმართება ე.წ. კოკუსი. ჩვენი კორესპონდენტი როგორც განმარტავს, კოკუსს უწოდებენ პარტიის წარმომადგენლების შეკრებას, სხდომას, რომელზეც იმართება დისკუსია სასურველი კანდიდატის შესარჩევად. თუმცა, შტატების უმრავლესობაში ტარდება პრაიმერები. პრაიმერი არის კენჭისყრა, რომლის დროსაც იყენებენ საარჩევნო ბიულეტენებს ამათუიმ კანდიდატის მხარდასაჭერად.

კანდიდატად დასახელების მსურველს უწევს ჩასვლა ყოველ შტატში, სადაც შიდაპარტიული არჩევნებისათვის ემზადებიან, უწევს დიდი მანძილების გავლა, რიგით ამომრჩეველთან შეხვედრა, მისთვის საკუთარი შეხედულებების ახსნა, მხარდაჭერის თხოვნით გამოსვლა მრავალათასიან შეკრებებზე, თუ რამდენიმეკაციან შეხვედრებზე. მოკლედ, უწევს, თავი გაართავს რთულ, დამღლელ წინასაარჩევნო კამპანიას, რასაც, ბუნებრივია, ყველა ვერ ახერხებს. ამჟამად, რესპუბლიკელების კანდიდატად ნომინირებისათვის ბრძოლაში დარჩენილია ოთხი კანდიდატი სულ 11-დან, რომელმაც გასული წლის ბოლოს გამოთქვა კანდიდატად დასახელებისათვის ბრძოლის სურვილი.

თითოეულ შტატში გამართული შიდაპარტიული არჩევნების შედეგი განსაზღვრავს იმას, თუ შტატის რამდენი დელეგატი დაუჭერს მხარს კონკრეტულ კანდიდატს პარტიის საერთო ყრილობაზე, რომელიც ზაფხულში, 27 აგვისტოს ჩატარდება. ამ ყრილობაზე ოფიციალურად უნდა დაასახელონ პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი. მთელს შეერთებულ შტატებში რესპუბლიკელი დელეგატების რიცხვია 2061. პარტიის კანდიდატად ნომინირებისათვის საჭიროა 1144 დელეგატის მხარდაჭერა.

ხმების რაოდენობით, ამჟამად ლიდერობს მიტ რომნი, რომელსაც განაღდებული აქვს 152 დელეგატის მხარდაჭერა. მას მოჰყვება რიკ სანტორუმი 72 დელეგატის ხმით, შემდეგ გინგრიჩი 32 და რონ პოლი 19 დელეგატის მხარდაჭერით.

მას შემდეგ, რაც რესპუბლიკური პარტია აგვისტოს ყრილობაზე ოფიციალურად დაასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატს, ორი თვეღა დარჩება არჩევნების დღემდე - 6 ნოემბრამდე. მანამდე რესპუბლიკელ კანდიდატ (ისევე როგორც მის დემოკრატ მეტოქეს) ისევ მოუწევს საარჩევნო კამპანიის გააქტიურება - სხვადასხვა შტატში მოგზაურობა ამომრჩევლებთან შესახვედრად, მოხსენებებით გამოვლა, მოუწევს ტელედებატებში მონაწილეობა.

მარტივად არ არის საქმე არც არჩევნების დღეს... შეერთებულ შტატებში პრეზიდენტს არც საყოველთაო კენჭისყრაზე ირჩევენ და არც საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე. იმართება საარჩევნო კოლეგიის სხდომა. კოლეგიის 538-მა წევრმა, რომელთაც პრეზიდენტის ამომრჩევლებს უწოდებენ, მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს სასურველ კანდიდატს, რომელსაც გამარჯვებისათვის, სულ ცოტა, 270 ხმა სჭირდება.

როგორც უნდა იყოს, უკვე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ამ ხანგრძლივი, რთული საარჩევნო პროცესის ფინალი: 2013 წლის 20 იანვარს, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ერთგულების ფიცს დადებს ან ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ან კიდევ მისი რესპუბლიკელი მეტოქე, რომლის ვინაობაც ჯერ არ ვიცით და რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში, 45-ე პრეზიდენტად მოევლინება შეერთებულ შტატებს.
XS
SM
MD
LG