Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების თაობაზე ომბუდსმენმა განცხადება გაავრცელა


პოლიციის შენობაში მოქალაქის გარდაცვალების გამო განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა. საუბარია 27 თებერვალს, ხაშურის პოლიციის სამმართველოს შენობაში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებაზე. შსს-ს განცხადებით, ქიმერიძე, რომელიც ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად პოლიციაში მიიყვანეს, მესამე სართულის კიბის მოაჯირიდან გადავარდნის შედეგად სასიკვდილოდ დაშავდა. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები 28 თებერვალს იმყოფებოდნენ ხაშურის პოლიციაში, რომლის უფროსის მოადგილის თქმით, კიბეზე ჩასვლისას სოლომონ ქიმერიძეს წინ მიუძღოდა სამმართველოს თანამშრომელი, არც მას და არც სხვებს ქიმერიძის კიბიდან გადავარდნის ფაქტი უშუალოდ არ დაუნახავთ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ დიდი სიმაღლის და წონის გამო შესაძლოა, მან წონასწორობა დაკარგა. ომბუდსმენის აპარატი აღნიშნავს, რომ სოლომონ ქიმერიძემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები პოლიციის კონტროლქვეშ ყოფნისას მიიღო და ნებისმიერი მსგავსი დაზიანება ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლით წარმოშობს პრეზუმფციას, რომ შესაძლოა, პირი არაადამიანური, ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყოს. ”მსგავს შემთხვევაში სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება აწარმოოს სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება და წარმოადგინოს დამაჯერებელი ახსნა-განმარტება, თუ რამ გამოიწვია დაზიანებები”, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის დღევანდელ განცხადებაში. ომბუდსმენი მოუწოდებს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას, გამოძიებისას ყურადღება გამახვილდეს იმ ფაქტობრივ გარემოებაზეც, რომ სოლომონ ქიმერიძე ხაშურის პოლიციაში მიიყვანეს პროცესუალური სტატუსის გარეშე. კერძოდ, ის არ იყო ბრალდებული, ან დაკავებული, თუმცა, ამავდროულად თავისუფლება ფაქტობრივად შეზღუდული ჰქონდა.
XS
SM
MD
LG