Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენის ოფისმა გაავრცელა განცხადება ტერაქტების გამო მსჯავრდებულთა მდგომარეობის მონიტორინგის შესახებ


საქართველოს ტერიტორიაზე 2010 წელს განხორციელებული ტერაქტების გამო მსჯავრდებულთა მდგომარეობის მონიტორინგის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა. მისი განმარტებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ მსჯავრდებულთა ადვოკატები ომბუდსმენისგან რეაგირებას ითხოვენ, შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს მანამდე სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან სათანადო რეაგირება არ ყოფილა. ომბუდსმენის პრესსამსახური აცხადებს, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი საკუთარი მანდატის ფარგლებში რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებს მსჯავრდებულების მერაბ ყოლბაიას, გოგიტა არქანიას და ჯონი აბულაძის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად და ისინი 13 აპრილიდან რამდენჯერმე მოინახულეს პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. მათ პატიმრებმა განუცხადეს, რომ რაიმე ზეწოლას არ განიცდიდნენ, თუმცა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ითხოვდნენ სააპელაციო სასამართლოში ყოველი სხდომის შემდეგაც. ომბუდსმენის პრესსამსახურის ინფორმაციით, შემდგომი შეხვედრების დროსაც მსჯავრდებულები აღნიშნავდნენ, რომ მათზე ზეწოლა არ ხდება და იგივე გაიმეორეს მას შემდეგაც, რაც ადვოკატების განცხადებით, ყოლბაიამ და არქანიამ ტერაქტებში მონაწილეობის თავდაპირველი ჩვენებები შეცვალეს. სახალხო დამცველის პრესსამსახურის ცნობითვე, მსჯავრდებულებმა განაცხადეს, რომ 23 აპრილს პროკურატურის წარმომადგენლები საპროცესო შეთანხმების თაობაზე გაესაუბრნენ, თუმცა, ზეწოლა და მუქარა არ ყოფილა. სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, რომ კვლავ განაგრძობს რეგულარულ მონიტორინგს ტერაქტების გამო მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევის პრევენციისთვის.
XS
SM
MD
LG