Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის და უკრაინის დელეგაციები მოლაპარაკებას ორშაბათსაც გააგრძელებენ


უკრაინის, აშშ-ის, გერმანიისა და ნატოს წარმომადგენლების შეხვედრა ბერლინში. 2025 წლის 14 დეკემბერი
უკრაინის, აშშ-ის, გერმანიისა და ნატოს წარმომადგენლების შეხვედრა ბერლინში. 2025 წლის 14 დეკემბერი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას ბერლინში ხუთ საათზე მეტი დროის განმავლობაში გამართა მოლაპარაკება აშშ-ის წარმომადგენლებთან, პოტენციური შედეგების გამოცხადების გარეშე - ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოლაპარაკება 15 დეკემბერსაც გაგრძელდება.

ზელენსკის 15 დეკემბერს უკვე ჰქონდა დანიშნული შეხვედრები წამყვან ევროპელ მხარდამჭერებთან - გერმანიის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებთან. ამ ეტაპზე უცნობია, ეს შეხვედრები დანიშნულ დროს გაიმართება, გადაიდება თუ აშშ-უკრაინის მოლაპარაკებასთან კომბინაციით გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის პრესმდივანმა დმიტრო ლიტვინმა 14 დეკემბერს, გვიან საღამოს თქვა, რომ აშშ-უკრაინის შეხვედრა "ხვალ დილიდან გაგრძელდება".

ზელენსკის, აშშ-ის წარმომადგენლებისა და ევროპის ლიდერების 14 და 15 დეკემბრის შეხვედრები მიემართება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ თითქმის ხუთი წლის განმავლობაში წარმოებული ომის დასრულებას - ეს კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპისთვის ყველაზე სისხლიანი ომი გახდა.

მოლაპარაკებებამდე ზელენსკიმ მიანიშნა შესაძლებლობაზე, რომ უკრაინა დათმობს ნატოში გაწევრიანების მიზანსწრაფვას, თუ სანაცვლოდ დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.

თუმცა ნატოში გაწევრიანების გამორიცხვა ზელენსკისთვის იოლი გადაწყვეტილება არ იქნება, რადგან ალიანსის წევრობა არის პოლიტიკის მიზანი, რომელიც უკრაინის კონსტიტუციაშია ჩაწერილი.

"უკრაინის სურვილი თავიდანვე იყო ნატოში გაწევრიანება - ეს არის უსაფრთხოების რეალური გარანტიები", - თქვა ზელენსკიმ 14 დეკემბერს ჟურნალისტის კითხვის პასუხად, პროგრამა WhatsApp-ით გამართულ მიმოწერაში.

"აშშ-ის და ევროპის ზოგიერთმა პარტნიორმა ამ მიმართულებას მხარი არ დაუჭირა".

"ამდენად, დღეს უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიები უკრაინასა და აშშ-ის შორის, მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიები ჩვენთვის აშშ-სგან და უსაფრთხოების გარანტიები ევროპელი კოლეგებისგან და სხვა ქვეყნებისგან - კანადისგან, იაპონიისგან - არის შესაძლებლობა, აღიკვეთოს რუსეთის მხრიდან კიდევ სხვა შემოჭრა".

"და ეს უკვე კომპრომისია ჩვენი მხრიდან", - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ამგვარი გარანტიები კანონით იქნება სავალდებულო.

სხვა მოთხოვნებს შორის, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ კიევს უნდა აეკრძალოს ნებისმიერი ნაბიჯი ნატოში გაწევრიანებისკენ. ნატოს ბევრი წევრი ქვეყანა, მათ შორის აშშ, გამორიცხავს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას - ყოველ შემთხვევაში, ამჟამინდელ ვითარებაში.

მოსკოვი თავისი პოზიციით დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ბერლინში მიმდინარე მოლაპარაკებებს - იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო წინადადების ფარგლებში უთანხმოება რჩება ტერიტორიის კონტროლისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე.

ბერლინის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.

აშშ-მა ნოემბერში წარმოადგინა 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, რუსეთის მოთხოვნებს მძლავრ უპირატესობას ანიჭებდა. კიევი და მისი ევროპელი მოკავშირეები შეეცადნენ შესწორებები და ცვლილებები შეეტანათ ამ დოკუმენტში, უკრაინის საჭიროებების უფრო მეტად ასახვის მიზნით.

"ეს გეგმა არ იქნება რაღაც, რაც ყველას მოეწონება, - უთხრა ზელენსკიმ ჟურნალისტებს მოლაპარაკებების დაწყებამდე და დასძინა, - ცხადია, არის ბევრი კომპრომისი, გეგმის ამა თუ იმ ვერსიაში".

თუმცა ნიშნები, რომ რუსეთი უპასუხებს უკრაინის სულისკვეთებას, არ იკვეთება. 14 დეკემბერს, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გამოვლისას, საგარეო საკითხებში პუტინის მრჩეველმა იური უშაკოვმა თქვა, რომ აშშ-ის სამშვიდობო გეგმისთვის შემოთავაზებული ცვლილებები "დიდად კონსტრუქციული არ არის".

ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, უკრაინაში და რუსეთშიც თავდასხმები გრძელდება.

უკრაინაში, ზაპოროჟიეში რუსეთის დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიჭრა ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი და ერთი მაშველი.

უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება თავისი დრონებით განხორციელებულ იერიშზე ნავთობის საწყობზე რუსეთში, ვოლგოგრადის რეგიონში, ურუპინსკში და ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოზე კრასნოდარის მხარეში.

ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე კვირაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა თავდასხმები განახორციელა 1500-ზე მეტი დრონით, 900-მდე ბომბით და სხვადასხვა ტიპის 46 რაკეტით.

"რუსეთი ომს აჭიანურებს და ცდილობს ჩვენს ხალხს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG