Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არჩევანის თავისუფლებისთვის" სპეციალური განცხადებას ავრცელებს ბიძინა გიორგობიანის დაჯარიმების გამო


კოალიციამ "არჩევანის თავისუფლებისთვის" კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ბიძინა გიორგობიანის დაჯარიმების გამო სპეციალური განცხადება გაავრცელა. ფონდ "ქომაგისთვის" შემოწირულობის სახით 90 ათასი ევროს უკანონოდ გადარიცხვის მოტივით გიორგობიანი 900 000 ევროთი ამ კვირაში დააჯარიმეს. კოალიცია აღნიშნავს, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ წარუდგენია "ქართულ ოცნებასთან" გიორგობიანის კავშირის არანაირი მტკიცებულება და ის მოიხსენია კონსერვატიული პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივნად, თუმცა, ბიძინა გიორგობიანი გერმანიის მოქალაქეა და საქართველოს კანონმდებლობით პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება არა აქვს. კოალიცია ხაზს უსვამს, რომ კონსერვატიული პარტიის წევრობა უარყო თავად გიორგობიანმაც, რაც ცნობილი უნდა ყოფილიყო კონტროლის პალატისთვის. ”არჩევანის თავისუფლებისთვის” ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ”ქომაგს” თანხა გადაურიცხა არა პირადად მან, არამედ გერმანულმა საქველმოქმედო ფონდმა, ამიტომ კონტოლის პალატა ვალდებულია სწორედ ამ ორგანიზაციის მიერ თანხის გადარიცხვის უკანონობა დაუმტკიცოს საზოგადოებას და ჯარიმაც მას დააკისროს. კოალიციის განმარტებით, კონტროლის პალატამ ფონდი "ქომაგი" კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულად გამოაცხადა გერმანიიდან შემოწირულობის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ და შესაბამისად, ბიძინა გიორგობიანს თანხის გადარიცხვის მომენტში არ შეიძლება სცოდნოდა ფონდზე პარტიებისთვის დადგენილი შეზღუდვების გავრცელების ფაქტი. ”თუნდაც ეს ფაქტები საკმარისია იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ შევიტანოთ საფუძვლიანი ეჭვი პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გადაწყვეტილების კანონიერებასა და პოლიტიკურ მიუკერძოებლობაში”, - ნათქვამია ”არჩევანის თავისუფლებისთვის” განცხადებაში. კოალიციას ამ მოსაზრებას უძლიერებს ის ფაქტიც, რომ ”კონტროლის პალატა, რომელიც საოცარი სისწრაფით იღებს გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ ორგანიზაციის "ქართული ოცნებასთან" დაკავშირებულ პირად გამოცხადებისა და მათი ასტრონომიული თანხებით დაჯარიმების თაობაზე, არანაირ რეაგირებას არ ახდენს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ კანონდარღვევის მრავალრიცხოვან ფაქტებზე.” კოალიციამ უშიშროების საბჭოს უწყებათშორის კომისიას მიმართა, დაინტერესდეს როგორც გიორგობიანის წინააღმდეგ კონტროლის პალატის უკანონო გადაწყვეტილებით, ისე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აშკარა კანონდარღვევის ფაქტებით და პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უმოქმედობის მიზეზებით.
XS
SM
MD
LG