Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა პატივი მიაგო სრებრენიცაში მოკლულთა ხსოვნას


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში ვიზიტისას მოინახულა სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის ადგილი და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. მან ყვავილებით შეამკო სრებრენიცასთან მდებარე პოტოკარის სასაფლაო, მივიდა კედელთან, რომელზეც ამოტვიფრულია სრებრენიცასთან 1995 წლის ივლისში დახოცილი 8000-მდე მუსლიმი მამაკაცისა და ბიჭის სახელები. სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა მიჩნეულია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ჩადენილ ყველაზე მასშტაბურ დანაშაულად. ბოსნიელი სერბების ჯარებმა მუსლიმი მამაკაცები და ბიჭები დახოცეს სრებრენიცასთან გაეროს სამშვიდობო ძალების ყოფნის მიუხედავად. ცისფერჩაფხუტიანებმა ვერ შეუშალეს ხელი დანაშაულის ჩადენას. ბან კი-მუნი არის გაეროს პირველი ლიდერი, რომელიც სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის ადგილას ჩავიდა. მან ოთხშაბათს სარაევოში ბოსნიელ კანონმდებლებს განუცხადა, რომ გაერომ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ პასუხისმგებლობას კრიზისის დროს. ბოსნია-ჰერცეგოვინაში ვიზიტი არის ყოფილ იუგოსლავიაში შემავალ ქვეყნებში ბან კი-მუნის ტურნეს ბოლო ეტაპი.
XS
SM
MD
LG