Accessibility links

ახალი ამბები

ქაბულში მომხდარმა აფეთქებამ რვა ადამიანი იმსხვერპლა

ქაბულის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამშაბათს დილას თალიბანის მიერ დისტანციური მართვის ბომბის აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი დაიჭრა. ქაბულის პროვინციის გუბერნატორმა ვასიულა მიახაილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ სამიზნე ავღანეთის ეროვნული არმიის ჯარისკაცებით სავსე ავტობუსი იყო. ამის ნაცვლად კი სამხედრო მანქანის უკან მიმავალი, სამოქალაქო პირებით სავსე მიკროავტობუსი აფეთქდა. ყველა გარდაცვლილი მამაკაცია. ისინი ქაბულის გარეუბანში, სამუშაოდ მიდიოდნენ. უშიშროების ძალებმა დააკავეს მამაკაცი, რომელსაც, სავარაუდოდ, ხელში დისტანციური მართვის დეტონატორი ეჭირა. პოლიციის ცნობით, ეს მამაკაცი თალიბანის წევრია.

ყველა ახალი ამბავი

მაიკ პენსი ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს, გავიდნენ ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, გავიდნენ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმებიდან.

„დადგა დრო, ჩვენი ევროპელი მეგობრები მხარში ამოგვიდგნენ და მხარში ამოუდგნენ ირანელ ხალხს“, განაცხადა პენსმა გერმანიის ქალაქ მიუნხენში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე.

მისივე თქმით, დადგა დრო, ამერიკის ევროპელი პარტნიორები გავიდნენ ირანთან შეთანხმებიდან. ამ შეთანხმებით, მსოფლიოს ექვსმა სახელმწიფომ - აშშ-მა, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ - ირანთან მოილაპარაკა მისთვის სანქციების შემსუბუქებაზე ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

აშშ შარშან გავიდა შეთანხმებიდან, რომელსაც მკაცრად აკრიტიკებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მაგრამ ყველა დანარჩენი ხელმომწერი ქვეყანა შეთანხმების გადარჩენას ცდილობს.

მიუნხენის კონფერენციაზე პენსის გამოსვლამდე, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაიცვა ირანთან დადებული შეთანხმება, როგორც ბერკეტი დასავლეთისათვის ირანზე ზეწოლის მოსახდენად.

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი: დეკანოზი გიორგი მამალაძე ეზიარა

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი ნიკოლოზ გიგატაძე.

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, ნიკოლოზ გიგატაძემ ღუდუშაურის კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა და აზიარა - იტყობინება სააგენტო "ინტერპრესნიუსი".

„მოსული ვიყავი, მამა გიორგი შეუძლოდ გახლდათ. ამჟამად მოთავსებულია საავადმყოფოში და ამან დააჩქარა მისი ზიარების საკითხი. ორშაბათისთვის უნდა ჩამოვსულიყავი და უნდა მეზიარებინა, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ავად გახდა, ვამჯობინე დამეჩქარებინა, დღეს ჩამოვსულიყავი და მეზიარებინა. ღვთის წყალობით ეზიარა მამაო. იმედია, მალე განიკურნება. როგორც ვიცით, მამაოს ინსულტი ჰქონდა და მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული. იმედია, ღვთის წყალობით კარგად გახდება. ნანობს თუ არა, ეს უკვე აღსარების საკითხია. მამაოს გადაადგილება არ შეუძლია", - განაცხადა მამა ნიკოლოზ გიგატაძემ.

მისივე თქმით, უცნობია როდის დატოვებს დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკას.

ირანში ათასობით ადამიანი დაესწრო პაკისტანის საზღვართან მოკლული გვარდიელების დასაფლავებას

ირანში ათასობით ადამიანი დაესწრო 13 თებერვალს პაკისტანის საზღვართან მოკლული 27 ადამიანის დასაფლავებას. ისინი ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსში მსახურობდნენ.

გვარდიელები მიწას მიაბარეს ცენტრალური ირანის ქალაქ ისპაჰანში, სადაც მათი ელიტური სამხედრო შენაერთის ბაზა მდებარეობს. დასაფლავებაზე იძახდნენ ლოზუნგებს „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს.

ისლამური რევოლუციური გვარდიის სარდალი, გენერალი მოჰამად ალი ჯაფარი დაიმუქრა, რომ თავდასხმის გამო საპასუხო ზომებს მიმართავს მეზობელი საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ.

მანამდე მან განაცხადა, რომ აშშ-მა და ისრაელმა დაავალეს ორ არაბულ სახელმწიფოს თავდასხმის მოწყობა. ირანელ გენერალს არ უთქვამს, რა ფაქტებს ეფუძნება მისი ბრალდება.

სუნიტი მუსლიმი ექსტრემისტების ჯგუფმა „ჯაიშ ალ-ადლმა“ აიღო პასუხისმგებლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში, პაკისტანის საზღვართან აფეთქებაზე, რომელიც თვითმკვლელმა მოაწყო. ექსტრემისტების ეს ჯგუფი აცხადებს, რომ მოითხოვს ირანში ბალუჯების ეთნიკური უმცირესობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მიუნხენში საფუძველი ჩაეყარა დიპლომატიურ ურთიერთობას საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის

16 თებერვიდან საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები დამყარდება. შესაბამის ოქმს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნიკოლა დიმიტროვმა მოაწერეს ხელი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრისას.

მაკედონიას 12 თებერვლიდან ოფიციალურად ეწოდება „ჩრდილოეთი მაკედონია“, რასაც ითვალისწინებს საბერძნეთთან მიღწეული შეთანხმება.

11 იანვარს სკოპიეში პარლამენტმა დაამტკიცა ოთხი შესწორება კონსტიტუციაში - მათ შორის შესწორება სახელწოდების შეცვლის შესახებ. სახელწოდების გამო მეზობელ საბერძნეთთან დავა მრავალი წელი აფერხებდა ნატოსა და ევროკავშირში იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის გაწევრიანებას.

სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში რამდენიმე სართული ჩაინგრა

სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ერთ-ერთ შენობაში რამდენიმე სართული ჩაინგრა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, მსხვერპლი არ არის.

ეს ცნობა ვრცელდება საგანგებო მდგომარეობათა სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. მათივე განცხადებით, შენობიდან მშვიდობიანად გაიყვანეს 81 სტუდენტი.

შაბათ საღამოს შენობის ჩანგრევის მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ. ის ეკუთვნის სანქტ-პეტერბურგის საინფორმაციო ტექნოლოგიების, მექანიკისა და ოპტიკის ეროვნულ კვლევით უნივერსიტეტს (ITMO).

თეთრი სახლის პრეს-მდივანი ადასტურებს, რომ გამოკითხა აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა

თეთრი სახლის პრეს-მდივანი სარა სანდერსი ადასტურებს, რომ ის გამოკითხა აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა, რომელსაც ევალება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 2016 წელს რუსეთის სავარაუდო ჩარევისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდთან რუსეთის შესაძლო კავშირის გამოძიება.

„პრეზიდენტმა მომიწოდა, ისევე როგორც ყველას (ვაშინგტონის) ადმინისტრაციაში, სრულად ვითანამშრომლო სპეციალურ პროკურორთან. მე სიამოვნებით, ნებაყოფლობით ვესაუბრე მას“, უთხრა სანდერსმა 15 თებერვალს ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ს.

მას დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ, ცნობების თანახმად, სანდერსი გამოკითხეს, დაახლოებით, იმავე პერიოდში, როცა მიულერი ესაუბრა ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, ჯონ კელის.

გამძიების მსვლელობაში, მიულერმა გამოკითხა პრეზიდენტის გუნდის ბევრი სხვა წევრიც.

სარა სანდერსი 2016 წელს მრჩევლად ჩაერთო ტრამპის საარჩევნო კამპანიაში და 2017 წლის ივლისში გახდა თეთრი სახლის პრეს-მდივანი.

ტრამპი უარყოფს რუსეთთან კავშირის ბრალდებას. ის პოლიტიკურ „კუდიანების დევნად“ მიიჩნევს გამოძიებას. ეს მეტაფორა სანდერსსაც აქვს გამოყენებული მიულერის მუშაობაზე საუბრისას.

მოსკოვში სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა საინვესტიციო ფონდის დამფუძნებელ მაიკლ კალვის

მოსკოვის სასამართლომ 13 აპრილამდე პატიმრობა შეუფარდა საინვესტიციო ფონდ „ბერინგ ვოსტოკის“ დამფუძნებელ მაიკლ კალვის - აშშ-ის მოქალაქეს, რომელსაც ფართო მასშტაბის თაღლითობაში ადანაშაულებენ.

კალვი ითხოვდა აღკვეთის განსხვავებულ ზომას, მაგრამ ამოძიება ირწმუნება, რომ, რახან კალვი ამერიკელია, არსებობს მისი მიმალვის საფრთხე.

„ბერინგ ვოსტოკი“ არის რუსეთში პირდაპირი ინვესტიციების ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ფონდი.

გამოძიების ვერსიით, მაიკლ კალვიმ შექმნა თაღლითური სქემა ბანკ „ვოსტოჩნიდან“ 2,5 მილიარდი რუბლის მისათვისებლად. საქმე აღიძრა ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრის, შერზოდ იუსუპოვის განცხადების საფუძველზე.

მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ცნობები ბანკის აქციონერთა - „ბერინგ ვოსტოკის“ სტრუქტურებსა და არტიომ ავეტისიანს - შორის კონფლიქტის შესახებ.

კალვიმ 15 თებერვალს გამოთქვა ვარაუდი, რომ მისი დაკავება სწორედ ამ კონფლიქტს უკავშირდება. ის უარყოფს თაღლითობის ბრალდებას.

გარდაიცვალა გამოჩენილი შვეიცარიელი მსახიობი, ბრუნო განცი

77 წლის ასაკში გარდაიცვალა შვეიცარიელი მსახიობი ბრუნო განცი, ცნობილი როლებით, რომლებიც შესრულებული აქვს ვიმ ვენდერსის ფილმში „ცა ბერლინის თავზე“ და ოლივერ ჰირშბიგელის „ბუნკერში“.

განცი გარდაიცვალა მშობლიურ ქალაქ ციურიხში, სადაც დაიბადა 1941 წლის 22 მარტს. კინოში პირველი როლები ერგო 60-იან წლებში. სულ გადაღებულია 30-ზე მეტ კინოფილმში.

2004 წელს გამოსულ „ბუნკერში“ (Der Untergang), რომელიც ნაცისტური რეჟიმის ლიდერის ბოლო დღეებს ასახავს, ის ჰიტლერს განასახიერებს.

ბრუნო განცი ამავე დროს იყო გერმანულენოვანი თეატრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ცნობილი მსახიობი, სხვადასხვა სცენაზე აქვს განსახიერებული ოიდიპოსი, ოდისევსი, ფაუსტი.

1996 წელს განცს მიენიჭა აუგუსტ ვილჰელმ იფლანდის ბეჭდის ტარების პრივილეგია, რომელიც მსახიობს სიცოცხლის ბოლომდე უნარჩუნდება. ბეჭედზე გამოსახულია მე-18 საუკუნის გერმანელი მსახიობისა და დრამატურგის პორტრეტი. იფლანდის ბეჭედი მისი მფლობელის ანდერძით გადაეცემა შემდეგ მფლობელს - გერმანულენოვანი თეატრის საუკეთესო ხელოვანად მიჩნეულ პირს.

პენსი: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთს ახდევინებს საფასურს მისი პოლიტიკისათვის

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთს ახდევინებს საფასურს უკრაინის მიმართ პოლიტიკის, ინგლისში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის მცდელობისა და ბირთვული შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების დარღვევისათვის.

რუსეთთან ურთიერთობის თემა პენსმა ახსენა მიუნხენში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე.

მანვე გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ზოგი ნატოელი მოკავშირე იარაღის ყიდვას ამჯობინებს „აღმოსავლეთში და არა დასავლეთში“. მან, როგორც ჩანს, იგულისხმა თურქეთი, რომელმაც რუსეთთან დადო კონტრაქტი ეს-400 ტიპის ანტისაჰაერო სისტემების შესყიდვის შესახებ.

მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლისას, პენსმა ევროკავშირს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ირანთან მიმართებით აშშ-ის მკაცრ პოზიციას და, ასევე ვაშინგტონის მსგავსად, ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად აღიარონ ხუან გუაიდო.

„დადგა დრო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისათვის, შეწყვიტონ ირანის მიმართ სანქციების რეჟიმისათვის ძირის გამოთხრა“, განაცხადა პენსმა.

მანამდე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელეა ასევე მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლისას დაიცვა ევროპის მიდგომა ირანის საკითხში.

ირანელი მინისტრი ადასტურებს, რომ კვლავ წარუმატებლად დამთავრდა კოსმოსში თანამგზავრის გაშვების მცდელობა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა დაადასტურა, რომ თებერვლის დასაწყისში ისევ წარუმატებლად დამთავრდა კოსმოსში თანამგზავრის გაშვების მცდელობა. ეს იყო ორ თვეში მეორე ასეთი წარუმატებლობა.

ზარიფმა ტელეკომპანია ენ-ბი-სი ნიუს-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მომხდარის მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ, მაგრამ ხელისუფლება გამოიძიებს, იყო თუ არა ეს მიზეზი აშშ-ის მხრიდან საბოტაჟი.

13 თებერვალს გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გამოაქვეყნა რეპორტაჟი, რომელშიც ერყდნობა ვაშინგტონის ადმინისტრაციის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების მონათხრობს, რომ თეთრმა სახლმა აამუშავა საიდუმლო პროგრამა ირანის რაკეტებისათვის საბოტაჟის მოსაწყობად.

ზარიფის თქმით, ირანი იძიებს წარუმატებლობის მიზეზებს, მაგრამ ახლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კონკრეტულ დეტალებს „ნიუ-იორკ ტაიმსის“ სტატიის გამო.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელს ჯერ არ უპასუხია თხოვნაზე კომენტარის შესახებ.

სანქტ-პეტერბურგის მთავრობა არ იძლევა ნებართვას ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემი მსვლელობის გასამართად

სანქტ-პეტერბურგი, 2017 წლის 26 თებერვალი: ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა

სანქტ-პეტერბურგის ხელისუფლება არ იძლევა ნებართვას არც ერთ მარშრუტზე, რომელიც შესთავაზეს ოპოზიციონერებმა ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობის გასამართად.

ორგანიზატორებს სურთ, 24 თებერვლის აქციით აღნიშნონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობის მეოთხე წლისთავი. მოძრაობა „საპროტესტო პეტერბურგმა“ 16 თებერვალს დაწერა სოციალურ მედიაში მსვლელობის ნაბერთვაზე სანქტ-პეტერბურგის ხელისუფალთა უარის შესახებ.

ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა ბოროს ვიშნევსკიმ ფეისბუკში დაწერა, რომ ხელისუფლება ორგანიზატორებს სთავაზობს მიტინგისა და მსვლელობის გამართვას პოლუსტროვოს პარკის მიდამოებში, რაც ცენტრიდან, დაახლოებით, ხუთ კილომეტრში მდებარეობს. ეს დაცინვაა და ვიჩივლებთო, წერს ვიშნევსკი. ნემცოვი მოკლეს 2015 წლის 27 თებერვალს, მოსკოვში.

მას შემდეგ სანქტ-პეტერბურგში ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობები იწყებოდა ხოლმე ლენინის მოედანზე. იქიდან აქციის მონაწილეები მიდიოდნენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლისადმი მიძღვნილ მემორიალთან, სოლოვეცკი კამენთან, სადაც ნემცოვის პორტერტს ტოვებდნენ.

მამუკა ბახტაძე მაიკ პენსს შეხვდა

მამუკა ბახტაძე და მაიკ პენსი მიუნხენში

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხანმოკლე შეხვედრა ჯონ მაკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე შედგა.


„საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ურთიერთობებს, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

"საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერის, ჯონ მაკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს დიდ მეგობართან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა.

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ყველა მიმართულებით ვმუშაობთ ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად",- წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

მერკელი: გერმანია კვლავაც ემხრობა რუსეთის მიმართ სანქციებს, მაგრამ არ სურს ურთიერთობის გაწყვეტა

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ბერლინი კვლავაც ემხრობა რუსეთის მიმართ სანქციებს, რომლებიც ევროკავშირმა დაუწესა ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გამო.

ამასთან მერკელმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ სწორი არ იქნებოდა მოსკოვთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაწყვეტა. კერძოდ, მერკელმა „პოლიტიკურად არასწორი“ უწოდა მოწოდებას, შეუწყდეს რუსეთს წვდომა გაზის ევროპულ ბაზარზე. მისი აზრით, ევროკავშირისათვის მომგებიანი არ იქნებოდა, თუ რუსეთი თავისი კონტაქტებით მთლიანად გადაეწყობა ჩინეთზე.

კანცლერმა კონფერენციის მონაწილეებს შეახსენა, რომ ცივი ომის წლებშიც კი ევროპა საბჭოთა კავშირიდან იღებდა გაზს. მისი აზრით, საჭიროა გაგრძელდეს უკრაინაზე ტრანზიტით გაზის იმპორტი და უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპას ეს გაზიც რუსეთიდან მიეწოდება.

მერკელის გამოსვლის ეს ნაწილი, თავისი არსით, იყო პოლემიკა აშშ-ის პოზიციასთან. ვაშინგტონი ხშირად აკრიტიკებს რუსეთსა და გერმანიას შორის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენელობას.

თავის მხრივ, მერკელმა აშშ გააკრიტიკა პროტექციონისტული ეკონომიკური ზომებისათვის, როცა აღნიშნა, რომ გერმანიის ავტომანქანები არ უქმნის საფრთხეს ამერიკულ ბაზრებს.

თავისი გამოსვლისას, კანცლერმა ისაუბრა ნატოს მნიშვნელობაზეც. მისი აზრით, თანამედროვე მსოფლიოს სჭირდება ასეთი თავდაცვითი კავშირები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ანაკლია და განმუხური ზაფხულისთვის მოემზადება

ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდებიან, - იტყობინება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო წმუნებულის ადმინისტრაცია.

„ზღვის სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები დაიგება, მოხდება საფეხმავლო ხიდთან არსებული კაფე-რესტორანის რეაბილიტაცია, აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული ამფითეატრი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ მინი-ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს.

რეაბილიტაცია ასევე ჩაუტარდება ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდს. მოეწყობა ველობილიკი, გარე განათება, სველი წერტილები, გასახდელები, დამონტაჟდება ახალი სანაგვე ურნები“, - აღნიშნულია რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილ წერილობით განცხადებაში.

გიგი უგულავა: „ქართულ ოცნებას“ არცკი დაუწყია დაგეგმილი მსხვილი პროექტების განხორციელება

გიგი უგულავა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არ შეასრულა დაპირებული და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები. ამ თემას 17 თებერვალს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.

გიგი უგულავას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი 12 პროექტი, რომლის ჯამური ხარჯი 169 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც უგულავა აღნიშნავს, ინფორმაცია აუდიტის სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა და პროექტები გაწერილი იყო 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.

ჩამონათვალში შედის:

  • ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობა - 11 მილიონი ლარი;
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სატრანსპორტო კვანძის მოწყობა - 10 მილონი ლარი,;
  • მარნეულში მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა - 5 მილიონი ლარი;
  • ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია - 12 მილიონი ლარი;
  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობა - 53 მილონი ლარი;
  • მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა - 10 მილონი ლარი;​
  • თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა - 25 მილიონი ლარი;
  • საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი - 1 მილიონი ლარი;
  • ქობულეთის წყალანირების პროექტი - 3 მილიონი ლარი;
  • თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი - 10 მილიონი ლარი;
  • აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - 4 მილიონი ლარი;​
  • თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა - 25 მილიონი ლარი.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის შეფასებით, ეს არის კლასიკური მაგალითი ქვეყნის ცუდი მართვისა და იმისა, თუ „რას ნიშნავს უნიათობა და უვიცობა, რომელიც დანაშაულის ტოლფასია“.

გიგი უგულავა პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ მთავრობას აკისრებს.

მისი თქმით, „ივანიშვილის მიერ პრემიერად მივლინებული პირი, ბატონი ბახტაძე, როცა ბიუჯეტი იგეგმებოდა, იყო ფინანსთა მინისტრი - ანუ ის სრულად არის პასუხისმგებელი დაგეგმვაზე და შესრულებაზე“.

„გვჭირდება თუ არა ეს პროექტები ჩვენ? გასაგებია, რომ ანაკლიის პორტისკენ მიმავალი გზა გადაჰყვა (მამუკა) ხაზარაძეს,

მაგრამ 10 მილიონი ლარი თბილისის სკოლების ენერგოეფექტურობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რატომ არ დაიხარჯა? რატომ არ დაიხარჯა თანხა “ - აღნიშნა გიგი უგულავამ 16 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი ცდილობს, დასავლეთს უბიძგოს ახალი გამალებული შეიარაღებისაკენ

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, გევინ უილიამსონის აზრით, რუსეთი ცდილობს, დასავლეთს უბიძგოს ახალი გამალებული შეიარაღებისაკენ. მან მოსკოვს მოუწოდა, დიალოგის მეშვეობით მოახდინოს გადატვირთვა დასავლეთთან ურთიერთობაში.

15 თებერვალს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას, უილიამსონმა ხაზი გაუსვა ნატოს მნიშვნლობას. მისი აზრით, ალიანსის მნიშვნელობა გაზრდილია, რადგან ძველი მოწინააღმდეგე კვლავ დაბრუნდა „თამაშში“.

ბრიტანელი მინისტრის განცხადებით, რუსეთი არღვევს ცივი ომის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის შესახებ და ცდილობს, დასავლეთს უბიძგოს ახალი გამალებული შეიარაღებისაკენ, რომლითაც ის არ არის დაინტერესებული და რომელიც მას არ სურს.

ვაშინგტონმა 2 თებერვალს დაიწყო INF-დან (ხელშეკრულება საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული და კონვენციური რაკეტების შესახებ) გასვლის პროცესი მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ნატომ რამდენჯერმე დაადანაშაულეს მოსკოვი ხელშეკრულების დარღვევაში.

ხელშეკრულება ხელმომწერებს უკრძალავს 500-დან 5500-მდე კილომეტრი რადიუსის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ფლობას, წარმოებსა და განთავსებას.

აშშ-ში შეიარაღებულმა პირმა მოკლა ხუთი თანამშრომელი. მოკლულია თავდამსხმელიც

შეერთებულ შტატებში შეიარაღებულმა პირმა სამუშაო ადგილას მოკლა ხუთი თანამშრომელი და დაჭრა ხუთი პოლიციელი. სამართალდამცველებთან ურთიერთსროლის დროს მოკლულ იქნა თავდამსხმელიც.

ინციდენტი მოხდა ილიონის შტატში, ჩიკაგოს დასავლეთით 65-მდე კილომეტრში მდებარე ქალაქ ავრორაში.

პოლიციამ დაასახელა თავდამსხმელის ვინაობა. 45 წლის გერი მარტინი ახალი დათხოვნილი იყო სამსახურიდან, კომპანია „ჰენრი პრეტიდან“, სადაც 15 წელი იმუშავა.

ავრორის პოლიციის უფროსის, კრისტენ ზიმენის განცხადებით, მუშაობენ იმის დასადგენად, კანონიერად შეიძინა თუ არა მარტინმა იარაღი, რომელიც მან თავდასხმისას გამოიყენა.

სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს გაანადგუროს საშუალო სიშორის რაკეტები

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, რომ დაიცვას INF-ის ( საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული და კონვენციური რაკეტების შესახებ) ხელშეკრულების პირობები და გაანადგუროს მის ხელთ არსებული საშუალო სიშორის რაკეტები. „მაგრამ ჩვენ ასევე ვემზადებით მსოფლიოსათვის, INF-ის გარეშე და მეტი რუსული რაკეტებით ევროპაში. ნატომ უკვე დაიწყო ეს სამუშაო, რომლის შედეგსაც არ ვიწინასწარმეტყველებ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 15 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

დღის წესრიგის თანახმად, 16 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.

ვაშინგტონმა 2 თებერვალს დაიწყო INF-დან გასვლის პროცესი მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ნატომ რამდენჯერმე დაადანაშაულეს მოსკოვი ხელშეკრულების დარღვევაში.

ხელშეკრულება ხელმომწერებს უკრძალავს 500-დან 5500-მდე კილომეტრი რადიუსის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ფლობას, წარმოებსა და განთავსებას.

პოლ მანაფორტს შესაძლოა, 24 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდეს

აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტს შესაძლოა 19-დან 24 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდეს გადასახადებისთვის თავის არიდებისა და თაღლითობის ბრალდებების საფუძველზე.

აშშ-ის სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ადმინისტრაციამ 15 თებერვალს სასამართლოს წარუდგინა განაცხადი, რომ მიულერი ეთანხმება პატიმრობის ვადების ფედერალურ რეგულაციას, რომელიც მანაფორტისათვის წაყენებული ბრალდებებისთვის განსაზღვრავს პატიმრობის ვადას 235-დან 293 თვემდე.

ათ წელზე მეტი მანაფორტი იქცეოდა, თითქოს კანონზე მაღლა ყოფილიყო და ფედერალურ მთავრობასა და სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტს უმალავდა მილიონობით დოლარს, - ნათქვამია პროკურორების განცხადებაში. მასში აღნიშნავენ ასევე, რომ 69 წლის მანაფორტის ასაკი არ უნდა გახდეს პატიმრობის ვადის შემცირების მიზეზი. ის მონაწილეობდა მოწმეებზე გავლენის მცდელობაში, როცა უკვე წაყენებული ჰქონდა ბრალდება.

თუ ვირჯინიის შტატის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ტ.ს. ელისი გაიზიარებს ამ არგუმენტებს, მანაფორტი შესაძლოა, სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს ციხეში. განაჩენის გამოცხადების ვადა ჯერ არ არის დადგენილი.

ჭოგნარელები ნაგავსაყრელის შესახებ: ჯობს დავიღუპოთ, ვიდრე ჩვენი შთამომავლობა მოიწამლოს

17 თებერვლიდან ჭოგნარელები კარვების გაშლასა და შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.

თერჯოლის მინიციპალიტეტის სოფელში საპროტესტო აქცია სწორედ იმ ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ნაგავსაყრელი უნდა განთავდეს.

ჭოგნარელების ნაწილმა დაგეგმილი აქციის შესახებ 16 თებერვალს, ქუთაისში პრესკლუბ „მედიარუმში“ ისაუბრა.

ჭოგნარის მკვიდრის, ზურაბ გორგოძის განცხადებით, სოფელში ნაგავსაყრელის მოწყობას არ დაუშვებენ, სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეთ, რადგან „ნაგავსაყრელი ეკოლოგიურ და ეკონომიკურ კატასტროფას გამოიწვევს“.

ჭოგნარის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას რამდენიმე მიზეზით ეწინააღმდეგება: სოფელს აღარ ექნება საძოვრები და დაბინძურდება წყაროები, საიდანაც მოსახლეობა სასმელ წყალს იღებს.

„ეს გენოციდის ტოლფასია, რადგან რეგიონული ნაგავსაყრელი კეთდება ჭოგნარში... ეს საფრთხეს უქმნის მიმდებარე სოფლებსაც და ქუთაისსაც, სადაც აღმოსავლეთის ქარი სუნსა და ნარჩენს წაიღებს“, - ამბობს ზურაბ გორგოძე.

მოსახლეობა მიმართავს ადგილობრივ ხელისუფლებას, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ნაგავსაყრელის მოსაწყობად ალტერნატიული ადგილი შეარჩიონ და 1 მარტიდან არ დაუშვან ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყება.

დეკანოზი მამალაძე საავადმყოფოში რჩება

დოკუმენტზე ხელის მოწერა იყო საჭირო და მარჯვენა ხელით ვერ მოაწერა, - უთხრა რადიო თავისუფლებას დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.

ადვოკატი დეკანოზთან კლინიკაში გამთენიის ხუთი საათისთვის შეუშვეს.

„მეტყველების პრობლემა აქვს, მარჯვენა მხარეს შეზღუდული აქვს კიდურების მოძრაობა. დოკუმენტზე ხელის მოწერა იყო საჭირო და მარჯვენა ხელით ვერ მოაწერა. ლაპარაკია ინსულტზე. როგორც ექიმებმა გვითხრეს, ინფარქტი თითქმის გამოირიცხა“, - განაცხადა ფანცულაიამ.

ოდნავ მოგვიანებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა. მისი თქმით, მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკიდან მისი გაწერა ჯერჯერობით გამორიცხულია.

„არასახარბიელო მდგომარეობა აქვს, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. პირადად შევხვდი მამა გიორგის. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე კლინიკიდან გაწერა გამორიცხულია, რადგან სტაბილური მდგომარეობა არ აქვს. ინსულტის ნიშნები არის, მაგრამ კერას ვერ ნახულობენ. მაგის ძიებაში არიან," - განაცხადა რამიშვილმა.

წინასწარი კვლევებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური ფორმის სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, მარინა გელანტიამ.

„წუხელ, გვიან ღამით შემოყვანილ 34 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა დაბუჟებისა და სისუსტის შეგრძნება მარჯვენა ხელისა და ფეხის მიდამოში. ჩატარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. ორგანული დაზიანება არ იქნა დაფიქსირებული. პაციენტი გადაყვანილია ინტენსიურ განყოფილებაში შემდგომი მონიტორინგისთვის", - განაცხადა გელანტიამ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, ღამით გადაიყვანეს.

დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე, მექსიკის მომიჯნავე ტერიტორიაზე.

მან თქვა, რომ მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე იმ სამხედროების შენახვა, რომლებმაც უკანონო მიგრანტების ნაკადი უნდა შეაჩერონ.

აშშ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საგანგებო მდგომარეობა მას საშუალებას მისცემს, მიიღოს 8 მილიარდი დოლარი მექსიკის კედლის ასაშენებლად.

პრეზიდენტის თქმით, ის აცნობიერებს, რომ დემოკრატები მის ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მანამდე, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა დაამტკიცეს 2019 წლის ბიუჯეტი, რომელიც მექსიკასთან საზღვარზე ახალი დამცავი ბარიერებისთვის თითქმის 1,4 მილიარდი დოლარის გამოყოფასაც ითვალისწინებდა.

დონალდ ტრამპი კედლის ასაშენებლად 5,7 მილიარდ დოლარს ითხოვდა.

როგორც სენატში რესპუბლიკელთა ლიდერმა მიჩ მაკკონელმა განაცხადა, პრეზიდენტი კანონს ხელს მოაწერდა, ფედერალური მთავრობის მუშაობის თავიდან ასაცილებლად; თუმცა შემდეგ - გამოაცხადებდა საგანგებო მდგომარეობას.

საგანგებო მდგომარეობა პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, კონგრესის თანხმობის გარეშე მოიპოვოს დაფინანსება მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელის, სარა სანდერსის თქმით, პრეზიდენტი შეასრულებს საზღვრისა და ქვეყნის დასაცავად კედლის აშენების დაპირებას.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ეწინააღმდეგებიან დემოკრატები, რომლებსაც უმრავლესობა აქვთ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. მისი სპიკერის ნენსი პელოსის შეფასებით, მექსიკასთან საზღვარზე არსებული ვითარება საგანგებო მდგომარეობა არ არის.

პელოსის განცხადებით, დემოკრატები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ყველა შესაძლო სამართლებრივი საშუალებით დაუპირისპირდებიან. სენატში დემოკრატების უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა პრეზიდენტის განზრახვას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება უწოდა.

რუსეთში საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელი ამერიკელი უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებას

რუსეთში პირდაპირი ინვესტიციების უდიდეს კომპანია „ბერინგ ვოსტოკის“ დამფუძნებელი, აშშ-ის მოქალაქე მაიკლ კალვი უარყოფს თაღლითობის ბრალდებას, რომლის საფუძველზეც ის მოსკოვში დააკავეს. კალვის აზრით, ბრალდებას იყენებენ კომერციულ დავაში მასზე ზეწოლის მოსახდენად.

დაკავებულის ადვოკატმა 15 თებერვალს მოსკოვის ბასმანნის საოლქო სასამართლოში განაცხადა, რომ მისი კლიენტისათვის წაყენებული ბრალდება უკავშირდება დავას მის კომპანიასა და „ვოსტოჩნი ბანკს“ შორის.

„ბერინგ ვოსტოკი“ ადასტურებს, რომ დაკავებულია მისი კიდევ ოთხი თანამშრომელი.

„ბერინგ ვოსტოკი“ 1994 წელს დაარსდა და მოქმედებს რუსეთსა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. კომპანიის ვებსაიტზე მოყვანილი ინფორმაციით, ის განკარგავს 3,7 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივებს.

კომპანიის თანამშრომლების დაკავება უკავშირდება გაჭიანურებულ დავას „ვოსტოჩნი ბანკის“ აქციონერებთან. „ბერინგ ვოსტოკს“ ეკუთვნის ამ ბანკის 52,5%. პროკურატურის თანახმად, ბრალდებულებმა გაფლანგეს 2,5 მილიარდი რუბლი (37,5 მილიონი დოლარი) “ვოსტოჩნი ბანკის“ აქციონერების დარწმუნებით, მხარი დაეჭირათ აქციების ზედმეტად იაფად გაყიდვისათვის.

„ბერინგ ვოსტოკის“ დაარსებამდე კალვი მუშაობდა რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულ ბანკში და კომპანია „სალომონ ბრაზერსში“. ის არის ავტორიტეტიანი კვლევითი ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

ირაკლი კობახიძე „თიბისი ბანკის“ საქმეს "წმინდა სამართლებრივს" უწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეში არაფერია პოლიტიკურად შესაფასებელი. მისი სიტყვებით ეს არის სამართლებრივი საკითხი, რომელიც სამართლებრივად უნდა გადაწყდეს.

„პოლიტიკურ ქვეტექსტებზე ვერ ვისაუბრებ. ამაზე ამ კუთხით საუბარი ოპოზიციისგან იყო მოსალოდნელი“, - განაცხადა კობახიძემ.

ეროვნული ბანკმა 14 თებერვალს „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას მოითხოვა. ეს მოთხოვნა კი უკავშირდება 2007-2008 წლებში შესრულებულ ფინანსურ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკმა შაფასა როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

სიკვდილი ლიფტის შახტში - მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშა დაიღუპა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი მშენებლობის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად, მშენებლობაზე მომუშავე შუახნის მამაკაცი დაიღუპა.

გაერთიანებული პროფკავშირის ცნობით, ბოლო შვიდ თვეში ეს მშენებლობაზე ადამიანის გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.

პროფკავშირის ტექნიკური ინსპექტორის, ნიკა კაკაშვილის ვარაუდით, შახტის ტერიტორია, დიდი ალბათობით, შემოფარგლული არ იყო.

მისი სიტყვებით, ასეთ საბედისწერო შემთხვევებს სწორედ კოლექტიური დაცვის საშუალებების არარსებობა იწვევს.

ნიკა კაკაშვილი რადიო თავისუფლებასთნ საუბარში შენიშნავს, რომ თუ ადრე მშენებლობაზე თვეში 2 ადამიანი მაინც იღუპებოდა, სწორედ შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, დღეს ეს სტატისტიკა შედარებით შემცირებულია - ფატალური შემთხვევების კლებას შრომის ინსპექტორი კანონის გამკაცრებას უკავშირებს.

კანონში ცვლილების არსი კი ის არის, რომ მუნიციპალურ ინსპექციას ობიექტის შემოწმება გაუფრთხილებლად შეუძლია. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, კომპანია 3000 ლარის ნაცვლად, 30 000 ლარით ჯარიმდება.

თუმცა, ნიკა კაკაშვილი შენიშნავს იმასაც, რომ ეს საკანონდებლო ცვლილება ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე არსებულ მშენებლობებზე ვრცელდება.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, როგორც წესი,რა ხდება, მაგალითდმ შახტში ჩავარდნის მიზეზი, მან გვიაპასუხა, რომ ხშირსდ ამის მიზეზი იმ კონკრეტული მონაკვეთის დაუცველობის გარდა, მუშების გადაღლილობაც არის ხოლმე.

EMC-ს სოციალური პროგრამის დირექტორი, კოტე ერისთავი კი გვეუბნება, რომ მაგალითად ბათუმში, სადაც თბილისის მსგავსად ინტენსიურად მიმდინარეობს არაერთი მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობის მშენებლობა და პრაქტიკაში გვხდება არაერთი მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევა, ჯარიმა მხოლოდ 500 ლარია.

სოციალურ ქსელში კიდევ ერთი მუშის დაღუპვას სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრავაც გამოეხმაურა:

„ფეხებზე მკიდია კომფორტული ზონის მაძიებელი საზოგადოება თუ შეწუხდება მძიმე ამბების მოსმენით ან წაკითხვით. სახეზე უნდა ავაკრათ ერთმანეთს და ხელისუფლებას ეს ყოველდღიური ტრაგედიები, რაც შრომის უსაფრთხოების დაუცველობის გამო ხდება“, - წერს ირაკლი კუპრაძე ფეისბუკის პირად გვერდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შარტავას ქუცაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიდის, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG