Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თავი მოჰკვეთეს 17 მშვიდობიან მოქალაქეს


ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, დღეს ავღანეთში თავი მოჰკვეთეს 17 მშვიდობიან მოქალაქეს, მოკლეს ათი ავღანელი ჯარისკაცი და ნატოს ორი ჯარისკაცი. მშვიდობიან მოქალაქეთა შორის, რომლებსაც ჰელმანდის პროვინციაში გაუსწორდნენ, ორი ქალი იყო. ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის პერსმდივანმა, დაუდ აჰმადიმ, ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურთან ინტერვიუში ისაუბრა მკვლელობის სავარაუდო მოტივზე: „ეს 15 მამაკაცი სამოქალაქო პირი და ორი ქალი, როგორც ამბობენ, მოკლეს მთავრობასთან კონტაქტის გამო. მტერს ეშინია, რადგან მას სულ უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევს ხალხი და ხალხს სურს, რომ მტერი რეგიონიდან წავიდეს. ვფიქრობ, რომ ამ გეგმის შესახებ შეიტყვეს“, უთხრა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურს ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის პრესმდივანმა. ასევე ორშაბათს ჰელმანდის პროვინციაში 10 ავღანელი ჯარისკაცი მოკლეს ბლოკპოსტზე განხორციელებული თავდასხმისას. ოფიციალური პირები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ბლოკპოსტზე თავდასხმა მოეწყო გეგმით, რომელიც რამდენიმე ჯარისკაცის დახმარებით განახორციელეს თალიბმა მეამბოხეებმა. ინციდენტის შემდეგ დაკარგულად ითვლება ხუთი ჯარისკაცი. ამასობაში, ნატომ გაავრცელა ცნობა, რომ მისი ორი ჯარისკაცი მოკლა ავღანელმა ჯარისკაცმა. თავდასხმა მოეწყო აღმოსავლეთში მდებარე ლაღმანის პროვინციაში. ნატოს ინფორმაციით, ავღანელი თავდამსხმელი მოკლეს.
XS
SM
MD
LG