Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩატაევს გირაოზე უარი უთხრეს


1 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ლოპოტის ხეობის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ჩეჩენის, ახმედ ჩატაევის გირაოთი გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ საკმარისად არ მიიჩნია საქმეში გამოჩენილი ახალი გარემოება, რის მიხედვითაც მოწმეებმა მედიის წარმომადგენლებთან საუბარში მანამდე მიცემული ჩვენებები უარყვეს. სასამართლოს გადაწყვეტილებამ მეტად უკმაყოფილო დატოვა ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები. 32 წლის ჩატაევი ჩეჩნეთშია დაბადებული, ავსტრიაში კი ლტოლვილის სტატუსს ფლობს. ინფორმაცია ახმედ ჩატაევის დაკავების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 სექტემბერს გაავრცელა. უწყება იტყობინებოდა, რომ დაკავებული იყო იმ შეიარაღებული დაჯგუფების წარმომადგენელი, რომელთან დაპირისპირების შედეგადაც, 29 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში ამ ჯგუფის 11 წევრი და ქართული სპეცსამსახურების სამი წარმომადგენელი დაიღუპა. საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 ნოემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG