დღეს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა, რომელზეც საბიუჯეტო საკითხები განიხილებოდა. სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ მკვეთრად შემცირდება პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ხარჯები და დედაქალაქის ტრანსფერები. ”ძალიან ხშირად თბილისის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა გარუკვეული პროექტები, კონცერტები და დღესასწაულები და ახლაც ფინანსდება რიყეზე გაუაზრებელი მშენებლობები”, - განაცხადა ივანიშვილმა. პრემიერის თქმით, თბილისის ბიუჯეტში 100 მილიონით ნაკლები ტრანსფერი განხორციელდება და ხარჯების ოპტიმიზაციით მოხერხდება დევნილების და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და ჯანსდაცვის სფეროების დაფინანსება. პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, ძალიან დიდ ხარჯს მოითხოვს პრეზიდენტი, რომლის მხოლოდ სასახლის ენერგომომარაგებას წელიწადში 800 ათასი ლარი სჭირდება. ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, მთავრობის კანცელარიაში მდებარე საპრეზიდენტო ოფისში გადავიდეს და დასძინა, რომ თავად ამ სასახლით სარგებლობას არ აპირებს. "როცა ქვეყანაში ამდენი დევნილი ცხოვრობს, ამორალურია იმ სასახლეში ცხოვრება და შეიძლება გაკეთდეს ათობით მილიონის ეკონომია, რასაც მთავრობა უკეთ გამოიყენებს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ივანიშვილის თქმით, ბევრი შეკითხვაა ბოკერიას უწყების დაფინანსების მხრივაც, რადგან ეროვნული უშიშროების საბჭისთვის 30 მილიონია გამოყოფილი, მაშინ როდესაც ზაქარეიშვილის უწყება იმდენივე კადრითაა დაკომპლექტებული და მხოლოდ მილიონ-ნახევარს მოიხმარს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, უშიშროების საბჭოში 21 მილიონის საიდუმლო ხარჯია, რაც სავარაუდოდ, ლობისტებზე დახარჯული თანხა უნდა იყოს.
ყველაზე პოპულარული
1