Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლება აბსოლუტურად იზიარებს ჰილარი კლინტონის მოსაზრებას


სახელმწიფო მდივანმა „ძალიან ნათლად გამოხატა ჩვენი მოლოდინები კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით საქართველოში“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვიქტორია ნულანდმა 29 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის შეხვედრასთან დაკავშირებით. ამ შეხვედრამდე გაკეთებულ განცხადებაში სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო წარმატებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში და წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებისკენ. ”ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესს, რაც ამ არჩევნების შედეგად მოხდა და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი, რაც ხდება, სავარაუდო დამნაშავეთა გასამართლებასთან დაკავშირებით, გამჭირვალედ განხორციელდება - შესაბამისი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის დაცვით, როგორც ეს შეეფერება ქართულ ოცნებასა და მისწრაფებებს და ქართველი ხალხის გრძნობებს”, – განაცხადა ჰილარი კლინტონმა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ პავლე კუბლაშვილის შეფასებით, სახელმწიფო მდივნის მიერ მკაფიოდ ითქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავი უნდა შეიკავოს ოპონენტთა პოლიტიკური ნიშნით დევნისგან. თუმცა სახელმწიფო მდივნის განცხადებაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. მისი თქმით, საქართველოს ახალი ხელისუფლება აბსოლუტურად იზიარებს ჰილარი კლინტონის მიერ ჩამოყალიბებულ მოსაზრებას. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ასევე გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ. ”ჩვენ გავუკეთეთ ახსნა-განმარტება ყველას, ვისაც აინტერესებდა ეს თემა. აბსოლუტურად ყველა აღნიშნავს, რომ კრიმინალური შემთხვევები, რასაკვირველია, გამოძიებული უნდა იყოს, მაგრამ ძალიან დიდი ყურადღება ენიჭება იმას, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე, ინფორმაცია იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, რაც ხდება კიდეც საქართველოში, - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
XS
SM
MD
LG