Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: რუსეთი მოელის საქართველოს ხელისუფლების კონკრეტულ წინადადებებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის ლიდერებმა საინფორმაციო საშუალებებიდან შეიტყვეს იმის შესახებ, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას სურს რუსეთთან „და,საერთოდ, მეზობლებთან რეგიონში“ ურთიერთობის ნორმალიზება. ამის შესახებ ლავროვმა განაცხადა სამშაბათს ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე, როცა პასუხობდა რადიო თავისუფლების კორესპონდენტის შეკითხვაზე, რა გარემოებებში და რა სფეროებში წარმოუდგენია რუსეთს საქართველოსთან თანამშრომლობის განახლება. ლავროვის თქმით, რუსეთს სურს იმის გაგება, თუ „კონკრეტულად რას და კონკრეტულად როგორ გაკეთებას“ სთავაზობს მას საქართველოს ახალი ხელისუფლება. რუსეთს, ლავროვის თქმით, არასოდეს უთქვამს უარი ქართველ მეზობლებთან კონტაქტზე - ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარი ხალხიაო, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ბრიუსელში მიმდინარეობს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. 4 დეკემბერს გაიმართა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 5 დეკემბრისათვის დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის შეკრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძეც.
XS
SM
MD
LG