Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის გუშაგთა საბჭომ დაამტკიცა ახალი საარჩევნო კოდექსი


ირანის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, გუშაგთა საბჭომ, დაამტკიცა ახალი საარჩევნო კოდექსი, რომლითაც არჩევნების ორგანიზების პასუხისმგებლობა ჩამოერთვა შინაგან საქმეთა სამინისტროს. გუშაგთა საბჭოს პრესმდივნის განცხადებით, ახალი კოდექსით, არჩევნების ორგანიზება ევალება საარჩევნო აღმასრულებელ საბჭოს, რომელშიც შევლენ ძალაუფლების სამი შტოს წარმომადგენლები, ისევე როგორც საზოგადოების შვიდი წარმომადგენელი, რომლებსაც მოიხსენიებენ „ეროვნულ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურის“ მოღვაწეებად. ირანის გუშაგთა საბჭოს დაჟინებული მოთხოვნით, საარჩევნო კოდექსის პროექტიდან ამოიღეს პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის უფრო მკაცრი პირობების წაყენების მოთხოვნა. პროექტით, რომელიც ირანის პარლამენტმა დეკემბერში დაამტკიცა, პრეზიდენტობის კანდიდატად დასარეგისტრირებლად საჭირო იყო პარლამენტის 100 წევრის, ან ექსპერტთა ასამბლეის 25 წარმომადგენლის მხარდაჭერა. ეს ასამბლეა მეთვალყურეობას უწევს ირანის უზენაესი ლიდერის საქმიანობას. ირანში წელს, ივნისში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები.
XS
SM
MD
LG