საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო პრესკონფერენციაზე შეაფასა მთავრობის მუშაობის 100-დღიანი პერიოდი. მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ბიძინა ივანიშვილი ბევრ საკითხს შეეხო - მათ შორის სამართლიანობის აღდგენის თემას, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, პრეზიდენტობის კანდიდატის საკითხს, ელექტროენერგიის და გაზის საფასურს, საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსს. ივანიშვილის შეფასებით, მის კაბინეტს განვლილ, 100-დღიან პერიოდში „სერიოზული შეცდომა“ არ დაუშვია. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს, რომელიც ვაკანტურია მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან 21 იანვარს მოხსნა თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია. ივანიშვილმა განაცხადა ასევე, რომ არ აპირებს ნაციონალურ მოძრაობასთან „ვაჭრობას" დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მან დაადასტურა რომ მთავრობა ინარჩუნებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კურსს, თუმცა მთავრობის მთავარ პრიორიტეტებს შორის არის რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და, ივანიშვილის სიტყვებით, დაიწყო რუსეთთან "ურთიერთობების დალაგების პროცესი".
ყველაზე პოპულარული
1