Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმებას


რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრები აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციების მასობრივ შემოწმებას. საბჭოს წევრმა სერგეი კრივენკომ დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთში მიმდინარეობს ბოლო 25 წლის განმავლობაში უპრეცედენტო პროცესი. კრივენკომ, რომელიც უფლებადამცველ ჯგუფ „მემორიალის“ მმართველი საბჭოს წევრიც არის, შემოწმებები შეადარა სამოქალაქო საზოგადოების შევიწროვებას სტალინის მმართველობის პერიოდში. პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარის, მიხაილ ფედოტოვის განცხადებით, საბჭო გენერალურ პროკურორს, იური ჩაიკას სთხოვს ახსნა-განმარტებას არაკომერციულ ორგანიზაციებში მასობრივ შემოწმებებთან დაკავშირებით. იუწყებიან აგრეთვე, რომ დღეს პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ მოსკოვის „ჰელსინკის ჯგუფის“ ოფისის შესამოწმებლად. ამის შესახებ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ცნობილმა უფლებადამცველმა ლიუდმილა ალექსეევამ განაცხადა ჩვენი რადიოს რუსულ სამსახურთან საუბარში. „მოვიდნენ იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები და მოითხოვეს დოკუმენტების საკმაოდ შეზღუდული სია. დოკუმენტების ნაწილს ასლი გადავუღეთ და მაშინვე გადავეცით, ხოლო ნაწილზე ვთანხმდებით, რომ გადავცემთ, როცა მზად იქნება“, განაცხადა ალექსეევამ. რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, შემოწმება ტარდება იმის დასადგენად, ემორჩილებიან თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციები რუსეთის ახალ კანონებს, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებას ეხება.
XS
SM
MD
LG