Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა პოლიტიკოსების და პარტიების ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა


პოლიტიკოსების და პარტიების ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა დღეს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI). მისი დაკვეთით მარტში ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 60%-ის მოსაზრებებთან ყველაზე ახლოს კოალიცია "ქართული ოცნებაა" და ეს მაჩვენებელი ნოემბერთან შედარებით 3%-ითაა შემცირებული. ამავე პერიოდის მაჩვენებელი უცვლელია და მარტშიც 10%-ს შეადგენდა ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში. კვლევის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოსწონს გამოკითხულთა 75%-ს, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი 25%-ს. NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის ლუის ნავაროს განმარტებით, წინა კვლევასთან შედარებით შემცირებულია პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსის მოწონების მაჩვენებელი და გაზრდილია მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის რეიტინგები, რომლებიც შესაბამისად შეადგენს 66%-ს და 48%-ს. გამოკითხულთა 56% ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიიჩნევს, 58% კი პრეზიდენტად ” ქართული ოცნების ” კანდიდატს ისურვებდა. NDI-ის დაკვეთით 3 ათას 103 რესპონდენტი 13-27 მარტის პერიოდში გამოკითხა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა.
XS
SM
MD
LG