Accessibility links

ახალი ამბები

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან კავშირს „თაფლზე ტკბილს“ უწოდებს

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი ამბობს, რომ პაკისტანისა და ჩინეთის ურთიერთობა „თაფლზე უფრო ტკბილია“. განცხადება შარიფმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ის პარასკევს ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი კეციანს შეხვდა. შარიფმა დიდ სახალხო დარბაზში გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენი მეგობრობმა ჰიმალაის მთებზე მაღალი, ზღვაზე ღრმა და თაფლზე ტკბილია“. ჩინეთში ვიზიტი შარიფისთვის პირველია მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ მაისში გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა. პაკისტანი და ჩინეთი დიპლომატიური და სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩინეთი მონაწილეობას იღებს ყარაყორუმის ავტოსტრადის აღდგენაში, რომელიც მთავარი ეკონომიკური დამაკავშირებელი გზა იქნება ორ ქვეყანას შორის. წლის დასაწყისში, ჩინეთი პაკისტანში, არაბეთის ზღვაში მდებარე გვადარის პორტში, ოპერაციებს აკონტროლებდა.

ყველა ახალი ამბავი

საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ბრიუსელში გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტი 21 იანვარს გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც სალომე ზურაბიშვილი, პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მოლაპარაკებებს გამართავს ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ვიზიტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მანამდე ზურაბიშვილმა კონსულტაციები გამართა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გასტანს.

უკრაინის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი უარს იტყვის რუსეთში ბიზნესზე

ვლადიმირ ზელენსკი

ცნობილი უკრაინელი შოუმენი, ვლადიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტობის ერთ-ერთი პრეტედენტი, უმოკლეს დროში დატოვებს კომპანიას, რომელიც ცნობილია იმით, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ფილმებს იღებს.

რადიო თავისუფლების პროექტ „სქემების“ მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ მსახიობმა აღიარა, რომ რუსეთში კვლავ აგრძელებს საქმიანობას კომპანია "Green films". იგი ეკუთვნის კვიპროსულ კომპანია "Green Family LTD", რომლის თანამფლობელიც ვლადიმირ ზელენსკია. შოუმენი მანამდე აცხადებდა, რომ კომპანია დაიხურა 2014 წელს.

ახალი წლის ღამეს მსახიობმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ წამოაყენებს თავის კანდიდატურას უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე.

პრეზიდენტის არჩევნები უკრაინაში 31 მარტს გაიმართება. ვლადიმირ ზელენსკი სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად კანდიდატების რეიტინგის სამეულში იმყოფება.

ტრამპმა დემოკრატებს შესთავაზა კომპრომისული გადაწყვეტილება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვიდა ახალი ინიციატივით სადავოდქცეული სასაზღვრო კედლის გარშემო წარმოქმნილი კრიზისის გადასაჭრელად. ტრამპის მიმართვა ნაციისადმი 20 იანვარს ტელეარხ Fox News-ით გადაიცემოდა.

ტრამპის წინადადება სამწლიან იურიდიულ დაცვას ითავლისწინებს იმ კატეგორიის არალეგალური მიგრანტებისათვის, რომლებიც აშშ-ში შემოიყვანეს, როცა ბაშვები იყვნენ; ასევე იურიდიულ დაცვა გარანტირებული ექნებათ ასევე მიგრანტებს, რომლებსაც ეწურებათ აშშ-ის ტერიტორიაზე დროებითი თავშესაფრის ვადა.

ამასთან აშშ-ის პრეზიდენტი უარს ამბობს კედლის მშენებლობაზე მექსიკის მთელი საზღვრის გასწვრივ. ამის ნაცვლად ტრამპი ოპონენტებს სთავაზობს ბარიერის აგებას მხოლოდ 370 კილომეტრის სიგრძეზე. „კედელი არ არის ამორალური“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თუმცა, აშშ-ის გეგმით დამცავი ბარიერის მშენებლობისათის ფედერალური ბიუჯეტიდან საჭირო იქნება კვლავ 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფა, რასაც აშშ-ის პეზიდენტი მანამდე კედლის მშენებლობისათვის მოითხოვდა. 2018 წელს CNN-ის იტყობინებოდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გეგმა ითვლისწინებდა 1390 კილომეტრის საზღვრის სიგრძის ახალი კედლის აშენებას და უკვე არსებული1870 კმ. სიგრძის ღობურის რეკონსტრუქციას.

სახმელეთო საზღვარის სიგრძე მექსიკასა და აშშ-ს შორის 3145 კილომეტრია. აქედან 1050 კილომეტრი სიგრძის საზღვარი უკვე გადაკეტილია სხვადასხვა სახის კედლითა და ღობურით.

დონალდ ტრამპის ახალი ინიციატივა ითავლისწინებს ასევე აშშ-ის სასაზღვრო და საბაჟო სამსახურის მიერ 2750 ახალი თანამშრომლის დაქირავებას. 800 მილიონი დოლარის გამოყოფას მიგრანტების ჰუმანიტარული დახმარებისა და ნარკოტიკების ამოსაცნობი სასაზღვრო ტექნოლოგიებისათვის.

დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ მისი კომპრომისული წინადადება შესაძლებელს გახდის ფედერალური მთავრობის მიერ მუშაობის განახლებას. აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი “შათდაუნი” უკვე 29-ე დღეა გრძელდება.

ტრამპის გამოსვლამდე დემოკრატებმა უარი თქვეს ნებისმიერ კომპრომისზე, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტიარ გააუქმებს „შათდაუნს“. წარმომადგენელთ აპალატის ლიდერმა ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპის წინადადებას „მიუღებელი“ უწოდა.

საქართველოში დაკრძალეს გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულები

კვირას მიწას მიაბარეს დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულები. დაკრძალვას წინ უძღოდა სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში, სადაც იმყოფებოდნენ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ძლიერი აფეთქება ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი. 8 ადამიანი დაშავდა.

დღესვე მომხდარი აფეთქების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომაღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორ თანამშრომელს, რომლებსაც ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით , რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.

ბულგარეთში ექვს პირს წაუყენეს ბრალი ტერორისტული ჯგუფის დაფინანსებისთვის

ბულგარეთის პროკურატურამ ხუთ სირიელსა და ერთ ბულგარელ ქალს წაუყენა ბრალი ახლო აღმასვლეთში მოქმედი ერთ-ერთი ტერორისტული დაჯგუფების დაფინანსებისათვის. „ოთხი წლის განმავლობაში პირთა ჯგუფმა დაახლოებით 25 მილიონი ევრო (29 მილიონი $) გადაუგზავნა ტერორისტულ ორგანიზაციას“, - განაცხადა რუმიანა არნაუდოვამ, ბულგარეთის გენერალური პროკურორის პრესმდივანმა. გენერალური პროკურატურა ამ საქმეს უწოდებს „უპრეცედენტოს მთელ ევროკავშირში.“

პოლიციის სპეცდანიშნულების ძალებმა 18 იანვარს ბულგარეთში ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად 42 პირი დააკავეს იმ კრიმინალურ წრესთან კავშირში, რომელიც ტერორისტულ ჯგუფებს აფინანსებდა. არნაუდოვას თქმით, ტერორისტების დაფინანსება ხდებოდა საზღვრის დაშორებით, ტრადიციული მუსლიმანური სისტემა „ჰავალას“ გამოყენებით, რომლის გამოვლენა ძალიან რთულია.

რუსეთში ტარდება აქციები კურილის კუნძულების იაპონიისათვის სავარაუდო გადაცემის წინააღმდეგ

მოსკოვსა და რუსეთის რამდენიმე ქალაქში კვირას ტარდებდა საპროტესტო აქციები კურილის არქიპელაგის რამდენიმე კუნძულის იაპონიისათვის სავარაუდო გადაცემის წინააღმდეგ.

ხელისუფლებასთან შეთანხმებული მიტინგის ორგანიზატორია რამდენიმე მემარცხენე-ნაციონალისტური გაერთიანება, მათ შორის „მემარცხენე ფრონტი“ და იგორ სტრელკოვის მოძრაობა „ნოვოროსია“.

იუწყებიან, რომ რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ხაბაროვსკში საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობას ღებულობდა 500 კაცი, რომელიც სკანდირებდა „კურილის კუნძულები ჩვენი! ძირს პუტინის ხელისუფლება!“

იაპონია არ აღიარებს რუსეთის კუთვნილებად კურილის არქიპელაგის სამხრეთით მდებარე კუნძულებს - იტურუპს, შიკოტანს, კუნაშირსა და ხაბომაის. ამ კუნძულების გარშემო წარმოშობილი დავის გამო რუსეთსა და იაპონიას აქამდე არ მოუწერათ ხელი სამშვიდობო შეთანხმებისათვის.

14 ნოემბერს, რუსეთისა და იაპონიის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, კრემლის პრესმდივნმა დმიტრი პესკოვმა ისაუბრა გეგმაზე, მხარეები დაუბრუნდნენ 1956 წლის დეკლარაციას, რომლითაც მოსკოვი თანხმდებოდა იაპონიისათვის გადაეცა ოთხიდან ორი კუნძული.

მაგრამ ამის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის პირობას წარმოადგენს რუსეთის სუვერენიტეტის აღიარება კურილის ყველა კუნძულზე.

მოელიან, რომ მოლაპარაკების გასაგრძელებლად მოსკოვში 21 იანვარს ჩავა იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე.

პატიმრობა შეეფარდათ აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს

20 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობა შეუფარდა დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორ თანამშრომელს.

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა.

დაკავებულების ადვოკატი თამარ ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. "როდესაც მივიდნენ, ადგილზე სუნი არ იგრძნობოდა. შემოწმების შემდეგ აპარატმა 0 პროცენტი აჩვენა. ამის შემდეგ იგივე აპარატით სხვა ადგილზე შეამოწმეს და იქ გაჟონვის კვალი დადგინდა. ეს ნიშნავს, რომ აპარატი მწყობრიდან გამოსული არ იყო", - განაცხადა ადვოკატმა პროცესის დაწყების წინ.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სასუქების ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ

საპროტესტო აქცია ბათუმში

ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების ტერმინალის დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმის პორტის ადმინისტრაციასთან. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი საინიციატივო ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ ბათუმში შენდება ქიმიური ტერმინალი, რომელიც არა მხოლოდ გაცხადებულ მინერალურ სასუქს კარბამიდს გადაზიდავს, არამედ სხვა ქიმიურ ნივთიერებებს, რომელიც მათივე მოსაზრებით ეკოლოგიურ საფრთხეს შექმნის ტურისტულ ქალაქში. თავის მხრივ ეკოლოგიურ საფრთხეებს გამორიცხავს ტერმინალის მშენებელი კომპანია Wordernet Exspress ში, რომელმაც მინერალური სასუქების ტერმინალის ასაშენებლად საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ კორპორაცია Trammo-სთან. პროექტით 20 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.

73 კაცი დაიღუპა მექსიკაში ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად

73-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი მექსიკაში შაბათს ერთ-ერთ ნავთობსადენზე ხანძრის შედეგად გამოწვეული აფეთქების შედეგად. ინციდენტი 19 იანვარს მოხდა დედაქალაქ მეხიკოდან 100 კილომეტრით დაშორებულ არეალში. სახელმწიფო კომპანია „რემექსის“ კუთვნილ ნავთობსადენზე კატასტროფა მოხდა მას შემდეგ, რაც ნავთობსადენი არალეგალურად იქნა დაზიანებული, საწვავის მოპარვის მიზნით.

უამრავი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, ცდილობდა დაზიანებული ნაბთოსადენიდან საწვავის კონტეინერებით წაღებას, რა დროსაც მოხდა საწვავის აალება და მძლავრი აფეთქება. ძლიერი ხანძარი, რომლის ალიც ცას სწვდებოდა, ძალიან მალე მოედო ნავთობსადენთან შეგროვილ ადამიანებს. მაშველებმა იპოვეს ხანძრის შედეგად დამწვარი 73-ი ადამიანის სხეული, 74 კაცი დაშავდა.

მექსიკის გენერალური პროკურატურის გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, თუ რამ გამოიწვია აფეთქება.

ამერიკულმა ნაღმოსანმა „დონალდ კუკმა“ გეზი აიღო შავი ზღვისაკენ

ნაღმოსანი ხომალდი „დონალდ კუკი“

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, შავი ზღვისაკენ მიემართება ამერიკული ნაღმოსანი ხომალდი „დონალდ კუკი“, რომელიც რეგიონში ნატოელ მოკავშირეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ოპერაციებში. ხომალდი, რომელიც აღჭურვილია ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით, 19 იანვარს უკვე შეცურდა დარდანელის სრუტეში.

„ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალები რეგულარულად მოქმედებს შავ ზღვაში მონროს კონცენციისა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად“, - ნათქვამია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებაში.

ცნობაში მითითებული არ არის, თუ როდის მიაღწევს შავ ზღვას ხომალდი „დონალდ კუკი“. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო TASS-ი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცენტში თვალს ადევნებენ „დონალდ კუკის“ მოძრაობას. ცნობაში ხაზგასმულია, რომ ამერიკულ ხომალდს არ აქვს უფლება, რომ 21 დღეზე მეტი დარჩეს შავ ზღვაში.

შავი ზღვის რეგიონში ურთიერთობა დაიძაბა გასულ წლის 25 ნოემბერს, როდესაც რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და ხელთ იგდეს უკრაინის სამი ხომალდი ქერჩის სრუტის მახლობლად, რომელიც შავ და აზოვის ზღვებს აკავშირებს.

მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინული ხომალდები უკანონოდ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში ყირიმის ნახევარკუნძულთან, რომელიც რუსეთს 2014 წლიდან აქვს ანექსირებული. 25 იანვრიდან რუსეთის პატიმრობაში იმყოფება 24 უკრაინელი მეზღვაური, რომელსაც ბრალად ედება საზღვრის უკანონო გადალახვა.

დაცვის მხარე "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომლის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ორი თანამშრომლის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. მათ ბრალი სამსახურეობრივ გულგრილობაში ედებათ, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთანს ითვალისწინებს. სასამართლო პროცესი 20 იანვარს 12:00 საათზე დაიწყო.

დაკავებულების ადვოკატი თამარ ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. "როდესაც მივიდნენ, ადგილზე სუნი არ იგრძნობოდა. შემოწმების შემდეგ აპარატმა 0 პროცენტი აჩვენა. ამის შემდეგ იგივე აპარატით სხვა ადგილზე შეამოწმეს და იქ გაჟონვის კვალი დადგინდა. ეს ნიშნავს, რომ აპარატი მწყობრიდან გამოსული არ იყო", განაცხადა ადვოკატმა პროცესის დაწყების წინ.

16 იანვარის საღამოს, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან ერთი მცირეწლოვანია. დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

დღეს სამების ტაძარში მორიგი საყოველთაო ნათლობა გაიმართება

რიგით 57-ე საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 20 იანვარს 17:00 საათზე გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 630-მდე ჩვილი გახდება. ისინი ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

საღამოს 20:00 საათისთვის სამებაში კათოლიკოს პატრიარქს ელოდებიან, რომელიც ნათლულებს დალოცავს და შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 37 305 ნათლული ჰყავს. პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წელს ჩატარდა.

რუსთავის ეპარქია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგია

რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე იოანე (გამრეკელი)

რუსთავის ეპარქია ერთპიროვნულ და ცალმხრივ გადაწყვეტილებას უწოდებს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ „უკრაინის სასულიერო პირთა ჯგუფისთვის“ ავტოკეფალიის მინიჭებას.

„მსოფლიო ეკლესიის იერარქებს ახსოვთ, რომ უკრაინის ყოფილი ეგზარხოსის მიტროპოლიტ ფილარეტის თვითნებური გამოყოფა დედაეკლესიიდან მათ მიერ უარყოფითად იყო შეფასებული XX ს-ის 90-იან წლებში. მისი დაჯგუფება განკვეთილი იქნა ეკლესიიდან. მიუხედავად ამისა, კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ ამჯერად ერთპიროვნულად და ცალმხრივად გადაწყვიტა წლების განმავლობაში განხეთქილებაში მყოფ სასულიერო პირთათვის ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსის მინიჭება“, ნათქვამია რუსთავის ეპარქიის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რუსთავის ეპარქია ასევე აღნიშნავს, რომკონსტანტინოპოლის საპატრიარქოს 2019 წლის 6 იანვრის ტომოსი „დუმილით უვლის გვერდს იმ ფაქტს, რომ უკრაინელ მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში რჩება და შესაბამისად, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის ნაწილს წარმოადგენს.“

„უკრაინის რეგიონებს შორის სამ წელზე მეტ ხანს მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება არ უნდა გადაიზარდოს ერთმორწმუნე ერში რელიგიურ დაპირისპირებაში“, წერია განცხადებაში.

ამავე დროს. ეპარქია პოლიტკორექტულობის მაგალითად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების თავშეკავებას „მწვავე პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც შეიქმნა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო.“

უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების გამო, რუსეთის საპატრიარქომ გაწყვიტა ევქარისტული კავშირი მსოფლიო საპატრიარქოსთან.

საქართველოს საპატრიარქო თავს იკავებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისგან, წმინდა სინოდს, ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელია, თუმცა მაღალი იერარქიის ცალკეული სასულიერო პირები კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ეთანხმებიან.

სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით პოლიციამ 1 პირი დააკავა

პოლიციამ ბარ „საქსესში“ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაკავებულია 1997 წელს დაბადებული მამაკაცი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 19 დეკემბერს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დაკავებულმა, თბილისში მდებარე ბარ „საქსესში“ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბარის ორ თანამშრომელს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

რუსეთში დაკავებული, პოლიტიკური განცხადებებით ცნობილი ბელორუსი მოდელი აცხადებს, რომ უდანაშაულოა

ბელორუსი მოდელი, რომელიც აცხადებდა, რომ ჰქონდა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის დამადასტურებელი მასალები, ბოდიშს უხდის რუს ოლიგარქს და აცხადებს, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს პროსტიტუციასთან დაკავშირებულ ბრალდებებში. ანასტასია ვაშუნკევიჩმა, რომელსაც ასევე ნასტია რიბკას სახელით იცნობენ, მოსკოვის ნაგატინსკის რაიონის სასამართლოში ჟურნალისტებს უთხრა, "უდანაშაულო ვარ ჩემს მიმართ წაყენებულ ბრალდებებშიო" და დასძინა, რომ ზიანს არ მიაყენებს რუს მილიარდერ ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას. ვაშუნკევიჩი უწინ ამბობდა, რომ ჰქონდა აუდიოჩანაწერი, რომელზეც დერიპასკა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ლაპარაკობდა. სასამართლომ ვაშუნკევიჩის პატიმრობა კიდევ სამი დღით, 22 იანვრამდე გააგრძელა იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს გამოძიება ვაშუნკევიჩის და მისი ახლობლის, ალექსანდრ კირილოვის პროსტიტუციაში ჩართულობის შესახებ. "მეგობრებო, გთხოვთ გადასცეთ ჩემი ბოდიში ოლეგ დერიპასკას და [რუს პოლიტიკოსსა და ყოფილ ვიცე-პრემიერ] სერგეი პრიხოდკოს" - უთხრა ვაშუნკევიჩმა ჟურნალისტებს სასამართლო დარბაზში და დასძინა: "ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე მოხდა. გულწრფელად მრცხვენია მომხდარის. არ მინდა ვითარება კიდევ უფრო დავძაბო და პირადად ვუხდი ბოდიშს ოლეგს. ეს ყველაფერი მისი პირადი ყურადღების მოპოვებას ემსახურებოდა. სხვა არავისი, მხოლოდ მისი". ვაშუნკევიჩი შერემეტიევოს აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს ტაილანდიდან დეპორტაციის შემდეგ. იქ მან დაახლოებით ცხრა თვე გაატარა პროსტიტუციასთან დაკავშირებული ბრალდებებით.

თბილისში გარდაცვლილი იპოვეს ჯართის შესაგროვებლად წასული 12 წლის სოციალურად დაუცველი ბიჭი

თბილისის გარეუბანში, აფრიკის დასახლებაში გარდაცვილი იპოვეს 12 წლის ბიჭი, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იყო. ინტერნეტგამოცემა ჯემნიუსი დაღუპულის ნათესავებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოზარდი მშობლების დასახმარებლად ჯართს აგროვებდა ხოლმე.

ბიჭის დაკარგვის თაობაზე ოჯახმა პოლიციას 18 იანვარს შეატყობინა. მოზარდის გვამი იპოვეს სახლიდან სამ კილომეტრში მდებარე თხრილში, სადაც ის სავარაუდოდ ჯართს აგროვებდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. იუწყებიან, რომ თხრილთან ახლოს აღმოჩენილია ჯართის მოსაძიებელი ხელსაწყო და ბავშვის ველოსიპედი.

ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთის" ცნობით, გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის(სსკ–ს 240) და თვითმკვლელობამდე მიყვანის(სსკ–ს115–ე) მუხლებით მიმდინარეობს.

აფეთქების შედეგად გარდაცვლილები ქაშუეთში გადაასვენეს

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს. ტაძარში დასვენებულია ერთი ოჯახის სამი წევრი - ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და ნათიას და - ნინო ციცვიძე. წინასწარი ინფორმაციით, 19.00 საათზე, გარდაცვილთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე გადაიხდის.

16 იანვარს, დიდ დიღომში, ბუნებრივი აირის დაგროვებით გამოწვეულ მასშტაბურ აფეთქებას ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

მოსკოვში ასობით მოქალაქემ მიაგო პატივი მოკლული ადვოკატისა და ჟურნალისტის ხსოვნას

რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა მოსკოვის ცენტრში გამართულ მსვლელობაში, რათა პატივი მიეგო ადამიანის უფლებების ადვოკატის, სტანისლავ მარკელოვის და ჟურნალისტ ანასტასია ბაბუროვას ხსოვნისთვის. ისინი ათი წლის წინ მოსკოვში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მარკელოვი და ბაბუროვა, რომლებიც ულტრანაციონალისტურ ძალადობას ებრძოდნენ, 2009 წელს, კრემლთან ახლოს, დღისით მოკლეს. 2011 წელს მათ მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს ნეო-ნაცისტური დაჯგუფების წევრები, ნიკიტა ტიხონოვი და ევგენია ხასისი. ტიხონოვს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა მკვლელობისთვის, ხასისს 18 თვით მიუსაჯეს ციხე ტიხონოვის დახმარებისთვის. მარკელოვი წარმოადგენდა გამომძიებელ ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას, რომელიც 2006 წელს მოკლეს, ისევე, როგორც რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ნაწამებ ჩეჩენ სამოქალაქო პირებს. მკვლელობებმა გაახშირა ბრალდებები, რომ კრემლი საკმარისს არ აკეთებს აქტივისტებზე და ჟურნალისტებზე დავდამსხმელების დასაპატიმრებლად.

ბაქოში გაიმართა აქცია პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით

აზერბაიჯანის დედაქალაქში გაიმართა აქცია კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი დაპატიმრებული ბლოგერის და პოლიტპატიმრებად მიჩნეული სხვა პირების გათავისუფლების მოთხოვნით. სანქცირებული დემონსტრაციის მონაწილეებმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან მოითხოვეს მეჰმან ჰუსეინოვის და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ჰუსეინოვის გამოშვებისკენ მოწოდებები გახშირდა როგორც აზერბაიჯანის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, მას შემდეგ, რაც მას ახალი ბრალდება წაუყენეს გასულ თვეში, მოსალოდნელ გათავისუფლებამდე რამდენიმე კვირით ადრე. მას ბრალად ედება "ოფიციალური უწყებების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაძევა ძალადობის გამოყენებით, რამაც [წარმომადგენლის] ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის ხიფათი შექმნა". ჰუსინოვმა, სხვა რამდენიმე პოლიტპატიმართან ერთად, პროტესტის გამოსახატად შიმშილობა დაიწყო. ჰუსინოვი უკვე იხდის სასჯელს ორწლიანი პატიმრობის სახით ცილისწამების ბრალდებით, რასაც თავად ის და მისი მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. უფლებადამცველი ჯგუფები და დასავლეთის ქვეყნების მთავრობები წლებია აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ, და მთავრობას ადანაშაულებენ ბრალდებების შეთითხვნაში კრიტიკოსების და მედიის თავისუფლების ჩასახშობად. ალიევი, რომელიც 2003 წლიდან უდგას აზერბაიჯანს სათავეში, ამ კრიტიკას არ იღებს.

ბაქოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:08 0:00

ზუგდიდის გამარჯვებულ ეზოში ქანდაკებებია გამოფენილი

პროექტ „დავასუფთავოთ საქართველოს“ კონკურსის ნომინაციაში - „კორპუსის ეზო“ გამარჯვებულად დასახელდა ზუგდიდში, ქუჯის ქუჩაზე მდებარე ეზო. გამარჯვებულ ეზოში მოქანდაკე მიხეილ ფიფიას მიერ ბეტონის ქანდაკებები, ცხოველები და ფრინველებია განთავსებული.

კონკურსის თანახმად, სისუფთავე მთავარი კრიტერიუმი იყო. თუმცა „ზუგდიდდასუფთავების“ ხელმძღვანელის, ნუგზარ მალაშხიას განცხადებით, ამ ეზოს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა მიხეილ ფიფიას ნამუშევრებმაც. როგორც მალაშხიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, კონკურსის ფარგლებში ზუგდიდში რამდენიმე კორპუსის ეზო შეარჩიეს, თუმცა 25-კაციანმა ჟიურიმ საბოლოოდ სწორედ ეს კონკრეტული ეზო შეარჩია.

კონკურს „სუფთა რეგიონის“ გამარჯვებულთა დაჯილდოვება 19 იანვარს, თბილისის საკრებულოში გაიმართა. „კორპუსის ეზოს“ გარდა, ზუგდიდმა კიდევ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. ზუგდიდი უკვე მეორედ დასახელდა „ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად“; ხოლო ქალაქმა ზუგდიდმა „ყველაზე სუფთა ქალაქის“ სტატუსი მიიღო.

პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის დაფინანსებითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტთან თანამშრომლობენ მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი და ასევე, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

გაზის აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენეს

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს ბრალი წაუყენეს. ადვოკატ თამარ ჯაფარიძის თქმით, დაკავებულებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. „ჩვენ ვითხოვთ, აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახეობა არ იქნეს გამოყენებული და ალტერნატივის სახით, მათ გირაო შეეფარდოთ“, - განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.

დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვებით გამოწვეული აფეთქების ფაქტზე „ყაზტრანსგაზ - თბილისის” ორი თანამშრომელი 18 იანვარს დააკავეს. გამოძიების თანახმად, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე სწორედ თორნიკე ტატიშვილი და ვაზელ მამადიანი მივიდნენ ავთანდილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, სადაც ადგილობრივებს გაზის სუნი აწუხებდათ.

ადვოკატის თქმით, მცდარია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ტატიშვილმა და მამადიანმა კორპუსის გაზგაყვანილობა ჯეროვნად არ შეამოწმეს და გულგრილობა გამოიჩინეს. 16 იანვარს მომხდარმა აფეთქებამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

პოლონეთში ათასობით მოქალაქე დაესწრო გდანსკის მოკლული მერის დაკრძალვას

ათასობით ადამიანი, მათ შორის პოლონეთის და ევროკავშირის ოფიციალური პირები, დაესწრო პოლონეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქის, გდანსკის მოკლული მერის, პაველ ადამოვიჩის დაკრძალვას. ადამოვიჩი 14 იანვარს გარდაიცვალა, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც მას დანით მიაყენეს ჭრილობები საქველმოქმედო ღონისძიების დროს. დაპატიმრებული ეჭვმიტანილი ყოფილი პატიმარია, რომელიც სიბრაზეს ატარებს ადამოვიჩის ყოფილი, ამჟამად ოპოზიციური პარტიის მიმართ. დაკრძალვას დაესწრნენ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი - რომელიც ადამოვიჩის მეგობარი იყო - ასევე პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა, პრემიერ მინისტრი მატეუშ მორავეცსკი, ყოფილი ლიდერები, მათ შორის ლეხ ვალესა, გერმანიის პრეზიდენტი, იოახიმ გაუკი და სხვა ქვეყნების ქალაქთა მერები. დაკრძალვას არ დასწრებია პოლონეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის გავლენიანი ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკი. ადამოვიჩის მკვლელობის ფონია პოლონეთის საზოგადოებაში არსებული მწვავე დაპირისპირება მმართველი, კანონისა და სამართლის პარტიის მოქმედებების გარშემო. ამ დღეებში პოლონეთში ისმის მოწოდებები ეროვნული ერთიანობის გასაძლიერებლად, საზოგადოების წარმომადგენლები გმობენ სიძულვილის ენას საჯარო სივრცეში.

უკრაინის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატს კავშირები აქვს რუსეთის ტელე და კინოკომპანიებთან

პოპულარულ უკრაინელ მსახიობს და შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატს, როგორც ჩანს, კავშირები აქვს რუსეთში მდებარე შოუბიზნესის რამდენიმე კომპანიასთან, თუმცა თავად მსახიობი უარყოფს მსგავსი ინტერესების ქონას. ვლადიმირ ზელენსკი, რომელმაც გასულ თვეში გამოაცხადა პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი, დაკავიშრებულია სამ რუსულ სატელევიზიო და კინოკომპანიასთან, თანახმად ინფორმაციისა, რომელიც მოიპოვა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის და უკრაინული ტელეარხის, UA-ს ერთობლივმა საგამოძიებო პროექტმა, "სქემებმა". ამ სამმა კომპანიამ, სახელწოდებებით Vaisberg Pictures, Platinumfilms, and Green Films, 2014-2017 წლების შუალედში დაახლოებით 13 მილიონი დოლარის ოდენობის მოგება ნახა. ეს კომპანიები დააარსა კვიპროსში რეგისტრირებულმა ორგანიზაციამ სახელწოდებით Green Family LTD, რომელიც ასევე დამაარსებელია შოუბიზნესის კიდევ ერთი ფირმისა, Quarter 95-ის. ზელენსკიმ უწინ საჯაროდ აღიარა, რომ ის Quarter 95-ს მფლობელია. უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ რუსეთში კომპანიების ფლობის საკითხი მწვავეა რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტის ფონზე 2014 წელს ყირიმის ანექსირების და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. ზელენსკიმ გასულ თვეში უკრაინის მედიასთან თქვა, რომ რუსეთში ყველა თავისი ბიზნესი დახურა 2014 წელს, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინისგან ყირიმის ანქესირება მოახდინა და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატიზმის გაღვივებას უწყობს ხელს.


თალიბანი უარყოფს ცნობებს, რომ მზად არის ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებისთვის

თალიბანმა უარყო გავრცელებული ცნობები, რომ ის მზად არის განაახლოს მოლაპარაკება აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელთან, ზალმაი ხალილზადთან, ავღანეთში 17 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხზე. მანამდე პაკისტანის მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ შესაძლებელი იყო ისლამაბადში შეხვედრის გამართვა, მას შემდეგ, რაც 18 იანვარს იქ ერთმანეთს შეხვდნენ ხალილზადი და პაკისტანის მაღალჩინოსნები, პრემიერ-მინისტრ იმრან ხანის ჩათვლით. მაგრამ თალიბანმა 19 იანვარს მოლაპარაკების გამართვა გამორიცხა. "გვსურს განვმარტოთ, რომ ჩვენ ისლამაბადში არანაირ შეხვედრას არ გავმართავთ ხალილზადთან" - ამბობს თალიბანის პრესმდივანი განცხადებაში. ხალილზადი ტრამპის ადმინისტრაციამ ოთხი თვის წინ დაასახელა საგანგებო წარმომადგენლად სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

პუტინის რეიტინგი რეკორდულად დაეცა

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის (ВЦИОМ) გამოკვლევის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის მიმართ ნდობის მაჩვენებელი 33,4%-მდე შემცირდა და ეს ისტორიული მინიმუმია ბოლო 13 წლის განმავლობაში. თუმცა პუტინი კვლავაც ინარჩუნებს ლიდერობას სხვა პოლიტიკოსებს შორის. ВЦИОМ-ის ინფორმაციით, ამ რიგში მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ თავდაცვის მინისტრი - სერგეი შოიგუ (13,7%) და საგარეო საქმეთა მინისტრი - სერგეი ლავროვი (9.3%). ანტირეიტინგს კი, ძველებურად, ვლადიმირ ჟირინოვსკი (26,3%) უდგას სათავეში.

ცენტრის მიერ 9-13 იანვარს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტის მუშაობას იწონებს რუსეთის მოქალაქეების 62,1%, ხოლო პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის საქმიანობა მოსაწონია, შესაბამისად, 35 და 39,5 პროცენტისთვის.

გამოკითხვა ჩაატარა რუსეთის მოსახლეობის „საზოგადოებრივი აზრის“ ფონდმაც (ФОМ). 12-13 იანვარს ჩატარებული გამოკითხვით, რუსეთის მოსახლეობის 54%-მა განაცხადა, რომ ხელისუფლების ქმედებები ბოლო თვის განმავლობაში მათში უკმაყოფილებასა და აღშფოთებას იწვევდა. ამასთან, გამოკითხულთა 70%-ის განცხადებით, ბოლო თვეში გარშემომყოფთაგან ესმოდათ კრიტიკული გამონათქვამები რუსეთის ხელისუფლების მისამართით. ეს არის უმაღლესი მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG