Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში დაკავებულ პირებს 100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს


20 ივლისს ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის დროს გამართული საპროტესტო აქციის 12 მონაწილეს, რომლებიც პოლიციამ დააკავა, სასამართლომ 100–100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა და გაათავისუფლა. როგორც ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთი“ იუწყება, ჯარიმის გადახდის ვადად აქციის მონაწილეებს 7 დღე განესაზღვრათ. დაკავებულების მიმართ სამართალწარმოება მიმდინარეობდა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით. ზუგდიდში აქცია შაბათს გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული პრაიმერის დროს. შალვა დადიანის სახელობის თეატრის წინ შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დელეგატებს ცოცხები და ბოთლები დაუშინეს. მათი მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზებიც ისმოდა. ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს საგანგებო განცხადებით გაემიჯნა „ქართული ოცნება“. „ჩვენს პოლიტიკურ ძალას არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ ფაქტთან და მიაჩნია რომ წინასაარჩევნო პროცესი სამართლიან, თანასწორ და თავისუფალ გარემოში უნდა მიმდინარეობდეს“ - ვკითხულობთ განცხადებაში. ინციდენტს შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა. „ნეტგაზეთის“ ცნობაში მოტანილი ციტატის თანახმად, მან განაცხადა „ჩვენ არ დავუშვებთ და ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას. და ყველა ის პიროვნება იქნება სამაგალითოდ და ძალიან მკაცრად დასჯილი კანონის შესაბამისად".
XS
SM
MD
LG