აშშ-ის მთავრობა შეუდგა ფედერალური უწყებების დახურვას მას შემდეგ, რაც კონგრესში ჩავარდა დროებითი ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი. შუაღამისას ვაშინგტონში, თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისმა გასცა ბრძანება ფედერალური უწყებების დახურვის დაწყების შესახებ. ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ აშშ-ის ფედერალური მთავრობა იძულებული გახდა შეწყვიტოს მუშაობა კონგრესში საბიუჯეტო კანონპროექტის ჩავარდნის გამო. აშშ-ის არმია და სხვა - აშშ-ის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურები - ფოსტა, საჰაერო მიმოსვლის კონტროლი, სასაზღვრო უწყება და სამართალდამცავები განაგრძობენ მუშაობას. სამშაბათიდან, ახალი ფინანსური წლის დასაწყისში ბევრი არასასიცოცხლო მნიშვნელობის ფედერალური სამსახური დაიხურება და ასობით ათას თანამშრომელს სახლებში დარჩენა მოუწევს. ეროვნული პარკები, მუზეუმები, მონუმენტები, ღირსშესანიშნავი ადგილები, როგორიც არის „თავისუფლების ქანდაკება“ დაიხურება. უცნობია, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ვითარება. თუკი კრიზისი ხანგრძლივი აღმოჩნდა, ეს ზეგავლენას მოახდენს აშშ-ისა და მსოფლიო ეკონომიკაზე. მნიშვნელოვნად აზარალებს ფედერალურ სამსახურებში დასაქმებულებს, რომლებიც ანაზღაურებას ვეღარ მიიღებენ.
ყველაზე პოპულარული
1