Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილმა და ვან რუმპემ ბრიუსელში ისაუბრეს ასოცირების შეთანხმებაზე


ევროპის საბჭოს პრეზიდენტ, ჰერმან ვან რუმპეს განცხადებით, წელს ბლოკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება. ამ საკითხს ის შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„წელს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, რომელიც პარაფირებულ იქნა ვილნიუსში, შარშან ნოემბერში“, განაცხადა ვან რუმპემ. მას არ დაუსახელებია საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის თარიღი, მაგრამ ღარიბაშვილის თქმით, ვან რუმპემ მასთან საუბარში დაადასტურა, რომ ხელმოწერა შესაძლოა, აგვისტოში მოხდეს. იუწყებიან აგრეთვე, რომ ვან რუმპემ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ამასთან, მან ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, იზრუნოს პოლიტიკური პლურალიზმისა და მედიის თავისუფლების დაცვაზე, ისევე როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტურობაზე.
XS
SM
MD
LG