Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი, საქართველო, უკრაინა და რუსეთი


21 თებერვალს გამოქვეყნდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ქართულად ნათარგმნი ვარიანტი. სწორედ ეს სქელტანიანი დოკუმენტი უხსნის გზას საქართველოს ევროპული ოჯახისკენ. ევროკავშირთან ასეთივე ასოცირების შანსი ეძლევა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში ჩართულ ყველა ქვეყანას, თუმცა ამ პროცესს აშკარად და დაუფარავად ეწინააღმდეგება რუსეთი. უკრაინაში განვითარებული სისხლიანი მოვლენებიც სწორედ ამ სახის დოკუმენტზე იანუკოვიჩის ხელისუფლების მიერ ნათქვამ უარს უკავშირდება.

1135-გვერდიანი დოკუმენტი, რომელსაც პარაფირება გასული წლის ნოემბერში ვილნიუსის სამიტზე გაუკეთდა, იწყება პრეამბულით, სადაც ევროკავშირი და საქართველო გამოხატავენ პატივისცემასა და ერთგულებას უცვლელი ფასეულობებისა და პრიორიტეტების მიმართ. პრეამბულაში ვკითხულობთ, რომ, ერთი მხრივ, ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის მყარდება ასოცირება და ამ ასოცირების მიზნებია, მაგალითად:

• ”ხელი შეუწყოს მხარეებს შორის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთო ღირებულებებსა და მჭიდრო კავშირებზე, მათ შორის, ევროკავშირის პოლიტიკაში, პროგრამებსა და სააგენტოებში საქართველოს მონაწილეობის გაზრდის გზით;

• უზრუნველყოს გაძლიერებული ჩარჩოს შექმნა საერთო ინტერესთა ყველა სფეროში გაღრმავებული პოლიტიკური დიალოგისთვის, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს, განავითარონ მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები;

• ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ სტაბილურობას.

მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ კანონის უზენაესობა, განახორციელონ კარგი მმართველობა, ებრძოლონ კორუფციას და სხვადასხვა ფორმის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულსა და ტერორიზმს, წაახალისონ მდგრადი განვითარება...
პრეამბულას მოჰყვება რვა კარი: ზოგადი პრინციპები; პოლიტიკური დიალოგი; თავისუფლება, უსაფრთხოება და მართლმსაჯულება; ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები; ეკონომიკური თანამშრომლობა; თანამშრომლობის სხვა სფეროები; ფინანსური დახმარება; დაბოლოს - ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები. დოკუმენტი ასევე მოიცავს რამდენიმე ათეულ დანართს, რომლებშიც დეტალურად არის გაწერილი თანამშრომლობის გეგმები მრავალი მიმართულებით.

”მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ კანონის უზენაესობა, განახორციელონ კარგი მმართველობა, ებრძოლონ კორუფციას და სხვადასხვა ფორმის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულსა და ტერორიზმს, წაახალისონ მდგრადი განვითარება, ეფექტიანი მულტილატერალიზმი და იბრძოლონ მასობრივი განადგურების იარაღისა და მათი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ. ეს ვალდებულებები წარმოადგენს მხარეებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის განვითარების ძირითად ფაქტორს და ხელს უწყობს რეგიონალურ მშვიდობასა და სტაბილურობას”, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ტექსტი საბოლოო ვერსია არ არის. როგორც საგარეო უწყება განმარტავს, ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტი, ევროკავშირის 24 ენაზე თარგმნის პროცესში, ჯერ ისევ იხვეწება სამართლებრივი და ლინგვისტური თვალსაზრისით და ეს დროს მოითხოვს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წიაღში გადმოქართულებული დოკუმენტი მედიას 21 თებერვალს მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ წარუდგინა და იქვე შეთანხმების დროულად ამოქმედების აუცილებლობაზეც ილაპარაკა:

მოხდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის სივრცეს. დღეს ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებებს საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების გარშემო...
გიუნტერ ოტინგერი
”საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარებისთვის შეთანხმების მნიშვნელობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივ მიზანს წარმოადგენს შეთანხმების ხელმოწერა რაც შეიძლება მოკლე დროში, 2014 წლის სექტემბრამდე”.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას მიმდინარე კვირაში კიდევ არაერთხელ გაესვა ხაზი და სწორედ ამ კონტექსტში განიხილა მინისტრმა ფანჯიკიძემ მოლაპარაკებების დაწყება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების გარშემო, რაც ნიშნავს საქართველოს ინტეგრაციას საერთო ევროპულ ბაზარზე ენერგეტიკის სფეროში. მოლაპარაკებების პროცესის დაწყება 20 თებერვალს თბილისში მყოფმა ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერმა გამოაცხადა და იქვე აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორულ ურთიერთობებში ახალი ერა დაიწყო:

"მოხდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის სივრცეს. დღეს ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებებს საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების გარშემო... ვფიქრობ, ოქტომბრამდე ჩვენ გვექნება კონკრეტული შედეგი, თქვენი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ჩართულობით, რათა საქართველო რაც შეიძლება სწრაფად ვიხილოთ ჩვენი ენერგეტიკული თანამეგობრობის სრულ წევრად”.

ეს არ არის მარტო იდე ფიქსი, რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი ან ევრაზიული კავშირი შექმნას. ეს არის, ყველაფერი, მისი პრაგმატული გათვლა, რადგან სხვაგვარად მის რეჟიმს არ შეუძლია თავისუფლების, დემოკრატიის პირობებში არსებობა...
მამუკა ჟღენტი
ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას საქართველოსთან ევროკავშირის წარმომადგენლები აგვისტოსთვის მოელიან და ეს, პარაფირების შემდეგ, რეკორდულად მოკლე ვადად მიიჩნევა. პროცესი უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა დააჩქარა, რადგანაც ვილნიუსის სამიტის წინ ცოტა ხნით ადრე იანუკოვიჩის ხელისუფლებამ უარი თქვა ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე, რასაც ხალხმრავალი აქციები და შემდეგ უკვე სისხლისღვრა და ათობით ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.

რუსეთი არ მალავს, რომ სასიცოცხლოდ დაინტერესებულია უკრაინაში განვითარებული მოვლენებით, ევროპული არჩევანისთვის ქუჩაში მდგარ უკრაინელებს ექსტრემისტებსა და კრიმინალებს უწოდებს და იმუქრება კიდეც, რომ ყველაფერს გააკეთებს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად. საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი, ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ევროპულ ფასეულობებს, მათ შორის, თვითგადარჩენისთვისაც, ებრძვის:

”ეს არ არის მარტო იდე ფიქსი, რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი ან ევრაზიული კავშირი შექმნას. ეს არის, ყველაფერი, მისი პრაგმატული გათვლა, რადგან სხვაგვარად მის რეჟიმს არ შეუძლია თავისუფლების, დემოკრატიის პირობებში არსებობა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ყველაფერი, მას სჭირდება გარშემოც იგივე გარემოს შექმნა... მაგრამ მას გეგმები ჩაეშალა. ამას შეიძლება რამდენიმე კვირა, თვე, გარკვეული პერიოდი დასჭირდეს (არ მინდა პროგნოზების გაკეთება...), მაგრამ ეს მას ჩაეშალა. შესაბამისად, ამას ექნება პირდაპირი ზეგავლენა პროცესებზე რუსეთში”.

მამუკა ჟღენტი უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი უკრაინის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ის ფიქრობს, რომ, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, უკრაინელი ხალხის ნება, ევროპული არჩევანი გაიმარჯვებს. ხოლო საქართველოს მოეთხოვება, მუდმივად გამოხატოს ევროპული ოჯახისკენ სწრაფვის სურვილი და, ამასთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან დიალოგში ადეკვატურად შეაფასოს რუსეთის აგრესია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG