Accessibility links

ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას

დიდი ბრიტანეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებისა და პროგრესის მიმართ - განაცხადა თბილისში გამართულ პრესკონფერენციზე გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა. მან აღნიშნა, რომ ევროპისკენ სწრაფვა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კანონის უზენაესობა და ეკონომიკის განვითარება თავად საქართველოს სურვილია და არა გარედან თავს მოხვეული არჩევანი. „ჩვენ ამ ამბიციებს მივესალმებით და რა თქმა უნდა, გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი, რადგან ეს არის დემოკრატიის წესი“, - განაცხადა უილიამ ჰეიგმა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა იმას, რომ საქართველო სულ მალე მოაწერს ხელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. უილიამ ჰეიგის განცხადებითვე, დიდი ბრიტანეთი დიდად აფასებს საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში. „ამ ყოველივეს დიდად აფასებს ნატოც და ვფიქრობ, უელსის სამიტზე გავაერთიანებთ ძალისხმევას პროგრესის მისაღწევად“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველა ახალი ამბავი

"ქართული ოცნების" კანდიდატმა ზუგდიდს და მთლიანად საქართველოს მშვიდობიანი არჩევნები უსურვა

"ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი შენგელია საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმა მისცა ზუგდიდის 28-ე სააარჩევნო უბანზე, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

შენგელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხმა მისცა ზუგდიდის განვითარებას, უკეთეს მომავალს, უფრო კეთილმოწყობილ ზუგდიდს და დაწყებული პროექტების გაგრძელებას.

გიორგი შენგელიამ ზუგდიდელებს და მთლიანად საქართველოს უსურვა მშვიდობიანი დღე და მშვიდობიანი არჩევნები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებში კენჭს 16 კანდიდატი იყრის.

სანდრა რულოვსმა ხმა ზუგდიდის საარჩევნო უბანზე მისცა

სანდრა რულოვსი ხმას აძლევს ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა თავისი არჩევანი ზუგდიდის 82-ე უბანზე გააკეთა.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ხმა მისცა განვითარებას, თავისუფალ გერმოში დასაქმებას, ნათელ, ევროპულ მომავალს და ცვლილებებს, სადაც კორუფციის, ზეწოლის და ნეპოტიზმის ნაცვლად მთავარია ადამიანებზე ზრუნვა.

რულოვსმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები მშვიდად ჩატარდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებში კენჭს 16 კანდიდატი იყრის.

ზუგდიდის ერთ უბანზე გადასატანი ყუთის შედეგების გაბათილებას ითხოვენ

ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანი

გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლები ითხოვენ ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის მონაცემების ბათილად ცნობას.

საჩივარი დაწერა ორგანიზაციამ „ქართული ორდენი,“ რომლის ინფორმაციით, გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცელს არ ჰქონდა ბეჭედი.

თავის მხრივ, როგორც საუბნო, ისე საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ ეს დარღვევა არ არის.

სწორედ ამ უბანზე მისცა ხმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა.

გიორგი გახარია: ზუგდიდში საბრძოლო იარაღიდან არ უსვრიათ

„ზუგდიდში გასროლა საბრძოლო იარაღიდან არ მომხდარა, - ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთაწმინდის N5 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.

გიორგი გახარიას თქმით, ზუგდიდში მობილიზებულია არა შინაგან საქმეთა სმაინისტროს უპრეცედენტო ძალები, არამედ დამკვირვებელთა უპრეცენდენტო რაოდენობა.

„დღევანდელ დღეს იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს, საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება ზუგდიდს, ზუგდიდში არის ზედმეტი კონცენტრირება დამკვირვებლების რაოდენობის, რომელიც უპრეცენდენტოა ამ ქალაქისთვის და საერთოდ საარჩევნო სისტემისთვის , ამიტომ ჩვენი ყურადღება ზუგდიდთან მიმართებაში არის საკმაოდ კონცენტრირებული. სწორედ ამიტომ, აბსოლუტური პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ყველა ის შენმთხვევა, იქნება ეს პროვოკაციები თუ უბრალო სამართალდარღვევა, პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იქნება განურჩევლად მხარეებისა აბსოლუტურად მკაცრი და სწრაფი. ისევე, როგორც მოვახდინეთ იმ შემთხვევის დროსაც, როდესაც მოხდა გასროლა. მიმდინარეობს გამოძიება, მე როგორც ვიცი, ეს არ იყო საბრძოლო იარაღი. ეს პიროვნება, როგორც ვიცი, დაკავებულია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ზუგდიდში 87-ე საარჩევნო უბანთან გასროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გაერთიანებული ოპოზიციის თანახმად, 18 მაისს, ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან მათ წარმომადგენელს, ზოია ქვარცხავას ჯერ დაუმიზნეს, შემდეგ კი ჰაერში გაისროლეს.

410 უბანზე პარლამენტის და საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 8 საათზე გაიხსნა.

პარლამენტის და საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები სულ მიმდინარეობს 410 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.

19 მაისის არჩევნებს აკვირდება 49 ადგილობრივი ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 მეთვალყურე. საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნებია

საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში მერის რიგგარშეშე, ან საკრებულოს შუალედური არჩევნები დაიწყო. 11-დან ორ მუნიციპალიტეტში როგორც მერს, ისე საკრებულოს მაჟორიტარ წევრს ირჩევენ.

საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა.

მერის რიგგარეშე არჩევნებია მარნეულის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ჭიათურის და ხულოს მუნიციპალიტეტებში. პოლიტიკური პარტიების და ბლოკების და საინიციატივო ჯგუფების მიერ სულ 74 კანდიდატია წარდგენილი.

მერობის ყველაზე მეტი, 16-16 კანდიდატია ზესტაფონსა და ზუგდიდში, 15 მარნეულში, 14 ხულოში და 13 ჭიათურაში.

საკრებულოს თითო წევრს ირჩევენ ახმეტის, საგარეჯოს, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილია სულ 85 კანდიდატი.

მერის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნების ჩატარება განაპირობა ამ მუნიციპალიტეტებში მერების და საკრებულოს წევრების გადადგომამ, ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემამ, ან გარდაცვალებამ.

მთაწმინდაზე პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ

თბილისის მთაწმინდის ოლქში დაიწყო საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები, რომელშიც 20 კანდიდატი მონაწილეობს. 14 წარდგენილია პოლიტიკური პარტიების და ბლოკების, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფების მიერ.

საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა.

პირველსავე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატს სჭირდება ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი.

პარლამენტის შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად 2016 წელს არჩეულმა, საინიციატივო ჯგუფის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის არჩევნების შედეგად დაიკავა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა.

ერდოანი აცხადებს, რომ რუსეთთან სარაკეტო შეთანხმება შესრულდება

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი კვლავ აცხადებს, რომ რუსეთისგან შეისყიდის S-400 ტიპის თავდაცვის სისტემას და ასევე რუსეთთან მომავალში ითანამშრომლებს S-500 ტიპის სისტემის შექმნაზე - მიუხედავად აშშ-ის ზეწოლისა ამ შეთანხმებების წინააღმდეგ.

"გამორიცხულია [თურქეთმა] უკან დაიხიოს S-400 სისტემის შესყიდვისგან. ეს გადაწყვეტილია" - განაცხადა ერდოანმა 18 მაისს, სტამბოლში სტუდენტებთან შეხვედრისას და დასძინა: "S-400-ის შემდეგ, ერთობლივად გამოვუშვებთ S-500-სს".

ერდოანმა ასევე თქვა, რომ, მისი მოლოდინით, აშშ ანკარას საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს F-35 საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებაში, ვაშინგტონის მხრიდან მუქარის ფონზე, რომ თურქეთი პროგრამას გამოეთიშება, თუ რუსეთისგან სარაკეტო სისტემას შეისყიდის. თურქეთმა თავისი არმიისთვის ამ ტიპის 100 თვითმფრინავზე გასცა შეკვეთა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და აშშ-ის კონგრესის წევრები თურქეთს მოუწოდებენ გააუქმოს რუსეთისგან ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვის გეგმა. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ის შეუთავსებელია ნატოს სისტემებთან და საფრთხეს უქმნის აშშ-ში წარმოებულ სამხედრო თვითმფრინავებს.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსში გაიმარჯვა ჰოლანდიელმა მომღერალმა

თელ-ავივში გამართული ევროვიზიის სასიმღერო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა ჰოლანდიელმა მომღერალმა, დუნკან ლოურენსმა. მან შეასრულა ბალადა "Arcade" და 492 ქულა მიიღო.

მეორე ადგილზე გავიდა იტალიელი ალესანდრო მახმუდი, მესამეზე - სერგეი ლაზარევი რუსეთიდან.

კონკურსის ფინალურ კონცერტზე სცენაზე გავიდა მადონა, მიწვეული ვარსკვლავის სტატუსით. მან წარმოადგინა ახალი სინგლი "Future", რომელიც რეპერ Quavo-სთან ერთად შექმნა. მადონამ ასევე შეასრულა ძველი ჰიტი, "Like A Prayer", რითიც ამ სიმღერის გამოსვლის 30-ე წლისთავი აღნიშნა.



ზუგდიდში  გასროლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თინა ბოკუჩავა, ზოია ქვარცხავა

ზუგდიდში 87-ე საარჩევნო უბანთან გასროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გაერთიანებული ოპოზიციის თანახმად, ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან მათ წარმომადგენელს, ზოია ქვარცხავას ჯერ დაუმიზნეს, შემდეგ კი ჰაერში გაისროლეს.

"ზოია ქვარცხავა, ჩვენი წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდა კომისიის ტერიტორიაზე, როდესაც გაურკვეველი პირები გადმოვიდნენ მანქანიდან და განახორციელეს ჰაერში გასროლა პისტოლეტიდან,მიუხედავად წინააღმდეგობისა, ქალბატონმა ზოიამ შეძლო დაეფიქსირებინა იმ მანქანის ნომერი, საიდანაც აღნიშნული პირები გადმოვიდნენ.

ჩვენ გაგვაჩნია ამ ავტომანქანის ნომრის ფოტომასალა და აღმოჩნდა, რომ ეს იყო იგივე მანქანა, რომელიც იმყოფებოდა საარჩევნო კომისიის შენობაში 14 მაისს, როდესაც იყო მცდელობა მირანდა მესხის ორგანიზებით სიების გატაცების.

ფაქტია, რომ ეს ადამიანი არის „ქართული ოცნების“ ზონდერი, ჩვენთვის უკვე ცნობილია მანქანის მეპატრონე ირაკლი ჩანგელია,რომელიც დაბადებულია 1999 წელს. თუ ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, იმედია, პოლიციასაც აქვს ეს ინფორმაცია და მოახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ზოია ქვარცხავა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან მხოლოდ ის თქვა, რომ გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა და შეუძლია იმ ადამიანის ამოცნობა, ვინც გაისროლა.

სომხეთში სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა ექსპრეზიდენტი ქოჩარიანი

სომხეთში სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი, მას შემდეგ, რაც დავის საგნად ქცეული მთიანი ყარაბაღის ამჟამინდელი და ყოფილი ლიდერები მას პირადად ჩაუდგნენ თავდებში.

ქოჩარიანის სასამართლო მიმდინარე თვეში დაიწყო. მას ბრალად ედება კონსტიტუციური წყობის დამხობა მისი ათწლიანი მმართველობის ბოლო კვირებში, 2008 წლის აპრილში.

ერევნის სასამართლომ 18 მაისს გამოაცხადა, რომ 64 წლის ქოჩარიანი, რომელიც დეკემბრის შემდეგ იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში, გათავისუფლდება, რადგან მთიანი ყარაბაღის ლიდერები მას თავდებში ჩაუდგნენ და გარანტა გასცეს, რომ სასამართლოს განახლებისას ის სხდომაზე გამოცხადდება.

ქოჩარიანს ბრალი ედება უშიშროების ძალებისთვის უკანონო ბრძანების გაცემაში, რათა მათ ძალა გამოეყენებინათ ოპოზიციის მომხრეების მიმართ - რომლებიც აპროტესტებდნენ გაყალბების შესახებ ცნობებს 2008 წლის თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში. რვა დემონსტრანტი და ორი პოლიციელი შეეწირა 2008 წლის 1 მარტს დაწყებული საპროტესტო აქციების ჩახშობის პროცესს უშიშროების ძალების მხრიდან. ძალის გამოყენებამდე ქოჩარიანმა სამკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ქოჩარიანი ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

1998-2008 წლებში სომხეთის პრეზიდენტის პოსტზე მსახურებამდე, ქოჩარიანი მთიანი ყარაბაღის ლიდერი იყო.






ლევან ბეჟაშვილი: მოვუწოდებ პოლიციას დღესვე დაადგინოს, ვინ ისროლა საარჩევნო უბანთან

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან მათი წარმომადგენლის მისამართით მოხდა გასროლა. შტაბის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ეს არის კომისიის წევრი ენმ- დან ზოია ქვარცხავა, რომელმაც გადაიღო უბანზე არსებული დარღვევები. ოპოზიცია მოითხოვს, დაუყოვნებლივ დადგინდეს დანაშაულის ჩამდენის ვინაობა:

დღეს სროლა განხორციელდა ჩვენი კომისიის წევრის მიმართ. ეს ის ადამიანია, ვინც დააფიქსირა დარღვევები გადასატან ყუთთან დაკავშირებით, რომელზეც მანამდეც ხორცილდებოდა ზეწოლები. როგორც ვიცით, პროცესში უკვე ჩართულია პოლიცია, დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ სამართალდამცავ ორგანოებთან, რომ ოპერატიულად მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ ვისი მხრიდან შეიძლებოდა რომ ეს გასროლა ყოფილიყო განხორციელებული.

მოვუწოდებ პოლიციას, რომ დაუყონებლივ მოახდინოს ამ საქმეზე რეაგირება. ეს უნდა მოხდეს არჩევნებამდე, რათა ყველა კრიმინალს და თავქარიანს, ვისაც განზრახული აქვს არჩევნებში ძალადობა და ამომრჩეველზე ზეწოლა, დაივიწყოს კრიმინალური ქმედებები, ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა და მოახდინოს ადეკვატური რეაგირება, რათა მოქალაქეებს მიეცეთ თავისუფალ და სამართლიან რეჟიმში არჩევანის განხორციელების საშუალება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ზუგდიდის 87 - ე საარჩევნო უბანზე რამდენჯერმე გაისროლა უცნობმა პირმა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჟანა ყურუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ უბანზე მუშაობისას კომისიის წევრებმა გაიგეს ხმაური, რომელიც ე.წ. „ხლოპუშკის“ ხმას ჰგავდა.

ჟანა ყურუას თანახმად, საუბნო კომისიის თანამშრომლებმა ამ ხმას ყურადღება არ მიაქციეს და მუშაობა განაგრძეს, თუმცა ოთახში „შევარდა“ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, ზოია ქვარცხავა, რომელმაც განაცხადა, რომ მანქანიდან ისროლეს.

ზოია ქვარცხავა ამ წუთებში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. მასთან ერთად არის გაერთიანებული ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი.

ზუგდიდის 87-ე საუბნო კომისიასთან სროლის ხმა გაიგეს

ზუგდიდის 87 - ე საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა უცნობმა პირმა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჟანა ყურუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ უბანზე მუშაობისას კომისიის წევრებმა გაიგეს ხმაური, რომელიც ე.წ. „ხლოპუშკის“ ხმას ჰგავდა.

ჟანა ყურუას თანახმად, საუბნო კომისიის თანამშრომლებს ამ ხმისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ და მუშაობა განაგრძეს, თუმცა ოთახში „შევარდა“ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, ზოია ქვარცხავა, რომელმაც განაცხადა, რომ მანქანიდან ისროლეს.

ზოია ქვარცხავა ამ წუთებში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. მასთან ერთად არის გაერთიანებული ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი.

"ოდიშის" ჟურნალისტს ზუგდიდის სასამართლომ 3000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა

ლევან თორია სასამართლო სხდომაზე

დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ ლევან თორიას და მამუკა ცირდავას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 3000-3000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო, რითაც დააკმაყოფილა პროკურორ ილია ტორუას მოთხოვნა.

სხდომაზე ბრალდებული, ტელეკომპანია "ოდიშის" გადაცემის წამყვანი ლევან თორია წარდგენილ ბრალს არ დაეთანხმა. "მე თავს ვიცავდი. რაც ვიდეოზეა ასახული, ეს არის თავდაცვა, რადგან მომვარდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს",- აღნიშნა მან.

თავის მხრივ ბრალდებულის ადვოკატმაც განაცხადა, რომ ლევან თორია თავს იცავდა და საქმის მასალებით მისი ბრალეულობა არ დასტურდება.

მიუხედავად იმისა, რომ ლევან თორია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, სასამართლო პროცესზე ადვოკატმა მისთვის გირაოს სახით მინიმალური თანხის ოდენობის დაკისრება მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

დადიანების ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა ასევე ბრალდებულ მამუკა ცირდავას. მან ბრალი აღიარა და დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას. მანამდე პატიმრობა შეეფარდა იმავე საქმეზე დაკავებულ გელა კვარაცხელიას.

ტელეკომპანია "ოდიშის" ინფორმაციით, 14 მაისს, დადიანების ეზოში პარტია "ქართული ოცნების" კოორდინატორები გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს გადაცემის ჩაწერის დროს დადიანების ეზოში დაუპირისპირდნენ. ამავე მედიის ცნობით, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სანდრა რულოვსის თანმხლებ პირებს და გადაცემის წამყვანს ლევან თორიას.

ცესკო  19 მაისის არჩევნებში ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს

ანა მიქელაძე

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია აგიტაცია, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ. მისივე თქმით, არჩევნების დღეს, ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე.

„19 მაისს, დილის 07:00 სთ-დან იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

საჭიროებისას ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გამადიდებელი ლინზით, ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმითა და ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერით. ასევე, ადაპტირებული საარჩევნო უბნები აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით”, - განმარტა ა ანა მიქელაძემ.

მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მოუწოდებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ცესკო მიმართავს ასე საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას და ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელებას.

უკრაინაში დაიშალა მთავარი საპარლამენტო კოალიცია

უკრაინაში დაიშალა მთავარი საპარლამენტო კოალიცია, რაც წარმოადგენს დარტყმას ახალი პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის გეგმებისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ.

პარლამენტის სპიკერმა, ანდრეი პარუბიმ 17 მაისს გამოაცხადა კოალიცია ევროპული უკრაინის დაშლის შესახებ, მას შემდეგ, რაც სახალხო ფრონტის ლიდერმა, მაკსიმ ბურბაკმა თქვა, რომ მისი პარტია კოალიციიდან გადის.

სახალხო ფრონტი სიდიდით მეორე ფრაქციაა ვერხოვნა რადაში. ამ ნაბიჯს აღიქვამენ დეპუტატების მანევრად გადაიდოს, ან საერთოდ არ შედგეს პარლამენტის დათხოვნის პროცესი, რასაც ზელენსკი 20 მაისს დანიშნული ინაუგურაციის შემდეგ გეგმავს, რადგან თვლის, რომ პარლამენტი არ გამოხატავს უკრაინელი ხალხის ინტერესებს.

უკრაინაში პოლიტიკოსები ახლა იმის შესახებ მსჯელობენ, დააგვიანა თუ არა ზელენსკიმ პალატის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, იმ ფონზე, როცა საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერსაა დანიშნული.

ბრიტანეთში ლეიბორისტულმა პარტიამ შეწყვიტა ბრექსიტზე მოლაპარაკება კონსერვატორებთან

ბრიტანეთში შეწყდა მოლაპარაკება მმართველ კონსერვატიულ პარტიასა და ოპოზიციურ ლეიბორისტულ პარტიას შორის, მას შემდეგ, რაც მხარეებმა ვერ მიაღწიეს კომპრომისულ შეთანხმებას ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პირობების შესახებ.

ლაიბორისტულმა პარტიამ 17 მაისს განაცხადა, რომ დაასრულა მოლაპარაკება პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან და თქვა, რომ შეთანხმება ვერ შედგა მეის სუსტი პოზიციების გამო, პერიოდში, რომელიც შესაძლოა მისი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო კვირები იყოს.

ლეიბორისტების ლიდერის, ჯერემი კორბინის თქმით, მეისთან აზრთა უთანხმოების გადალახვა ვერ მოხერხდა. კორბინი ასევე ეჭვს გამოთქვამს, რომ მეის შემცვლელი დაიცავდა შეთანხმებას, რომელიც შესაძლოა ამ შეხვედრას მოჰყოლოდა. კორბინი ამბობს, რომ ლეიბორისტული პარტია კვლავაც შეეწინააღმდეგება მთავრობის მიერ მიღწეულ ბრექსიტის შეთანხმებას.

ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ უარყო მეის მიერ ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმება ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პირობების შესახებ. ივნისის დასაწყისში შეთანხმება კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ დადგება.

თავდაპირველი გეგმით, ბრიტანეთი ევროკავშირიდან მარტის ბოლოს უნდა გასულიყო. შემდეგ ახალ თარიღად 31 ოქტომბერი გამოცხადდა.

მარინ ლე პენი ისტორიულ გამარჯვებას ელის ევროპის საპარლამენტო არჩევნებში

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი, მარინ ლე პენი აცხადებს, რომ მსგავს პოზიციებზე მყოფი, მემარჯვენე-პოპულისტური ძალები "ისტორიულ გამარჯვებას" მოიპოვებენ მომავალ კვირაში დანიშნულ ევროპის საპარლამენტო არჩევნებზე.

ლე პენი თვლის, რომ "ერთა ევროპა" და საპარლამენტო ჯგუფი "თავისუფლება" არჩევნებში დიდ წარმატებას მოიპოვებენ "და ევროპაში მერვე ადგილიდან მესამე, ან შესაძლოა მეორე ადგილზე გადაინაცვლებენ".

ლე პენი ამ განცხადებებით გამოვიდა 18 მაისს, ევროპის საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე, რომელიც იტალიის მემარჯვენე ლიგის ლიდერის და შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის მიერ მილანში იყო ორგანიზებული. სალვინი ცდილობს შექმნას ულტრამემარჯვენეთა პანევროპული გაერთიანება, ევროკავშირის პოლიტიკის შესაცვლელად. "ჩვენ ევროპის ისტორიას ვცვლით, ჩვენი მომავლის სადავეებს საკუთარ ხელში ვიღებთ, ჩვენი შვილების სახელით" - აცხადებს სალვინი ფეისბუკზე გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო ვიდეოში.

საიდუმლო ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ გადადგა ავსტრიის ვიცე-კანცლერი

ავსტრიის ვიცე-კანცლერი, ჰაინც-კრისტიან შტრახე პოსტიდან გადადგა მას შემდეგ, რაც გავრცელდა საიდუმლო ვიდეოჩანაწერი მის შეხვედრაზე პირთან, რომელიც თავს რუსეთის მდიდარ მოქალაქედ აღწერს. ჩანაწერში შტრახე ამ პირს სამთავრობო კონტრაქტებს სთავაზობს, პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ.

შტრახემ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება 18 მაისს გამოაცხადა, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ჩანაწერი გავრცელდა გამოცემების "შპიგელი" და "ზიუდდოიჩე ცაიტუნგის" მიერ. ჩანაწერში ჩანს, როგორ სტავაზობს შტრახე ინფრასტრუქტურულ კონტრაქტებს ქალს, რომელიც თავს წარმოაჩენს მდიდარ პოტენციურ დონორად რუსეთიდან.

შეხვედრა შედგა ესპანეთის კუნძულ იბიცაზე, 2017 წლის ივლისში, რამდენიმე თვით ადრე მანამ, სანამ ავსტრიაში გაიმართებოდა საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც შტრახეს თავისუფლების პარტია ხელისუფლებაში მოიყვანა და თავად შტრახე ვიცე-კანცლერად აქცია.

ჯერჯერობით უცნობია ვინ გადაიღო ვიდეოჩანაწერი.

სკანდალის გამო ავსტრიაში უკვე გამოთქვამენ ეჭვებს მმართველი კოალიციის მომავალზე. კოალიციაში შედიან შტრახეს ანტი-იმიგრაციული თავისუფლების პარტია და კანცლერ სებასტიან კურცის მემარჯვენე-ცენტრისტული სახალხო პარტია.

ირანში სამ მწერალს საერთო ჯამში 18 წლით მიუსაჯეს პატიმრობა

ირანში სასამართლომ სამ მწერალს საერთო ჯამში 18 წლით მიუსაჯა პატიმრობა, მას შემდეგ, რაც ისინი დამნაშავედ სცნო ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში.

გავრცელებული ცნობებით, რეზა ხანდან მაჰაბადი, ბაქტაშ აბტინი და ქაივან ბაიანი დამნაშავედ სცნეს "ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში" და "ეროვნული უსაფრთხოების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმაში", და ექვს-ექვსი წლით მიუსაჯეს პატიმრობა. როგორც იუწყებიან, სასამართლო აპრილის ბოლოს გაიმართა.

ირანში ამ ტიპის ბრალდებებს ხშირად უყენებენ ინტელექტუალებს და ირანის კლერიკალური მმართველების კრიტიკოსებს. სამივე პატიმარი წევრია ირანის მწერალთა ასოციაციისა, რომელიც ხელისუფლების ზეწოლას განიცდის, მის წევრებს იბარებენ დაკითხვებზე, ემუქრებიან და ციხეში სვამენ.

"ეს სასამართლო არ არის მხოლოდ სამი მწერლის დასჯა. ეს არ იყო სასამართლო მხოლოდ მწერალთა ასოციაციის წინააღმდეგ. ამით დასაჯეს ყველა მწერალი და სხვებიც, ვისაც სურს ისარგებლოს გამოხატვის თავისუფლების უფლებით" - აცხადებს ჯგუფი განცხადებაში და დასძენს, რომ ხელისუფლებას არ წარუდგენია მყარი მტკიცებულებები ბრალდებების დასადასტურებლად.

მიმდინარე თვეში PEN International-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამდა სამი მწერლის სასამართლო პროცესზე და ირანის მთავრობას ბრალდებების გაუქმებისკენ და გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებდა.

საქართველოს ხვალ ეწვევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი

კრისტინ ლაგარდი

საქართველოს 19-21 მაისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი, კრისტინ ლაგარდი

სსფ-ის მმართველი დირექტორი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს.

როგორც პრემირ-მინისტრის პრესსამსახურში აღნიშნავენ, კრისტინ ლაგარდის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დასტურია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის ეკონომიკური ზრდის, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.

სსფ-ის მხარდაჭერით საქართველოში სამწლიანი პროგრამა 2017 წელს დაიწყო. „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) ფარგლებში, პროგრამა 285 მილიონი აშშ დოლარით ფინანსდება. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მიაღწიოს ინკლუზიური ზრდის მაღალ ტემპს, უზრუნველყოს ქვეყნის ფისკალური მდგრადობა, შეამციროს ეკონომიკის მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ, გააძლიეროს ფისკალური და მონეტარული ინსტიტუციები და გააუმჯობესოს ფინანსური და სოციალური დაცვის მექანიზმები.

. „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი“ მხარს უჭერს ხელისუფლების ეკონომიკურ რეფორმებს. საქართველომ პროგრამის სამი მიმოხილვა დაასრულა და მის განხორციელებას განაგრძობს.


კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-11 მმართველი დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. იგი ამ თანამდებობაზე პირველი ქალი ხელმძღვანელია, რომელიც 2016 წელს მეორე ვადით აირჩიეს.

ირანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, აშშ აფრთხილებს სპარსეთის ყურეზე გადამფრენ ავიახაზებს

აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია (FAA) გაფრთხილებით მიმართავს სპარსეთის ყურის წყლებზე გადამფრენ აშშ-ის კომერციულ ავიახაზებს, რომ აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, არსებობს საფრთხე ისინი შეცდომით სხვა ხომალდებად მიიჩნიონ.

FAA-მა გაფრთხილება 16 მაისს გამოსცა. უწყება ამბობს, რომ გაფრთხილების ფონია "რეგიონში გაზრდილი სამხედრო აქტივობები და მომატებული პოლიტიკური დაძაბულობა, რაც აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ოპერატორებს უნებლიე და მზარდ საფრთხეს უქმნის, არასწორი გათვლების და მცდარი იდენტიფიკაციის შესაძლებლობის გამო".

ბოლო დღეებში დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა და გაჩნდა შეშფოთება აშშ-ისა და ირანს შორის სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობაზე. აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში და სპარსეთის ყურეში თავისი სამხედრო ძალების გაზრდის ბრძანება გასცა, და ამის მიზეზად ირანისგან მომავალი შესაძლო საფრთხე დაასახელა. სახელმწიფო დეპარტამენტმა მეზობელი ერაყის დატოვება დაავალა აშშ-ის საელჩოს მუშაკებს, გადაუდებელ საკითხებზე მომუშავეთა გარდა.

ირანი უარყოფს ვაშინგტონის განცხადებებს თეირანის მხრიდან "მოახლოებულ საფრთხეებზე" და აშშ-ის ბრალს სდებს დაძაბულობის "მიუღებელ" ესკალაციაში.

ორივე მხარე აცხადებს, რომ ომი არ სურთ.

რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შენელდა, დღგ-ის ზრდის ფონზე

მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად შენელდა რუსეთის ეკონომიკა, რასაც მთავრობა აბრალებს მომხმარებლებს შორის მოთხოვნის კლებას, დამატებითი ღირებულების გადასახადის მომატების შემდეგ.

რუსეთის სტატისტიკურმა სამსახურმა, როსსტატმა, 17 მაისს განაცხადა, რომ 2019 წლის პირველ სამ თვეში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მხოლოდ 0.5 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2017 წლის შემდეგ, როცა ზრდა მხოლოდ 0.3 პროცენტი იყო.

ეკონომიკის სამინისტრო მანამდე ვარაუდობდა მშპ-ის ზრდას 0.8 პროცენტით. ცენტრალური ბანკის პროგნოზი კიდევ უფრო ძლიერი იყო და 1.5 პროცენტს უტოლდებოდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეკონომიკის შენელება "მოსალოდნელი იყო და უკავშირდება შიდა მოთხოვნის კლებას, გადასახადების გაზრდის ფონზე", ანუ მას მერე, რაც დღგ 18-დან 20 პროცენტამდე გაიზარდა.

დღგ-ის გაზრდის კანონს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შარშან მოაწერა ხელი და ის 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. მთავრობის ამ ინიციატივამ, ისევე, როგორც საპენსიო ასაკის გაზრდის გეგმამ, მოსახლეობაში დიდი პროტესტი გამოიწვია, რასაც მოჰყვა პუტინის და მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთის რეიტინგების ვარდნა.

ტელეკომპანია "ოდიშის" გადაცემის წამყვანის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება

ლევან თორია

ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემის, "ლუსტრაცია" წამყვანი, ლევან თორია, რომელსაც ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. იგი ამბობს, რომ მისთვის ბრალის წარდგენა, მაშინ როცა ის რეალურად თავს იცავდა და უდანაშაულოა, არის ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების დაშინების მორიგი მცდელობა.

„ეს არის ზეწოლის მცდელობა ტელევიზიაზე და ჟურნალისტებზე. ეს არის ზეწოლის მცდელობა კრიტიკული აზრი მქონე ადამიანებზე. ეს არის ზოგადად ადამიანების დაშინების მცდელობა. ეს მარტო მე არ მეხება, ეს ეხება მთლიანად საზოგადოებას. ვფიქრობ, რომ ეს უსამართლობა არავის შეგვაშინებს და სულ მალე დასრულდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან თორიამ.

ლევან თორიას სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს, 18 მაისს უნდა გაიმართოს, თუმცა სხდომის ზუსტი დრო ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ჟურნალისტს სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს. „ველოდები ყველაფერს ცუდს“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემის წამყვანს, ლევან თორიას ბრალი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით 17 მაისს წარედგინა. საქმე ეხება 14 მაისს დადიანების მუზეუმის ეზოში მომხდარ ინციდენტს, სადაც ტელეკომპანია "ოდიშის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" კოორდინატორები გადაცემის ჩაწერის დროს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტებს, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს და მის თანმხლებ პირებს.

საქმეზე დაკავებულია მოქალაქე გელა კვარაცხელია. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შსს-ს ცნობით, 17 მაისს ამ საქმეზე ბრალი წარედგინა კიდევ ერთ პირს, მ.ც-ს, დაზარალებულად ცნეს ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძე.

ოპოზიცია ზუგდიდში 14 მაისს მომხდარ დაპირისპირებაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ადანაშაულებს. მმართველი პარტიის ადგილობრივ ოფისში კი რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გელა კვარაცხელია „ქართული ოცნების“ წევრი ან კოორდინატორი არ არის.

სალომე ზურაბიშვილი დაესწრება ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია მედიასთან თავად პრეზიდენტმა დაადასტურა. მისი პრესსამსახურის თანახმად კი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში 20 მაისს დილით გაფრინდება.

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს უმაღლესი რადას შენობაში, საზეიმო სხდომათა დარბაზში გაიმართება.

21 აპრილს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, შოუმენ ვლადიმირ ზელენსკის ერგო ხმების 73,22%.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზელენსკის ხმა მისცა 13,5 მილიონამდე ადამიანმა. ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოაგროვა 4 522 450 ხმა, 25%-ზე ნაკლები.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG