Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი განაგრძობს სამუშაო ვიზიტს აშშ-ში


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი განაგრძობს სამუშაო ვიზიტს აშშ-ში. თინა ხიდაშელი ვაშინგტონში შეხვდა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს მაიკლ კარპენტერს და მოადგილის თანაშემწეს ევროპისა და ნატოს პოლიტიკის საკითხებში, ჯეიმს ტაუნსენდს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენტაგონში შეხვედრის დღის წესრიგში იყო ერთობლივი წვრთნები, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადება, რუსეთის ქმედებები და რეგიონული უსაფრთხოების გარემო. თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობები აქტიურად მუშაობენ, რათა წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობა მუდმივად დაიტვირთოს ახალი, საინტერესო და პრაქტიკული პროექტებით. ხიდაშელის თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს და უახლოეს მომავალში არ არის გამორიცხული უმნიშვნელოვანესი სიახლეები. ვაშინგტონში გაიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვიქტორია ნულანდის შეხვედრაც. მათ განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობების, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განხორციელების საკითხები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიქტორია ნულანდთან შეხვედრისას თინა ხიდაშელმა ილაპარაკა ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს პერსპექტივებსა და ამ პროცესში აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და პენტაგონში გამართული შეხვედრები შეაფასა როგორც „მეტად შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული.“

XS
SM
MD
LG