Accessibility links

ახალი ამბები

2016 წელს მოკლული ჟურნალისტების რიცხვი შემცირდა

პრესის თავისუფლების დამცველი ორგანიზაცია იტყობინება, რომ 2015 წელთან შედარებით, შემცირდა იმ ჟურნალისტების რაოდენობა, რომლებიც მოკლეს პროფესიული ნიშნით. ამავე პერიოდში გაიზარდა საომარი მოქმედების ზონაში მომუშავე მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა. ამ ინფორმაციას ავრცელებს ნიუ-იორკში დაფუძნებული, "ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტ"ი, რომელმაც დღეს გამოაქვეყნა ანგარიში 2016 წელს მოკლული ჟურნალისტების შესახებ. ანგარიშში მითითებულია, რომ 2016 წლის პირველი იანვრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს მოკლეს 48 ჟურნალისტი. შარშანდელი მაჩვენებელი 72 იყო. ორგანიზაციის თანახმად, იძიებენ 27 ჟურნალისტის სიკვდილის გარემოებას, რათა დადგინდეს, იყო თუ არა მკვლელობა მათ საქმიანობასთან კავშირში.

ყველა ახალი ამბავი

ტრამპი: პაკისტანს ჩვენთვის საერთოდ არაფერი გაუკეთებია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პაკისტანი გააკრიტიკა, მათ ჩვენთვის "საერთოდ არაფერი გაუკეთებიათო" და დაიცვა თავისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ისლამაბადს შეეწყვიტოს ასობით მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების მიწოდება. მიმდინარე წელს ტრამპმა გააუქმა პაკისტანისთვის გამოყოფილი, 800 მილიონ დოლარამდე ოდენობის სამხედრო დახმარება და განაცხადა, რომ პაკისტანი საკმარის ძალისხმევას არ იჩენს მის ტერიტორიაზე ავღანეთის თალიბანის და ჰაყანის ქსელის წევრების თავშესაფრების ამოსაძირკვად. ტელეკომპანია ფოქს ნიუსის მიერ 18 ნოემბერს გადაცემულ ინტერვიუში ტრამპმა პაკისტანი დაადანაშაულა ალ-ყაიდის დამფუძნებლის, ოსამა ბინ ლადენის დახმარებაში, მისთვის სამალავის აღმოჩენით. ბინ ლადენი აშშ-ის სპეცრაზმელებმა 2011 წელს მოკლეს, პაკისტანში, აბოტაბადში განხორციელებული რეიდის დროს. ბინ ლადენის სამალავი მოკლე მანძილით იყო დაშორებული პაკისტანის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამხედრო აკადემიის შენობას. ტრამპმა უფრო ადრე ტვიტერით დაწერა, "აშშ-მა სისულელით პაკისტანს 33 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო ბოლო 15 წლის განმავლობაში, ისინი კი პასუხად მხოლოდ ტყუილებს და სიცრუეს გვაძლევდნენ, ჩვენს ლიდერებს სულელებად მიიჩნევდნენ". პაკისტანი უარყოფს ბრალდებას, რომ საკმარის ძალისხმევას არ იჩენს ტერორიზმთან ბრძოლაში და უსაფრთხო თავშესაფარს აძლევს ავღანეთში მოქმედ ექსტრემისტებს.

ფონდი „ქართუ“ მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა

„ქართუ“ ფონდში მთავრობის ინიციატივის შესახებ, რომელიც 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერას გულისხმობს მედიისთვის კომენტარი გაკეთდა.

ფონდის გამგეობის თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი. ამ საკითხზე ფონდი საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ძალზედ საინტერესო ინიციატივა, რომელზეც ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან. ფონდის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი. ამ წლის ბიუჯეტი უკვე გადაწყვეტილი საკითხია და აღნიშნული ფული უკვე დარეზერვებულია. ხოლო მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ,“ - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარე: ხელშეკრულებაში დავალიანების სრულ ანაზღაურებაზე საუბარი არ არის

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარე ბესიკ შენგელიას თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ფარგლებში არ განხილულა და ხელშეკრულების პროექტი ერთი საათის წინ მიიღო. მასში ისეთ ტექნიკური დეტალებია, რომლებიც პრემიერის გამოსვლაში არ თქმულა.

„სულ ერთი საათია, რაც ამ ინიციატივის შესახებ გავიგეთ. ასოციაციის ფარგლებში არავითარი კონსულტაცია არ გამართულა, შაბათს მოეწყო შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში, რომელსაც ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და რამდენადაც ვიცი, მიკროსაფინანსოებიდან მხოლოდ „კრისტალი“ იყო წარმოდგენილი. პრემიერის განცხადება იყო ძალიან ზოგადი, ტექნიკურ დეტალებზე არანაირი განმარტება არ ყოფილა. სულ ახლახანს გადმოგვეცა ხელშეკრულების დრაფტი და ეროვნულ ბანკთან ახლა უნდა გავიაროთ კონსულტაციები. როდის მოხდება ანაზღაურება, რა ტიპის მსესხებლებს უნდა შეეხოს? უცნობია. ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერ და ურჩ გადამხდელებთან, შესაძლოა საუბარი იყოს ფინანსურ დანაშაულზეც“, - განაცხადა ბესიკ შენგელიამ. მისი სიტყვებით, ხელშეკრულების სამუშაო ვერსიაში საუბარი დავალიანების სრულ ანაზღაურებაზე არ არის.

„აქ ხანდაზმული სესხების სრულ ანაზღაურებაზე საუბარი არ არის, საუბარია მიმდინარე ძირითადი თანხის 9%-ზე და უახლეს მიმდინარე სესხებზე - 14%-ის ანაზღაურებაზე. საუბარი არ არის დარიცხული პროცენტიდან ჯარიმის ანაზღაურებაზე, რომელიც კაპიტალიზებულია. ანუ დრაფტში რაც წერია, საუბარია ნაწილობრივ ანაზღაურებაზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბესიკ შენგელიამ.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობის ინიციატივა დავალიანებების განულების თაობაზე, მოიცავს სესხის ძირის, პროცენტის და დარიცხული ჯარიმის ანაზღაურებას. საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება. ვალების განულების პროცესი კი ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.

სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადება ანტისემიტიზმად შეაფასა

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, „ქართული ოცნების“ მიერ მხარადჭერილი სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს და მის ღირებულებებს. ჟურნალისტებმა ზურაბიშვილს კომენტარი თხოვეს სააკაშვილის განცხადებაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პიარისთვის ჩამოიყვანა „ებრაელი აფერისტი.“

„ასეთი გამოთქმები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ ანტისემიტურ გამოთქმებში ჯდება, რაც საქართველოს არასოდეს ახასიათებდა. საქართველო მსოფლიოში ყოველთვის ცნობილი იყო იმით, რომ აქ ანტისემიტიზმი არასდროს არსებობდა. ეს არის შეურაცხყოფა საქართველოსი, ქართული ღირსების, ღირებულებებისა და მიუღებელია“ - უთხრა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.

18 ნოემბერს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ვიღაც ებრაელ აფერისტ მოშედ" მოიხსენია პიარის სპეციალისტი, მოშე კლუგჰაფტი, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დახმარებას უწევს „ქართულ ოცნებას“ და მისგან მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.

ხადის ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ხადის ხეობაში მომხდარი მკვლელობისა და გაუპატიურების საქმეში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას მოითხოვს. 19 ნოემბერს, სასამართლო სხდომის დაწყებამდე კობაიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ბრალდებას უსუსური მტკიცებულებები გააჩნია და რომ არ არსებობს მოსამართლისგან მათი რაიმე ფორმით გაზიარების საფუძველი.

19 ნოემბრის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე მოითხოვს ეს საქმე საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ხადის ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს ბრალი ცოტა ხნის წინ დაუმძიმდა. პროკურატურის ცნობით, მალხაზ კობაურს ბრალად ედება ლორა სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა. მანამდე კობაურს ბრალი ედებოდა მისი მეუღლის, რაიან სმიტისა და მათი მცირეწლოვანი შვილის ქელებ ისმატ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში.

საქართველოს კანონმდებლობით კობაურს ამ დანაშაულების ჩადებისათვის თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ირაკლი კობახიძე ბანერების დამკვეთად ბიზნესმენებს ასახელებს

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბანერები წარწერით: „არა ნაცებს - არა ბოროტებას“, რომლებიც ქალაქში არჩევნების მეორე ტურის წინ გამოჩნდა, იმ ადამიანების ინიციატივით დაიდგა, ვინც „თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წნეხი და რეპრესია განიცადეს“.

კობახიძის სიტყვებით, საუბარია ბიზნესმენებზე, რომელთაც თავიანთი იდეა არც „ქართული ოცნებისთვის“ დაუმალავთ და ტექნიკურ საკითხებზე პარტიასაც დაუკავშირდნენ. ბანერების შინაარსი კი, კობახიძის განმარტებით, მათ თავად გადაწყვიტეს.

„ეს რეპრესირებული ადამიანები, ცხადია, საკუთარ ინვესტიციას დებენ იმაში, რომ არავითარ შემთხვევაში “ნაცმოძრაობა“ საქართველოში არ დაბრუნდეს“, - უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ბანერებზე გამოსახულნი არიან მიხელ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დათა და ბაჩო ახალაიები, ზურაბ ადეიშვილი, ნიკა გვარამია, მეგის ქარდავა და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

გრიგოლ ვაშაძემ სასოწარკვეთილი "ქართული ოცნების" ტრიუკი უწოდა საკრედიტო დავალიანების განულებას

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „წაგების შიშით მოტივირებული სასოწარკვეთილების ჟესტი“ უწოდა საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ საფინანსო ორგანიზაციების მიმართ არსებული დავალიანება გაუნულდება „შავ სიაში“ მყოფ 600 ათასამდე მოქალაქეს.

„ჩვენ ვთავაზობთ საბანკო სისტემის ძირეულ რეფორმას და ე.წ. ქართული ოცნების ხელისუფლება კიდევ ცდილობს ის, რაც ხდება რუტინულად ყოველი წლის ბოლოს, გაასაღოს ინიციატივად. ბანკები ყოველი წლის ბოლოს ისედაც ჩამოწერენ ხოლმე უიმედო სესხებს. შარშან ჩამოწერეს 75 მილიონზე მეტი. არავითარი მილიარდნახევარი არ იქნება, დარწმუნებული იყავით ეს არის ტრიუკი, სასოწარკვეთილება და სხვა არაფერი. თუ ასე ზრუნავენ საქართველოს მოქალაქეებზე, არჩევნები რაღა შუაში იყო მაშინ?! არჩევნებამდე გაეკეთებინათ ეს ყველაფერი. ფული არ არისო რომ იძახდნენ, ახლა წაგების სუნი რომ დატრიალდა ჰაერში, ფულიც მოინახა და სურვილიც?! მაგრამ ეს არის სუფთა წყლის ბლეფი და რამენაირად თვითგადარჩენა",- უთხრა ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ.

ლევან ნატროშვილი: „ჭარბვალიანობის დაძლევის გეგმა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს“

„მთავრობის გადაწყვეტილებამ მოსახლეობის ჭარბვალიანობის დაძლევის თაობაზე, შესაძლოა, არჩევნების ბედიც კი გადაწყვიტოს“, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი. მისი შეფასებით, 600 000 ადამიანის საბანკო დავალიანებისგან გათავისუფლება წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის აშკარა ნიშნებს შეიცავს.

„საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია რაიმე სიკეთის გადაცემა ან სიკეთის გადაცემის დაპირება საარჩევნო მიზნით, გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ საბიუჯეტი თანხების განაწილებაზე. ამ შემთხვევაში კი, უკვე ვიცით, რომ ამ თანხას ფარავს ფონდი „ქართუ“. მთავრობას ამ ვალების ჩამოჭრა სოციალური დახმარებასავით გამოუვიდა, თუმცა ფაქტია, რომ აქ აშკარა მოტივაცია არჩევნებია. თან იმდენად დიდ თანხაზე და ბევრ ადამიანზეა საუბარი, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა არჩევნების შედეგებიც კი გადაწყვიტოს“, - აცხადებს ლევან ნატროშვილი.

საქართველოს კანონდებლობით, ასეთი საქმით, წესით, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, რადგან სიკეთე, რომელსაც მთავრობა ხალხს დაპირდა, ას ლარზე მეტი ღირებულებისაა.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, "შავ სიაში" მყოფ მოქალაქეთა ვალს ფონდი "ქართუ" ფარავს

ივანე მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საფინანსო ორგანიზაციებისადმი მოქალაქეთა მილიარდნახევრიან დავალიანებას სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ.“ მაჭავარიანის განმარტებით, დავალიანება გაუნულდება 600 000 მოქალაქეს, ვისაც აქვს ერთ წელზე მეტი ხანდაზმული, გადაუხდელი ვალი 2000 ლარამდე.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ რამდენიმე თვის წინ დააანონსა, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის დასაძლევად შემოდგომაზე გადადგამდა სერიოზულ ნაბიჯებს, მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა რომ არა ფონდი „ქართუ,“ რომელმაც სრულად გაიზიარა პრობლემის სიმწვავე. მაჭავარიანის თქმით, "ფონდი ქართუ, როგორც არაერთხელ, მხარში ამოუდგა ქვეყანას ამ პრობლემის გადასაჭრელად." ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, ბანკებთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად ჩატარდა მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი, რის შედეგადაც შეთანხმებას მიაღწიეს.

„კონსენსუსის არსი მდგოამრეობს იმაში, რომ ბანკების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების უიმედო ვალების პორტფელს - 600 ათასამდე ადამიანი, ვისაც ერთ წელზე ხანდაზმული, გადაუხდელი ვალი აქვს ორი ათას ლარამდე - სრულად ყიდულობს ფონდი ქართუ“ - განაცხადა მაჭავარიანმა. მისი განმარტებით, საუბარია როგორც კრედიტის ძირი თანხის, ისე ჯარიმების დაფარვაზე - საერთო ჯამში, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარზე. ფინანსთა მინისტრმა აბსოლუტური სპეკულაცია უწოდა განცხადებებს, რომ ბიუჯეტიდან, პატიოსანი გადამხდელის ფულით ფინანსდება ის, ვინც ვალი არ გადაიხადა.

მაჭავარიანის თქმით, მთავრობის როლი იყო იმაში, რომ საკითხი მწვავედ დააყენა და გადაჭრის გზებს ეძებდა, თუმცა ტვირთი სრულად იკისრა ფონდმა „ქართუმ.“ ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს და ასევე, ბანკებს და სხვა საფინანსო ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის, რადგან ივანე მაჭავარიანის თქმით, იოლი არ იყო რამდენიმე ათეული საფინანსო ინსტიტუტის ერთ მაგიდასთან თავმოყრა და შეთანხმების მიღწევა. „თუმცა, ამ შემთხვევაში მათთვის ეს იყო ჩვეულებრივი ბიზნეს-ტრანზაქცია, ხოლო ქართუსთვის იყო სოციალური პასუხისმგებლობა“ - განაცხადა მინისტრმა მაჭავარიანმა.

მისი ინფორმაციით, დავალიანება გაუნულდება კლიენტებს მხოლოდ იმ საფინანსო ორგანიზაციებისა, რომლებიც შეთავაზებას დათანხმდნენ. მათ შორის მაგალითად , არ არის ონლაინ-კომპანია “ვივუსი,“ რომელმაც მაჭავარიანის თქმით, მისთვის გაუგებარი მიზეზით თქვა უარი. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, 3 დეკემბრიდან მოქალაქეებს სპეციალურ ვებგვერდზე შეეძლებათ შემოწმება, შეეხებათ თუ არა ვალის ჩამოწერა.

აკაკი ზოიძე: ჩამოწერილ ვალებს ფონდი „ქართუ“ გამოისყიდის

აკაკი ზოიძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, "შავ სიაში მყოფი" მოქალაქეებისთვის ჩამოწერილ დავალიანებას ფონდი „ქართუ“ გამოისყიდის.

„ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად და მთავრობის მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების შედეგად ეს ყველაფერი განხორციელდება და ძალიან დიდ მადლობა, როგორ ითქვა, ფონდ „ქართუს“, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ვალების ჩამოწერის პროცესში არის გადამწყვეტი ფაქტორი. ვალების გამოსყიდვა, ჩამოწერა მოხდება მოქალაქეებისთვის და ფინანსურ უზრუნველყოფას გააკეთებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, - განაცხადა მედიასთან საუბარში აკაკი ზოიძემ. მას არ დაუკონკრეტებია სრულად გამოისყიდის თუ არა ფონდი „ქართუ“ ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეების დავალიანებას.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ 15-31 დეკემბრის პერიოდში, საფინანსო ორგანიზაციებისადმი საერთო ჯამში მილიარდნახევრიანი დავალიანება გაუნულდება 600 ათასამდე მოქალაქეს. ბახტაძის ინფორმაციით, „შავ სიაში“ დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომელთა ძირი თანხა არ აღემატება ორი ათას ლარს.​

საქართველოში უმუშევრობის დონე 0,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 0,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12,2% შეადგინა.

„საქსტატის“ ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ მესამე კვარტალში უმუშევრობის ზრდის მიზეზად დაასახელა სეზონურობის ფაქტორი, “რაც ძირითადად უკავშირდება განათლების დარგში ზაფხულის პერიოდში დაქირავებულთა რაოდენობის შემცირებას.“ თოდრაძის განმარტებით, საზაფხულო არდადეგების გამო საათობრივ ანაზღაურებაზე მომუშავე პროფესორ-მასწავლებელთა გარკვეულ ნაწილს უწყდება შრომითი ხელშეკრულება და მესამე კვარტლის განმავლობაში არიან დროებით უმუშევრები. „საქსტატის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ კატეგორიაში არიან ძიძად დასაქმებული მოქალაქეებიც. ამასთან, გორიტა თოდრაძის განცხადებით, დასაქმების დარგში ზოგადად დადებითი ტენდენციაა, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 56,2%-დან 56,5%-მდე გაიზარდა დასაქმების დონე, ანუ დასაქმებულთა წილი შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობაში.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის მესამე კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შეადგინა შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 64,3%.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა კვარტალთან შედარებით შემცირებულია 0,3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0,9 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0,2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1,0 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. „საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის მესამე კვარტალში თვითდასაქმებულთა წილი 48,8%-ს შეადგენდა, რაც 0,1 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი წინა კვარტალთან შედარებით.

უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში 0,1 პროცენტული პუნქტით, ხოლო საქალაქო დასახლებებში 0,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2018 წლის მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი კაცებში 1,7 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალებში გაიზარდა 0,9 პროცენტული პუნქტით, კაცებში კი შემცირდა 0,7 პროცენტული პუნქტით. ამასთან, აქტიურობის დონე ქალებში 56,1%-ს, ხოლო კაცებში 73,9%-ს შეადგენდა. წინა კვარტალთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია როგორც ქალებში, ისე კაცებში - 0,4 და 0,2 პროცენტული პუნქტით.

საბანკო დავალიანების მქონე ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალი გაუნულდება

მამუკა ბახტაძე

საქართველოს 600 ათასამდე მოქალაქეს, რომლებიც ბანკების და სხვა საფინანსო ორგანიზაციების წინაშე დავალიანების გამო ე.წ. შავ სიაში იმყოფებიან, ვალი გაუნულდება - ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მისი ინფორმაციით, პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ გამოაცხადა, რომ მიღებულია უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც „მძიმე ტვირთს მოუხსნის ასობით ათას ოჯახს.“

„ყველანი ვთანხმდებით, რომ ჭარბვალიანობის დაძლევის გარეშე სიღარიბის დამარცხება წარმოუდგენელია. ამის ნათელი დასტურია იუნისეფის ბოლო კვლევაც, რომელმაც პირდაპირ მიუთითა ჭარბვალიანობასა და სიღარიბეს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე და ცხადყო, რომ ჭარბვალიანობის ტვირთი იმდენად მძიმეა ბევრი ქართული ოჯახისთვის, რომ უარყოფით ასახვას ჰპოვებს მათ შორის ბავშვების და მოზარდების განვითარებაზე“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, თითქმის 700 000 მოქალაქე იმყოფება ე.წ. შავ სიაში, რის გამოც პრაქტიკულად მოკლებულია სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას. ბახტაძის განცხადებით, ამ გამოწვევაზე პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე გაამახვილა ყურადღება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც. “ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში, ახალი მთავრობის დამტკიცების დროსაც საქართველოს პარლამენტში და შემდგე უკვე მთავრობის სხდომაზე დავდე პირობა, რომ წლის ბოლომდე გადავდგამდით პრინციპულ ნაბიჯებს ე.წ. შავი სიის პრობლემის მოსაგვარებლად“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები. „მოხარული ვარ, რომ როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა, მათ შორის ე.წ. სესხების ამომღებმა ბიუროებმა გაიზიარეს ჩვენი პრინციპული პოზიცია, გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს ასობით ათას ოჯახს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ ქართუს. რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეზლიზება ვერ მოხდებოდა“ - თქვა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ. მისი განმარტებით, „შავ სიაში“ დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომელთა ძირი თანხა არ აღემატება ორი ათას ლარს და საუბარია 600 ათასზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციების, თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნოლდება ჩვენს მოქალაქეებს. ამ კატეგორიაში შედის თითქმის 150 ათასი სოციალურად დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქე. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება. 600 ათასი მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისი ინფორმაციით, 600 ათასამდე მოქალაქის ვალების განულების შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა, მუშაობა გრძელდება და სხვა ფინანსური ორგანიზაციების მიერ ინიციატივასთან შეერთების პარალელურად, კიდევ უფრო გაზირდება ვალებისგან გათავისუფლებული მოქალაქეების რაოდენობა. ბახტაძის თქმით, ჯერჯერობით გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეების მიერ უსამართლოდ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა, ამიტომ ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობენ და დადებითი შედეგის მიღწევის იმედი აქვთ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ოთხი მედალი მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონატზე

ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სულ ათი სპორტსმენით გამოვიდა.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ათი წონითი კატეგორიიდან სამში ოქროს მედალს საქართველოს ნაკრების წევრები დაეუფლნენ. 16-18 ნოემბერს ბუქარესტში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ზურაბ ჭიღლაძის გაწვრთნილმა გუნდმა სულ ოთხი მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

74 და 79 კილოგრამ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ძმები ავთანდილ და ნიკა კენჭაძეები. მათ გარდა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა გივი მაჭარაშვილი (97 კგ), ხოლო როლანდ ანდრიაძემ (125 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სულ ათი სპორტსმენით გამოვიდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრობა შეითავსა

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაიკავა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაც. ნეთანიაჰუმ კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლა სამთავრობო კრიზისის დასაძლევად. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა 14 ნოემბერს დატოვა ავიგდორ ლიბერმანმა, რომელმაც პროტესტი ამ ფორმით გამოუცხადა ისრაელის მთავრობის მიერ პალესტინელთა რადიკალურ მოძრაობასთან, „ჰამასთან“ მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. პროტესტის ნიშნად ლიბერმანის პარტიამ „ისრაელი ჩვენი სახლია“ მმართველი კოალიცია დატოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვა. კოალიციიდან ამ პარტიის გასვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ პარლამენტში ინარჩუნებს უმრავლესობას მხოლოდ ერთი ხმის უპირატესობით.

18 ნოემბერს საღამოს, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის უსაფრთხოება პოლიტიკურ უთანხმოებაზე მაღლა დგას. ნეთანიაჰუმ ვადამდელ არჩევნებზე უარი ახსნა წარსული გამოცდილებით, როცა ახალ არჩევნებს სასურველი შედეგი არ მოუტანია. 11 ნოემბერს, ისრაელმა „ჰამასი“ დაადანაშაულა ქვეყნის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშებში და საპასუხოდ, ღაზის სექტორში დაბომბა რამდენიმე ათეული სამიზნე, მათ შორის „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის შტაბ-ბინა. შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, 13 ნოემბერს ნეთანიაჰუს მთავრობა დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ამ გადაწყვეტილებას ავიგდორ ლიბერმანმა უწოდა „ტერორის წინაშე კაპიტულაცია.“

მექსიკაში ორი ადამიანი ცოცხლად დაწვეს ინტერნეტით გავრცელებული ჭორის გამო

მექსიკის ქალაქ აკატლანში, ბავშვების გამტაცებლების შესახებ WhatsApp-ით გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო, ბრბომ ცოცხლად დაწვა ორი ადამიანი. ტრაგედია, რომლის შესახებაც BBC იუწყება, ჯერ კიდევ აგვისტოში მოხდა. ინტერნეტით გავრცელებულ ჭორს ემსხვერპლა პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დაკავებული 21 წლის რიკარდო ფლორესის და მისი ბიძის, 43 წლის ალბერტო ფლორესის სიცოცხლე. WhatsApp-ით მიღებული შეტყობინების შემდეგ აკატლანის რამდენიმე მცხოვრებმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბავშვების გამტაცებლები პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან და ხალხს შეკრებისკენ მოუწოდა. პოლიციის შენობასთან მყოფებს სამართალდამცავებმა განუმარტეს, რომ ფლორესები წვრილმანი ხულიგნობისთვის იყვნენ დაკავებულნი, რაც ბრბომ არ დაიჯერა. ისინი პოლიციის შენობაში შეიჭრნენ, დაკავებულები გარეთ გამოიყვანეს, ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ბენზინი გადაასხეს და დაწვეს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ განყოფილებაში მყოფი რამდენიმე პოლიციელი ბრბოს ვერ გაუმკლავდა. აკატლანში მომხდარი ტრაგედიის გამო ხუთ პირს წაყენებული აქვს დანაშაულისკენ მოწოდების, ოთხს კი მკვლელობის ბრალდება. ცხრა ბრალდებულიდან ექვსმა გაქცევა შეძლო და ამჟამად იძებნებიან.

სააკაშვილი "ებრაელ აფერისტს" უწოდებს პიარის ისრაელელ სპეციალისტს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ვიღაც ებრაელ აფერისტ მოშედ" მოიხსენია პიარის ისრაელელი სპეციალისტი, მოშე კლუგჰაფტი, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, არჩევნების მეორე ტურის წინ ქართულ ოცნებას ეხმარება და რომლის შესახებაც ამ ტელეარხმა სიუჟეტიც მოამზადა. "აგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს, მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას” – თქვა მან. “რუსთავი2”-ის სიუჟეტში კლუგჰაფტი დახასიათებულია “შავი პიარის და ყალბი ახალი ამბების მსოფლიოში ცნობილ სპეციალისტად”. ტელეკომპანიის ცნობით, ის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ისრაელსა და ავსტრიაში ჩატარებული არჩევნების წინ კონკრეტულ პარტიებთან თანამშრომლობდა. მანამდე სააკაშვილმა კლუგჰაფტის შესახებ ფეისბუქზე პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც სპეციალისტი “ისრაელელ აფერისტად” მოიხსენია და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” მის წინააღმდეგ კამპანიას სწორედ მოშე კლუგჰაფტთან ერთად ახორციელებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სააკაშვილი ცნება "აფერისტს" აკავშირებს "ებრაელთან". მაისში ასევე რუსთავი 2-თან საუბარში მან “აფერისტ რუს ებრაელად” მოიხსენია “ქართული ოცნების" წევრი შოთა შალელაშვილი, რის გამოც შალელაშვილმა ექსპრეზიდენტი ანტისემიტიზმსა და რასიზმში დაადანაშაულა.

მოლდაველმა სოციალისტებმა საარჩევნო კამპანია დაიწყეს კიშინიოვში გამართული აქციით

მოლდავეთის დედაქალაქში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომლითაც მხარი დაუჭირა ქვეყნის მთავარ ოპოზოციურ პარტიას, პრორუსული ორიენტაციის სოციალისტებს, მომავალ წელს, 24 თებერვალს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ. ლოზუნგით "ჩვენი დრო მოდის", აქციის მონაწილეებმა თავი მოიყარეს მოედანზე და ხმამაღალი შეძახილებით აღნიშნეს კამპანიის დაწყება. 2016 წელს ამოქმედდა მოლდავეთსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, მაგრამ სოციალისტები მხარს უჭერენ ქვეყნის გაწევრიანებას რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში. კიშინიოვში გამართულ აქციას შეუერთდა პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელიც სოციალისტურ პარტიას სათავეში ედგა პრეზიდენტად არჩევამდე 2016 წლის ნოემბერში.

ზუგდიდში წელს პირველად აღინიშნა „ფერმერის დღე“

"ფერმერის დღე" დადიანების ეზოში

სამეგრელო პირველი რეგიონი აღმოჩნდა, სადაც „ფერმერის დღე“ აღნიშნეს. 2015 წელს დაფუძნებული ღონისძიება მანამდე რეგიონებში არ ჩატარებულა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორი “საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ აღნიშნა, საფუძველი ეყრება ახალ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად "ფერმერის დღე" საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება; დასავლეთიდან სტარტის აღება კი განპირობებულია იმით, რომ ასოციაციის წევრი ფერმერების დაახლოებით 60% დასავლეთ საქართველოდან არის.

"ფერმერის დღე", რომელიც ზუგდიდში, დადიანების ეზოში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გალაკონცერტით დასრულდა. ღონისძიებაზე 23 ფერმერი დაჯილდოვდა სხვადასხვა ნომინაციაში. "ფერმერის დღეს" ზუგდიდში იმყოფებოდნენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაჯილდოების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა და ხალხს სოფლის მეურნეობის დარგში აქტიურობისკენ მოუწოდეს, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას შეჰპირდნენ. ჟურნალისტების კითხვაზე - მსგავსი ღონისძიება ხომ არ არის საგანგებოდ დაგეგმილი წინასაარჩევნო პერიოდში, აღნიშნეს, რომ "ფერმერის დღე" წლებია, საქართველოში აღინიშნება და ემსახურება მხოლოდ ამ დარგში დასაქმებულთა ხელშეწყობას.

იუწყებიან, რომ ყატარში გაიმართა მოლაპარაკება თალიბანსა და აშშ-ის წარმომადგენელს შორის

სააგენტო ასოშიეიტედ პრესი იუწყება, რომ თალიბანის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ყატარში სამდღიანი მოლაპარაკება გამართეს აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელთან ავღანეთის სამშვიდობო საკითხებში, ზალმაი ხალილზადთან. 18 ნოემბერს გავრცელებული ცნობით, ჰერატის პროვინციის ყოფილმა გუბერნატორმა, თალიბანის წევრმა ხაირულა ხაირხვამ და თალიბანის ყოფილმა სამხედრო მეთაურმა, მოჰამად ფაზლმა მიიღეს მონაწილეობა ზალმაი ხალილზადთან მოლაპარაკებაში ყატარში, სადაც ამ ავღანურ ექსტრემისტულ ჯგუფს პოლიტიკური წარმომადგენლობა აქვს. ხაირხვა და ფაზლი თალიბანის იმ ხუთ მაღალჩინოსანს შორის იყვნენ, რომლებიც 2014 წელს გაათავისუფლეს კუბაზე მდებარე აშშ-ის გუანტანამოს საპატიმროდან, ისინი გაცვალეს ტყვედ ჩავარდნილ ამერიკელ სამხედროში, ბოუვ ბერდალში. ხუთივე გათავისუფლებული პირი ყატარშია დაფუძნებული და, გავრცელებული ვარაუდით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ავღანეთში თალიბანის მებრძოლებზე საიმისოდ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებაში შუამავლობა შეძლონ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას არ ავრცელებს ამ ცნობაზე გამართული მოლაპარაკების შესახებ. ბოლო პერიოდში ხალილზადი რეგიონში იმყოფება ტურნეთი. 18 ნოემბერს ის ქაბულში შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის - მოელოდნენ, რომ ის ღანის თხოვდა მოლაპარაკებაში მონაწილე პირთა გუნდის შედგენას. ავღანეთის თალიბანი დიდი ხანია უარს აცხადებს აშშ-ის მოთხოვნაზე მოლაპარაკება გამართოს დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ მთავრობასთან ქაბულში.

ავარიის შედეგად დაშავდა კულტურის ყოფილი მინისტრი, მიხეილ გიორგაძე

17 ნოემბერს მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავდა კულტურის ყოფილი მინისტრი, ამჟამად განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე. გავრცელებული ინფორმაციით, ის ამჟამად საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმის ინფორმაციით, მიხეილ გიორგაძეს მრავლობითი მოტეხილობა აქვს და ამჟამად მართვის სუნთქვაზეა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გიორგაძე ავტოავარიაში ყვარელში მოჰყვა. იუწყებიან, რომ ის ავტომობილს თავად მართავდა და მანქანაში მარტო იმყოფებოდა. როგორც ინტერნეტგამოცემა “ნეტგაზეთი” შსს-ზე დაყრდნობით იუწყება, გიორგაძემ საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა, შეჯახების შედეგად კი დაზიანებები მიიღო.

APEC-ს ლიდერები აღიარებენ "მზარდ დაძაბულობას", ვერ შეთანხმდნენ სამიტის განცხადებაზე

აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის, იგივე APEC-ის ქვეყნების ლიდერებმა, რომლებმაც ამ შაბათ-კვირას პაპუა-ახალ გვინეაში გამართეს სამიტი, ვერ შეძლეს შეთანხმება საბოლოო განცხადებაზე. სამიტის მთავარი თემა იყო სავაჭრო უთანხმოება აშშ-სა და ჩინეთს შორის. კონფლიქტის შესახებ გამოაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ - მისი თქმით, სავაჭრო პოლიტიკის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობის გამო APEC-ის 21 ქვეყანა ვერ შეთანხმდა საერთო განცხადებაზე. პაპუა-ახალი გვინეის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ ო'ნილმა სამიტის ბოლოს თქვა, ლიდერებმა "ნაყოფიერი დისკუსიები გამართეს და გულწრფელი მოსაზრებები გაუცვალეს ერთმანეთს" და თან აღიარეს, რომ მსოფლიოს გარშემო სავაჭრო პარტნიორებს შორის დაძაბულობა მზარდიაო. როგორც ო'ნილმა ჟურნალისტებს უთხრა, ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა "მთელ მსოფლიოში იწვევს შეშფოთებას". ასოშიეიტედ პრესის ცნობით, სამიტის განცხადების აშშ-ის მიერ შემუშავებული ვერსია, რომელიც უარყოფილ იქნა, შეიცავდა ჩინეთის კრიტიკას "უსამართლო" სავაჭრო პოლიტიკის გამო. ერთი დღით ადრე სამიტზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა გაცვალეს ბრალდებები ერთმანეთისთვის დაკისრებული გადასახადების გამო. პენსმა თქვა, ვაშინგტონი მზად არის "გააორმაგოს და კიდევ უფრო მეტადაც გაზარდოს" აშშ-ის გადასახადები, რომლებიც უკვე მოქმედებს ჩინეთის საქონელზე და დასძინა, ვაშინგტონი კურსიდან არ გადაუხვევს, სანამ ჩინეთი შეცვლის ქცევასო.

ულტრამემარჯვენეების ძალადობის გამო კიევში ჩაიშალა ტრანსგენდერთა მხარდამჭერი მსვლელობა

კიევში ტრანსგენდერთა უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტები იძულებულნი გახდნენ დაეშალათ მსვლელობა, მას შემდეგ, რაც კონტრაქციის მონაწილეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მსვლელობის რამდენიმე მონაწილეს და თავს დაესხნენ კანადელ ჟურნალისტს, რომელიც აქციას აშუქებდა.

ლგბტ პირთა უფლებების მხარდამჭერი აქცია კანონიერად იყო სანქცირებული, მსვლელობას უნდა ჩაევლო კიევის ქუჩებზე ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, 18 ნოემბერს. თუმცა რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, კრისტოფერ მილერი კიევიდან იუწყება, რომ 40-მდე აქტივისტს, რომელიც შევჩენკოს სახელობის პარკში, აქციის დასაწყებად მივიდა, სხვა ადგილას გადასვლა მოუხდა, მას შემდეგ, რაც 100-მდე "რელიგიური ექსტრემისტი და ულტრამემარჯვენე ჯგუფები" პარკში კონტრდემონსტრაციის გასამართად მივიდნენ. მილერის თქმით, კონტრდემონსტრაციაში მონაწილეობდნენ ისეთი ულტრამემარჯვენე ჯგუფები, როგორებიცაა "ტრადიცია და წესრიგი", "მემარჯვენე სექტორი" და "რელიგიური ეროვნული ფრონტი".

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ასევე იუწყება, რომ ლგბტ აქტივისტებს, რომლებმაც მდებარეობა შეიცვალეს, დაედევნა კონტრდემონსტრანტთა მცირე ჯგუფი, რომელმაც აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საგანგებო მოწყობილობებით კვამლი გაუშვა. მილერი ამბობს, რომ უკრაინის პოლიციამ არაფერი გააკეთა კონტრდემონსტრანტთა იმ ადგილიდან წასაყვანად და ამის ნაცვლად ლგბტ აქტივისტებს უბიძგა მეტროს სადგურში ჩასასვლელად, მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით. ქუჩაში დარჩენილ ორ ქალ აქტივისტს კონტრდემონსტრანტებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, იუწყება მილერი.

სახეში ჩაარტყეს კანადელ ჟურნალისტ მიშელ კოლბორნს, რომელიც აქციას აშუქებდა. მოგვიანებით კოლბორნმა ტვიტერით დაწერა, რომ მასზე თავდასხმა მოწმობს უკრაინაში "ულტრამემარჯვენეობის მწვავე პრობლემის" არსებობას და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ამის უგულებელყოფა.

კალაძემ ვაშაძის პასუხად ჭარბვალიანობაზე პრემიერის „უპრეცედენტო“ ინიციატივა დააანონსა

„ხვალ პრემიერი გამოაცხადებს უპრეცედენტო გადაწყვეტილებას ჭარბვალიანობის დასაძლევად“, - განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ შტაბში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე და ასე უპასუხა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს. ვაშაძემ რამდენიმე საათით ადრე საქართველოს მთავრობას მოსთხოვა ე.წ. შავი სიიდან ამოიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ იხდიან კრედიტებს და ჩამოეწეროთ ვალდებულებები.

კახა კალაძემ კი თავის მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდა შეეგუოს იმას, რომ ხელისუფლება მათგან მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს აგვარებს:

„ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი შოკში ჩააგდო ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ხვალ გამოაცხადებს მასშტაბურ და პრინციპულ გადაწყვეტილებას, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჭარბვალიანობის დასაძლევად და ბანკის მოვალე მოქალაქეთა ე.წ. შავი სიის მოგვარებისთვის. ამ შოკის გამოხატულება იყო ის კლოუნადა, რაც პირდაპირ ეთერში გრიგოლ ვაშაძემ მოაწყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტრამპი: ხაშოგის მკვლელობაზე აშშ უახლოეს დღეებში გამოიტანს საბოლოო დასკვნას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონი მომავალი კვირის დასაწყისში გამოიტანს საბოლოო დასკვნას იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა კავშირი ჯამალ ხაშოგის - ჟურნალისტის საუდის არაბეთიდან - მკვლელობასთან, მას შემდეგ, რაც გავრცელდა აშშ-ის დაზვერვის შეფასება, რომ მკვლელობა შეუკვეთა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამად ბინ სალმანმა. კალიფორნიაში მყოფმა ტრამპმა ჟურნალისტებს 17 ნოემბერს უთხრა, "სრული ანგარიში რამდენიმე დღეში გვექნება, ალბათ ორშაბათს ან სამშაბათსო". აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები თვლიან, რომ ტახტის მემკვიდრემ შეუკვეთა დისიდენტის და ჟურნალისტის მკვლელობა, რომელიც თურქეთში, გასულ თვეში მოხდა. საუდის არაბეთმა უარყო ეს ცნობა, რომელიც პირველად ვაშინგტონ პოსტმა გაავრცელა 17 ნოემბერს, გვიან საღამოს და შემდეგ სხვა მედიასაშუალებებმაც დაადასტურეს, მათ შორის ასოშიეიტედ პრესმა და როიტერსმა. 17 ნოემბერს უფრო ადრე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჰეზერ ნაუერტმა თქვა, ახლახან გავრცელებული ცნობები, თითქოს აშშ-ის მთავრობამ საბოლოო დასკვნა გამოიტანა ხაშოგის მკვლელობაზე, არ არის ზუსტიო.

გრიგოლ ვაშაძე მთავრობას სთხოვს „შავი სიიდან“ ამოიღოს ბანკის მოვალე მოქალაქეები

18 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს მთავრობას წაუყენა რამდენიმე მოთხოვნა მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით. ვაშაძე მოითხოვს ე.წ. შავი სიიდან ამოიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ იხდიან კრედიტებს და ჩამოეწეროთ ვალდებულებები.

ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოაცხადოს ბანკების მიერ დარიცხული სანქცია-საურავების ამნისტია, ხოლო ეროვნულმა ბანკმა ეტაპობრივად გაანახევროს იპოთეკური სესხების პროცენტი.

„ასეთ მძიმე მდგომარეობაში საქართველოს მოქალაქეები ალბათ არასდროს ყოფილან. ყოველი მეორე ქართველი არის დაყადაღებული ვალებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ან იმ სამი ბანკის მიერ, რომლებიც მევახშეებად არიან გადაქცეულნი. კატეგორიულად მოვითხოვთ: საქართველოს მთავრობამ ნებისმიერ პირს, რომელიც დღეის მდგომარეობით არის მოვალეთა შავ სიაში და ვერ იხდის ბანკებისა და მიკროსაფინანსოების ვალებს, მოახდინოს მათი ვალდებულებების ჩამოწერა და ეს ადამიანები მყისიერად უნდა ამოიღონ მოვალეთა შავი სიიდან. ამისთვის, მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათი ვალები და ბანკებთან ურთიერთობაში უნდა ჩაანაცვლოს ეს გაჭირვებული ხალხი“, - გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, თუ მთავრობა ასე არ მოიქცევა, ეკონომიკა ჩამოიქცევა, რასაც ვერც ბანკები გადაურჩებიან.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG