რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერგეი ლავროვი და მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებენ, რომ მოსკოვი და ანკარა განაგრძობენ თანამშრომლობას სირიაში კრიზისის მოსაგვარებლად. ჩავუშოღლუ დღეს ჩაფრინდა მოსკოვში, ლავროვთან და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით. წინა დღეს, 19 დეკემბერს, ანკარაში მოკლეს თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი. რუს კოლეგასთან შეხვედრისას, ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობასთან დაკავშირებული ყველა გარემოების დასადგენად: „მინდა იცოდეთ, რომ თურქეთი და თურქი ხალხი ისევე გლოვობენ, როგორც რუსეთი და რუსი ხალხი. თურქეთშიც და რუსეთშიც კარგად გვესმის, რომ თავდამსხმელების მთავარი მიზანი იყო რუსეთ-თურქეთის ურთიერთობისათვის ზიანის მიყენება და იმ პროგრესის დაკნინება, რომელსაც ბოლოხანს ერთად მივაღწიეთ“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თურქეთში ელჩის მკვლელობას უწოდა „პროვოკაცია“ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის გასაუარესებლად და სირიაში სამშვიდობო პროცესის ჩასაშლელად. თურქეთის წარმომადგენლების ცნობით, თავდამსხმელი იყო პოლიციის თანამშრომელი, 22 წლის მევლუთ მერთ ალტინტაში. დაკავებულია ოთხი ადამიანი მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანით.
ყველაზე პოპულარული
1