Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს აშშ-ში რუსეთის ელჩთან კონტაქტებზე მსჯელობას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი „კუდიანებზე ნადირობად“ მიიჩნევს აშშ-ში იმის დადგენის მცდელობას, თუ ვისთან, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელ წარმომადგენელთან ჰქონდა კონტაქტები აშშ-ში რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკს. მიმდინარე კვირაში გაზეთმა „ვაშინგტონი პოსტმა“ გაავრცელა ცნობა, რომ იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი ჯეფ სეშონსი, როცა სენატორი იყო, ორჯერ შეხვდა აშშ-ში რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკს, მაგრამ დამალა ეს ფაქტი სენატში მოსმენების დროს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დემოკრატმა კონგრესმენებმა სეშონსის გადადგომა მოითხოვეს. უფრო ადრე, რუსეთის ელჩთან კონტაქტების გამო გადადგომა მოუხდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინს. ამასობაში, აშშ-ში გრძელდება გამოძიება საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით. სერგეი ლავროვმა 3 მარტს, ფაქტობრივად, გაიმეორა დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმული შეფასება, როცა მანაც „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა რუსეთის ელჩთან კონტაქტების დადგენის მცდელობას. ასევე ლავროვის თქმით, ამავე პრინციპით რომ იმოქმედონ რუსეთში აშშ-ის ელჩის, ჯონ ტეფტის და მისი კონტაქტების მიმართ, „ძალიან მხიარული სურათი“ გამოჩნდებოდა.

XS
SM
MD
LG