ავღანეთისა და აშშ-ის არმიათა წარმომადგენელების ინფორმაციით ათობით ადამიანი დაიღუპა ავღანეთის ჩრდილოეთში, ბალხის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე თალიბების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად. „ჩვენ ვსაუბრობთ 50-ზე მეტ მსხვერპლზე“, - განაცხადა ავღანეთშ აშშ-ის სარდლობის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ჯონ ტომასმა. თუმცა, ოფიცერმა დასძინა, რომ არ მოეპოვება ინფორმაცია, იყო თუ არა თავდასხმის ობიექტი კოალიციაში შემავალი რომელიმე ეროვნული ქვედანაყოფი. თავდასხმა მოაწყვეს სამხედრო ფორმაში გადაცმულმა ექსტრემისტებმა, რომლებიც მაზარ-ი-შარიფში მდებარე ავღანეთის არმიის ბაზის ტერიტორიაზე არსებულ მეჩეთსა და სასადილოში შეიჭრნენ. მანამდე მანქანებში მსხდომმა ექსტრემისტებმა მოატყუეს ბაზის გუშაგები, რომლებსაც უთხრეს, რომ მიჰყავდათ მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცები, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდნენ. თავდასხმაზე პასუხიმგებლობა იკისრა ორგანიზაცია თალიბანმა, რომლის წარმომადგენელმა ზაბიულა მოჯაჰიდმა განაცხადა, რომ დახოცეს 100-ზე მეტი ჯარისკაცი.
ყველაზე პოპულარული
1