ესპანეთში პროკურორებმა მოითხოვეს კატალონიის გადაყენებული ლიდერის, კარლეს პუჩდემონისა და მისი მთავრობის ოთხი წევრის დაპატიმრების ორდერების გაცემა. ეს ხუთი ადამიანი არ გამოცხადებულა მადრიდის სასამართლოში, სადაც 2 ნოემბერს იყო დაბარებული ამბოხებასა და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ბრალდების საფუძველზე. ბრალდებები უკავშირდება 1 ოქტომბერს ჩატარებულ და, მადრიდის შეფასებით, უკანონო რეფერენდუმს კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე. პუჩდემონი 30 ოქტომბრიდან ბრიუსელში იმყოფება. ადვოკატის განმარტებით, მისი კლიენტისათვის „არ არის კარგი“ კლიმატი სასამართლოში გამოსაცხადებლად. კატალონიის გადაყენებული მთავრობის ცხრა წევრი გამოცხადდა 2 ნოემბერს მადრიდის სასამართლოში და პროკურორებმა მოითხოვეს მათგან რვა ადამიანისთვის წინასწარი პატიმრობის, ხოლო ერთისთვის - პირობითი პატიმრობის შეფარდება. კატალონიის ლიდერებისათვის ჯერ არ წაუყენებიათ ოფიციალური ბრალდება. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, მართებულია თუ არა მათი გასამართლება. კატალონიაში რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ დროებით გააუქმა რეგიონის ავტონომიური სტატუსი, გადააყენა მთავრობა და დეკემბრისთვის დანიშნა რიგგარეშე არჩევნები.
ყველაზე პოპულარული
1