Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის როლი ოთხოზორიას მკვლელობაში


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრების სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საია საჩივარში რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლების - სიცოცხლისა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებების - დარღვევას ასაბუთებს. გიგა ოთხოზორიას ოჯახი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება დადგეს სტრასბურგში სასამართლო პროცესის მოგების შემთხვევაში?

რუსეთის როლი ოთხოზორიას მკვლელობაში
please wait

No media source currently available

0:00 0:05:23 0:00
გადმოწერა
თუ დააკმაყოფილებს ევროპული სასამართლო ჩვენს მოთხოვნებს და დაადგენს რუსეთის ფედერაციის მიმართ ევროპული კონვენციის მეორე და მეცამეტე მუხლების დარღვევას, რა თქმა უნდა, ეს იქნება წარმატება და ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე და აფხაზეთის ადმინისტრაციის მოხელეებზე პასუხისმგებლობას და ეფექტურ კონტროლს ახორციელებს რუსეთის ფედერაცია...
თამარ აბაზაძე

30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა- ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან, მოკლეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთხოზორია რამდენიმე გასროლით დაჭრეს ე.წ. „აფხაზმა მესაზღვრეებმა“ კიდურებსა და მუცლის არეში, რის შემდეგაც ერთ-ერთმა „მესაზღვრემ“, რაშიდ კანჯი-ოღლიმ, წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ კანჯი-ოღლის, აღკვეთი ღონისძიების სახით, შინაპატიმრობა შეუფარდა, თუმცა 2017 წლის 31 მაისს საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ, მტკიცებულებების არარსებობის მოტივით, გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. საიას იურისტი თამარ აბაზაძე დარწმუნებულია, რომ ოთხოზორიას მკვლელობითა და მკვლელობაში ბრალდებულის გათავისუფლებით დაირღვა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი და ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას უნდა დაეკისროს.

„თუ დააკმაყოფილებს ევროპული სასამართლო ჩვენს მოთხოვნებს და დაადგენს რუსეთის ფედერაციის მიმართ ევროპული კონვენციის მეორე და მეცამეტე მუხლების დარღვევას, რა თქმა უნდა, ეს იქნება წარმატება და ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე და აფხაზეთის ადმინისტრაციის მოხელეებზე პასუხისმგებლობას და ეფექტურ კონტროლს ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, ანუ, ფაქტიურად, აღიარება იქნება იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე ახორციელებს ეფექტურ კონტროლს და სწორედ ამის გამო დადგინდება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა“, უთხრა თამარ აბაზაძემ რადიო თავისუფლებას.

გიგა ოთხოზორია
გიგა ოთხოზორია

2017 წლის 7 მარტის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ იქნა ცნობილი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის და მას, სასჯელის სახით, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღეის მდგომარეობით, რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით იძებნება. უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება გალის შეხვედრების ფორმატში სისტემატურად მოითხოვდა სოხუმისგან დამნაშავის გადაცემას. რადიო თავისუფლების არქივში შემორჩენილია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ბერაიას, ხმის ჩანაწერი:

მინდა, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ ეს არის ერთი ადამიანის მიერ ჩადენილი მკვლელობა, ერთი კერძო შემთხვევა... რომ თითქოს გიგას უნდოდა საზღვარზე გადასვლა და ა.შ. არ უნდოდა საზღვრის გადალახვა გიგას, ეს უნდა დაფიქსირდეს! ...
ნინო ოთხოზორია

„მოვითხოვეთ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რათა ის წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. ასევე ვთქვით, რომ აუცილებელია ამ პირის დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც არის ჩვენი პრინციპული მოთხოვნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს - მათ შორის, საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს - გავუზიარეთ და მივაწოდეთ საგამოძიებო მასალები - დეენემის ანალიზის შედეგები, ბალისტიკური ექსპერტიზისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები. შესაბამისად, ველოდებით მათგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი უთხრა საქართველოს ხელისუფლებას რაშიდ კანჯი-ოღლის გადაცემაზე, თუმცა დამნაშავისა და მისი მფარველების დასჯის იმედს არ კარგავენ გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები. ოთხოზორიას ქვრივი ნინო ოთხოზორია ამბობს, რომ მოთმინებით დაელოდება ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ევროპული სასამართლო სასჯელს ვერ დააკისრებს, ეს უკვე თვითონ მოპასუხე სახელმწიფოს შიდასაქმეა. ევროპული სასამართლო ადგენს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას და დარღვეული უფლების გამო შესაძლებელია დააკისროს რუსეთს კომპენსაციის გადახდა, როგორც დამრღვევ სახელმწიფოს, მომჩივანისათვის...
თამარ აბაზაძე

„მინდა, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ ეს არის ერთი ადამიანის მიერ ჩადენილი მკვლელობა, ერთი კერძო შემთხვევა... რომ თითქოს გიგას უნდოდა საზღვარზე გადასვლა და ა.შ. არ უნდოდა საზღვრის გადალახვა გიგას, ეს უნდა დაფიქსირდეს! და, უბრალოდ, მინდა, რომ ქვეყანამ დააყენოს წინ საქართველოს ინტერესები და რომ მსოფლიომ გაიგოს, რუსეთი იყო ამაში დამნაშავე“, უთხრა ნინო ოთხოზორიამ რადიო თავისუფლებას.

დაეკისრება თუ არა რაიმე სახის სასჯელი რუსეთის ხელისუფლებას, თუკი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დააკმაყოფილებს საიას სარჩელს? - ამ კითხვის პასუხად თამარ აბაზაძე ამბობს:

„ევროპული სასამართლო სასჯელს ვერ დააკისრებს, ეს უკვე თვითონ მოპასუხე სახელმწიფოს შიდასაქმეა. ევროპული სასამართლო ადგენს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას და დარღვეული უფლების გამო შესაძლებელია დააკისროს რუსეთს კომპენსაციის გადახდა, როგორც დამრღვევ სახელმწიფოს, მომჩივანისათვის. დიდი ალბათობით, აღნიშნული კომპენსაციის გადახდას, დარღვევის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო დააკისრებს რუსეთის ფედერაციას“.

ამასთან, უნდა ითქვას, რომ სარჩელის განხილვის დაწყების ან გადაწყვეტლების მიღების ვადები რეგლამენტირებული არაა. სამაგალითოდ გამოდგება იმავე საიას სარჩელი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაიგზავნა და რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG