Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი კორუფციაში ადანაშაულებს რუსეთის ვიცე-პრემიერს, სერგეი პრიხოდკოს


რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ კორუფციაში დაადანაშაულა რუსეთის მთავრობის მეთაურის მოადგილე, სერგეი პრიხოდკო. ნავალნის ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ გამოძიების შედეგებით, 2016 წლის აგვისტოში პრიხოდკომ სამი დღე გაატარა მილიარდერ ოლეგ დერიპასკას იახტაზე. ნავალნის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის მოადგილე და ოლიგარქი ნორვეგიის სანაპიროსთან იახტაზე იმყოფებოდნენ „ესკორტ-სააგენტოებში“ დასაქმებულ ქალებთან ერთად. ამის შესახებ ცნობილი გახდა სოციალური ქსელიდან, სადაც იახტაზე ყოფნის შესახებ იტყობინება ვინმე „ნასტია რიბკა“. ნავალნი „ქრთამად“ მიიჩნევს იმას, რომ დერიპასკა „თავის იახტაზე ასეირნებს უმაღლესი რანგის ჩინოვნიკს“ და მას ჩუქნის „ესკორტ-სააგენტოს“ ქალების მომსახურებას, ისევე როგორც ნორვეგიაში კერძო თვითმფრინავით ჩასვლას. ამას გარდა, როგორც ნავალნი აცხადებს, პრიხოდკოს ეკუთვნის 300 მილიონ რუბლად შეფასებული სახლი მოსკოვთან და ორი ბინა მოსკოვში, რაც ნახევარ მილიარდამდე რუბლის უძრავი ქონებაა. ოპოზიციონერი დაასკვნის, რომ პრიხოდკოს ქრთამი აქვს აღერუბლი, რადგან არ გააჩნია საკმარისი კანონიერი შემოსავალი ასეთი უძრავი ქონების შესაძენად. მეორე მხრივ, დერიპასკა - როგორც ნავალნი ვარაუდობს - შესაძლოა იყოს კრემლის ერთ-ერთი შუამავალი 2016 წელს აშშ-ის საარჩევნო კამპანიაზე გავლენის მოსახდენად. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ გამოთქვამს ვარაუდს, რომ ოლიგარქი და პრიხოდკო სწორედ ამ თემას განიხილავდნენ იახტაზე. ნავალნი ამბობს, რომ საჩივრით მიმართა საგამოძიებო კიმიტეტს, უშიშროების ფედერალურ სამსახურსა და პროკურატურას. ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდებს, გადააყენონ პრიხოდკო და დაკითხონ დერიპასკა.

XS
SM
MD
LG