აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) დირექტორი, მაიკ პომპეო გასულ კვირაში, ჩრდილოეთ კორეაში შეხვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს და იგეგმება სამიტის გამართვა. ტრამპმა 18 აპრილს ტვიტერით დაწერა, რომ პომპეოსა და კიმ ჩენ ინის შეხვედრამ "ძალიან ადვილად ჩაიარა და კარგი ურთიერთობა შედგა". ტრამპი დასძენს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამიტის დეტალების შეთანხმება და ბირთვული არსენალისგან გათავისუფლება ძალიან კარგი იქნება მსოფლიოსთვის და თავად ჩრდილოეთ კორეისთვის. ტრამპის ამ მესიჯმა დაადასტურა მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ ტრამპმა პომპეო გაგზავნა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შესახვედრად და ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის სამიტის დასაგეგმად, რომელიც ამ ავტორიტარული ქვეყნის ბირთვულ პროგრამას უნდა მიეძღვნას. პომპეო ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზეა წარდგენილი.