Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმები სკრიპალების გამოჯანმრთელებას სიურპრიზად მიიჩნევენ


იულია სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ
იულია სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ

დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოს თანამშრომლებმა მედიას პირველი ინტერვიუ მისცეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, ბრიტანეთის ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულიას შესახებ. ჰოსპიტლის ექთანმა, სარა კლარკმა და ექიმმა, სტივენ ჯუკსმა BBC-ს უამბეს, რომ სკრიპალების გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც ექიმებმა ივარაუდეს, რომ პაციენტები ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, დასახმარებლად მიმართეს პორტ-დაუნის ქიმიურ ლაბორატორიას და საერთაშორისო ექსპერტებისგან იღებდნენ რეკომენდაციებს მედიკამენტების შესარჩევად. სტივენ ჯუკსის ინფორმაციით, სერგეი და იულია სკრიპალების მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ გამოიყენეს თერაპიის ახალი მეთოდებიც. ექიმის განცხადებით, სკრიპალების სწრაფი გამოჯანმრთელება იყო სასიამოვნო სიურპირიზი, რომლის მიზეზი ბოლომდე ჯერაც აუხსნელია.

სოლსბერიში მცხოვრები 66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს, უგონოდ აღმოაჩინეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ისინი მოწამლეს რუსული წარმოების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების, „ნოვიჩოკ“-ის გამოყენებით. იულია სკრიპალი საავადმყოფოდან 9 აპრილს გაწერეს, სერგეი სკრიპალი კი 18 მაისს. ისინი რეაბილიტაციის კურსს გადიან. სკრიპალების ამჟამინდელი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სერგეი სრკიპალის მკვლელობის მცდელობაში რუსეთი დაადანაშაულა. მოსკოვი ამ ბრალდებას უარყოფს. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სამხედრო დაზვერვის სამსახურის ოფიცერი სერგეი სკრიპალი 2004 წელს დააკავა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით. ორი წლის შემდეგ მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ სკრიპალს მიუსაჯა 13 წლით პატიმრობა. 2010 წელს სკრიპალი შეიწყალეს და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად გაცვალეს აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG