Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პენსი უარყოფს ადმინისტრაციის შიგნით პრეზიდენტის გადაყენებაზე მსჯელობას


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი უარყოფს, თითქოს ადმინისტრაციაში განიხილებოდა საკითხი ან არსებობდა გეგმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელისუფლებიდან ჩამოშორებისა. „რატომ უნდა გაგვეკეთებინა ეს?“- უპასუხა პენსმა ტელეკომპანია CBS-ის კორესპონდენტის შეკითხვას. ტელეინტერვიუს დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ იცის, თუ ვინ არის ტრამპის ადმინისტრაციის ის ანონიმი მაღალჩინოსანი, რომლის სახელითაც სტატია გასულ კვირას გამოაქვეყნა გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“. ავტორს, თუ ის არსებობს, და გაზეთის რედაქციას, „უნდა სცხვენოდეთ“, - დასძინა ინტერვიუში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. სტატიაში, რომელსაც გასულ კვირაში დიდი ხმაური მოჰყვა, ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის რამდენიმე წევრი, რომელიც მონაწილეობს ეგრეთწოდებულ „წინააღმდეგობაში“, ფარულად ეწევა პრეზიდენტის მითითებების საბოტაჟს და მოქმედებს მისი ნების წინააღმდეგ. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ პუბლიკაციის თანხმად, ისინი საკუთარ მოქმედებას ამართლებენ ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვით და ბრალს დებენ ტრამპს არაკმოპეტენტურობასა და იმპულსურ ქმედებებში. აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა ხელქვეითებმა სასტიკად გააკრიტიკეს საგაზეთო სტატია, ხოლო მის ავტორს მოუწოდეს ვინაობის დასახელებისა და გადადგომისაკენ. მედიაში გაჩნდა ვარაუდი იმაზე, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ანონომი ავტორი. სახელდებოდა, მათ შორის, თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი და თავად ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი. აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციის წევრთა უმრავლესობას შეუძლია კენჭი უყაროს პრეზიდენტის გადადგომას, თუ ჩათვლიან, რომ მას არ შეუძლია თავისი უფლებამოსილების განხორციელება.

XS
SM
MD
LG