Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა უფლებების დაცვისაკენ


საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

ფსიქიკური დაავადებების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონე უკიდურესად დაბალია - აღნიშნულია სპეციალურ განცხადებაში, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა: ”ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაცია 2018 წელს, ამ დღის კამპანიის წარმოებისას, საზოგადოების ყურადღებას ახალგაზრდების წინაშე მდგარ პრობლემებზე ამახვილებს. სწორედ ამიტომ ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღის წლევანდელი თემაა „ახალგაზრდები და ფსიქიკური ჯანმრთელობა ცვალებად მსოფლიოში“.

"მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ დღევანდელ მსოფლიოში ახალგაზრდები მუდმივად ებრძვიან ადამიანის უფლებების დარღვევის უარყოფით შედეგებს - ომს, ძალადობას სახლსა და სკოლაში; განიცდიან კიბერბულინგს; თამაშობენ ძალადობრივ ვიდეოთამაშებს; ხდებიან კიბერდანაშაულის მსხვერპლი. ფსიქიკური დაავადებების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონე უკიდურესად დაბალია. შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა, რათა გაუმკლავდნენ არსებულ პრობლემებს“. - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. განცხადების თანახმად, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობა სახელმწიფოს წინაშე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. კერძოდ, ქვეყანაში არ არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო პროგრამები, არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ პირველადი ჯანდაცვის პერსონალის გადამზადების კუთხით, გამოწვევას წარმოადგენს ასევე ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლების სრულფასოვანი რეალიზება, ფსიქიკური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი და სხვა. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების უფლებების დასაცავად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 10 ოქტომბერს აღინიშნება, ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

XS
SM
MD
LG