Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძეს სალომე ზურაბიშვილთან ოთხი შეკითხვა აქვს


„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, 11 ოპოზიციური პარტიის გაერთიანების „ძალა ერთობაშია“-ს მიერ მხარდაჭერილმა გრიგოლ ვაშაძემ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს მიმართა, პოზიცია გამოხატოს ბოლო პერიოდის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე.

„რამდენიმე კვირაა რაც ქვეყანა შეძრა უსამართლობის და უკანონობის მთელმა კასკადმა, რისი მტკიცებულებებიც ვიხილეთ ან მოვისმინეთ ვიდეო და აუდიომასალების სახით. ამაზე მუდმივად საუბრობს საზოგადოება, გაერთიანებული ოპოზიცია, ჩვენი შტაბი და ვსაუბრობ მე, თუმცა არაფერი, არც ერთი სიტყვა არ გაგვიგია პრეზიდენტობის სამთავრობო კანდიდატისგან. ის მხარს უჭერს საქართველოს მარიხუანას პლანტაციად გადაქცევას და ასევე ეთანხმება პუტინს და მედვედევს იმაში, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო“ - განაცხადა ბათუმში გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ. მისი თქმით, საზოგადოებას აქვს სრული უფლება სალომე ზურაბიშვილისგან მიიღოს პასუხები შემდეგ შეკითხვებზე: „პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრობისას რატომ არ მისცა ხმა დათუნა სარალიძის მკვლელების დასჯას? რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს ციხეში გაკეთებულ მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე? რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს „ომეგა ჯგუფის“ დარეკეტებაზე და დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვაზე? რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ქართული ოცნების“ წევრების სასახლეებზე, რომლებიც შეიძინეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება მათ დეკლარირებულ შემოსავლებს.“

XS
SM
MD
LG