„გამოძიების პროცესში, გამოკითხვის დროს გიგა მაქარაშვილმა და მისმა უფლებადამცველმა აღარ დაადასტურეს მასზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. შემდეგ კი მომართეს პროკურატურას და ითხოვეს საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა, ასევე მაქარაშვილის დაზარალებულად ცნობა“, -ნათქვამია პროკურატურის წერილში.
სადაც ვკითხულობთ, რომ „შეესაბამება თუ არა კანონის მიხედვით, გიგა მაქარაშვილის მდგომარეობა მისი დაზარალებულად ცნობის მოთხოვნას, დადგინდება საქმეზე დანიშნული ფსიქოლოგიური ექსპერტიზით, რომლის პასუხიც გამოძიებას ჯერ არ მიუღია. შესაბამისად, მაქარაშვილის დაზარალებულად ცნობას სჭირდება საფუძველი, ამ შემთხვევაში სწორედ ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ გადაწყდება, იქნება თუ არა მაქარაშვილი ცნობილი დაზარალებულად“
განცხადების თანახმად, „ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლი მოიცავს პირის დამცირებას, ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს“.
„საქართველოს პროკურატურამ ვერ მიაგნო ნაგვის თავზე დაყრაში შეურაცხყოფის კვალს და უარი თქვა გორელი ჩინოვნიკის მკაცრ ან საერთოდ დასჯაზე!“ - წერს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, Facebook-ის პირად გვერდზე.
სამოქალაქო აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს, რომელიც ცნობილია, როგორც ანტისაოკუპაციო აქციების მუდმივი მონაწილე, პროკურატურამ გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაუნიშნა.
ეს ამბავი უკავშირდება დაახლოებით ათი დღის წინ, გორში, ქალაქის მერიასთან გამართულ აქციას, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა, მათ შორის, გიგა მაქარაშვილმაც, ქალაქის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადება (რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო) გააპროტესტეს და მერიის წინ ნაკელი და ხორბალი დაყარეს. საპასუხოდ კი გორის მერიის თანამშრომელმა გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო.