Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ქედაში ბავშვის დაღუპვის გამო დაკავებულ პირებს


ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა თურქეთის სამ მოქალაქეს
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა თურქეთის სამ მოქალაქეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ხელვაჩაურის პროკურატურის მოთხოვნა და აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა თურქეთის სამ მოქალაქეს, რომლებსაც ბრალი ედებათ ქედაში უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით წარმოებული ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების გამო, რასაც 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა პატიმრობის შესახებ, რაც მოსამართლემ მტკიცებულებების განადგურების საფრთხის არსებობით დაასაბუთა, თუმცა არ გაიზიარა მოსაზრება გამოძიების მსვლელობის დროს ბრალდებულთა მიმალვის საფრთხის შესახებ.

ბრალდების მხარე ეყრდნობა აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ჩვენებას, რომლის მიხედვით, უწყება ირწმუნება, რომ არ გაუცია ნებართვა ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებზე ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე ქვის საბადოზე. დაცვის მხარე კი ირწუნება, რომ კომპანია შპს "დინამიტი-ლ.დ."-ს ასეთი ნებართვა აქვს და აუცილებლად წარუდგენს სასამართლოს.

ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილმა განაცხადა, რომ ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, რადგან დაკავებულები მუშები არიან და კომპანიაა პასუხისმგებელი როგორც მათ შრომით უსაფრთხოებაზე, ასევე აფეთქების ნორმების დაცვაზე. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ დასაკითხი რჩება რიგი მოწმეები და არ არის გამორიცხული სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს როგორც კერძო კომპანიებში, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებში:

„მოსაპოვებელია ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლის ირგვლივ უნდა დაინიშნოს უსაფრთხოების კუთხით ექსპერტიზა. მტკიცებულების შეფასების შემდეგ კი ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ სამივე კომპანიაში მომუშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხზე, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ნორმებზე პასუხისმგებლობას. გამოძიება მუშაობს ყველა იმ შესაძლო დანაშაულებრივ ელემენტზე, რომელიც გამოძიების დროს გამოიკვეთება, ეს იქნება კერძო კომპანიის, თუ სახელმწიფო ორგანიზაციის სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებული ბრალეულობა“, - განაცხადა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ.

XS
SM
MD
LG