არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ გამოეხმაურა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, მასზე და მის შვილებზე ხორციელდება სიცოცხლის მოსპობის მუქარა. ორგანიზაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს შსს-ს მიერ დაწყებული გამოძიება სწრაფად და ეფექტურად ჩატარდეს და მოხდეს მუქარის განმახორციელებელ პირთა იდენტიფიცირება,საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო კი, საგამოძიებო ორგანოებმა გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდონ ინფორმაცია.
„საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნებში ჩართული ყველა ძალის მიერ სტაბილურობის და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება. ნებისმიერი მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები არ უნდა იყოს სიძულვილის ენის შემცველი ან რაიმე სახით ახდენდეს ძალადობის პროვოცირებას” - ნათქვამია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, "აქტიურად მოუწოდონ მხარდამჭერებს სტაბილური და არაძალადობრივი გარემოს შენარჩუნებისკენ, ხოლო საგამოძიებო ორგანოებმა ყველა ძალადობაზე, ძალადობის მუქარასა და თუ სხვა დანაშაულებრივ ქმედებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინონ."