Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანი: ევროპარლამენტში არანაირი ყვითელი ბარათი არ უჩვენებიათ


დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპარლამენტარებს ხშირ შემთხვევაში აწვდიან არასწორ და არაზუსტ ინფორმაციას. დავით ზალკალიანმა 21 ნოემბერს, ბრიუსელში მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის სხდომაში და ევროპარლამენტის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. „მქონდა ძალიან გულწრფელი საუბარი, გავეცი ყველა კითხვაზე პასუხი, რაც იყო წარმოდგენილი და ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია იყო აქტიურად მიტანილი“ - განაცხადა ზალკალიანმა. მისი თქმით, ევროპარლამენტარებისთვის სხვადასხვა წყაროთი, ხშირ შემთხვევაში ოპოზიციის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ხშირად არასწორი, ან არასრულყოფილია. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაგალითად მოიყვანა ის, რომ ევროპარლამენტის წევრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღის უქმედ გამოცხადების შესახებ.

„როდესაც ვსაუბრობთ არჩევნების დღესთან დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ ეს მოხდა კანონთან შესაბამისობაში. როდესაც საუბარია, რატომ შუა კვირაში, ისიც უნდა ითქვას და მე გავეცი ამაზე პასუხი, რომ ეს კანონთან შესაბამისობაშია და ცენტრალური საარჩევნო კომისია შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე ნიშნავს მომავალ რაუნდს. იმისთვის, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს კონსტიტუციური უფება, მთავრობამ ეს დღე გამოაცხადა დასვენების დღედ. პარლამენტარებს ეს ინფორმაცია არ ჰქონდათ და გარკვეულწილად მიწოდებული იყო ისე, რომ ეს დასვენების დღე არ იყო“ - განუცხადა ბრიუსელში ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა. მისივე თქმით, ევროპარლამენტარებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ხმის მიცემას ღამის 12 საათამდე შეძლებენ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპარლამენტის დეპუტატებს არასრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდათ საფინანსო ორგანიზაციების წინაშე მოქალაქეთა დავალიანების გამოსყიდვის შესახებაც, მან კი განუმარტა, რომ მთავრობას ეს გეგმა ჰქონდა არჩევნებამდე გაცილებით ადრე და ამასთან, არ იხარჯება ბიუჯეტის თანხა. „არანაირი ყვითელი ბარათი არ უჩვენებიათ“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

XS
SM
MD
LG