საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 8 საათზე გაიხსნა. ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. მიქელაძემ ამომრჩევლებს შეახსენა, რომ უბანზე მისვლისას თან უნდა ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი. მოქალაქეები პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. "ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს დააზუსტოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებგვერდით, სადაც ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. ანალოგიურ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.