საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე გახსნილად გამოაცხადა დაბა წავკისში 23 დეკემბერს მომხდარი მკვლელობა. ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია სამი პირი. შსს-ს ინფორმაციით, „დაკავებულია 1991 წელს დაბადებული გ.ა. - დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ასევე, 1972 წელს დაბადებული ნ.ა. - დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით. დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ა.ყ, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა.“ შსს-ს ცნობითვე, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის ცივი იარაღი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. დაბა წავკისში მომხდარი კონფლიქტისას დაიჭრა ორი პირიც.
შსს-ს განცხადებით, „ათეულობით მოწმის გამოკითხვისა და სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი გახდა მხარეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტი. კერძოდ, 22 დეკემბერს, წავკისი-ტაბახმელას საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მხარეებმა მეორე დღეს შეხვედრა დაგეგმეს და ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციას არ შეატყობინეს. შეხვედრა საღამოს, დაახლოებით, 20 საათზე შედგა. მხარეებს შორის საუბარი ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.“
სამართალდამცავების ცნობითვე, გამოძიებით დადგინდა ისიც, რომ დანაშაულის შემსწრე ა.ყ. მკვლელობაში ბრალდებულ გ.ა-სთან ერთად ცდილობდა სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გადაკვეთას და თურქეთში გაქცევას.