„მოსამართლეთა სიის პარლამენტიდან გაწვევა იუსტიციის საბჭოს და სასამართლოს საქმეა და არა პარლამენტის. ჩვენი ვალდებულებაა განვიხილოთ თითოეული კანდიდატურა და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება“, - განაცხადა 8 იანვარს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
მისივე სიტყვებით, უსაფუძვლოა განცხადებები იმის შესახებ, თითქოს მოსამართლეთა სადავო სიას ბიძინა ივანიშვილი ლობირებს.
„პარტიის თავმჯდომარის, ასევე საპარლამენტო ხელმძღვანელობის მხრიდან საუბარი იყო არა იმაზე, რომ ვინმეს დავუჭიროთ თუ არა მხარი, არამედ იმაზე, რომ ეს არის ინდივიდუალურად გადასაწყვეტი“.
მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია ეკა ბესელიას პარტიიდან შესაძლო გარიცხვის შესახებ. მისი თქმით, უმრავლესობას ამ საკითხზე არ უმსჯელია.