Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალელთა საპროტესტო აქცია ენგურის ხიდის გადაკეტვის და კარანტინის გამო


გალში მოსახლეობამ ენგურის ხიდის ჩაკეტვა გააპროტესტა. ენგურის ხიდი 11 იანვრის შემდეგ ორმხრივად დაკეტილია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად. გადაწყვეტილება უკავშირდება ე.წ „ღორის გრიპის“ თავიდან აცილების მიზნით გამოცხადებულ კარანტინს.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში გალში მცხოვრები რესპონდენტები ამბობენ, რომ კარანტინის მოხსნის მოთხოვნით გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თემურ ნადარაიას შეხვდნენ, თუმცა კონკრეტული პასუხი მოთხოვნაზე ვერ მიიღეს.

„გამონაკლისი დაუშვეს მარტო და მხოლოდ სტუდენტებს მისცეს გადასვლის უფლება, ჩვენ ჯერ პასუხი ვერ მივიღეთ“, - ამბობს აქციის მონაწილე ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ვინაობის გამხელა უსაფრთხოების მიზნით არ სურს.

რესპონდენტის ინფორმაციით, თუ ე.წ. ადმინისტრაცია ზომებს მოკლე დროში არ მიიღებს, მოქალაქეები აქციას განაახლებენ.

აქციის ამსახველი კადრები „გალ ინფომ“ თავის ფეისბუკის გვერდზეც გაავრცელა.

გალელების პროტესტზე დღეს აფხაზურმა გამოცემა „ნუჟნაია გაზეტამაც“ დაწერა.

გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია გამოვიდა და მისი თხოვნით საუბარი სააქტო დარბაზში გაგრძელდა. როგორც გამოცემა წერს, თემურ ნადარაიამ მოსახლეობას აუხსნა, რომ კარანტინი ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოაცხადეს.

„ნუჟნაია გაზეტა“ ირწმუნება, რომ საუბრის შედეგად გადაადგილების უფლება მისცეს რამდენიმე ადამიანს, მათი პერსონალური საქმის განხილვის შემდეგ. თუ რა გამონაკლისზეა საუბარი, აფხაზური გამოცემა არ აკონკრეტებს.

„ნუჟნაია გაზეტა“ ასევე იუწყება, რომ ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო გალის ბაზარში პროდუქტებზე ფასები გაიზარდა. აქვე ვკითხულობთ, რომ მოქალაქეები ე.წ. საზღვარზე ყოველდღურ რეჟიმში გადაადგილდებიან სხვადასხვა მიზეზით მათ შორის საწავლებლად, სამუშაოდ, სავაჭროდ, სოციალური დახმარების მისაღებად და სამკურნალოდ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მესაზღვრეებმა მოქალაქეები 10 იანვარს გააფრთხილეს, რომ „ღორის გრიპის“ გამო კარანტინი გამოცხადდებოდა, 11 იანვრის დილიდან კი მოძრაობა შეზღუდეს. ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კარანტინი ორ თვეს გაგრძელდება. დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია ასევე, რომ მგზავრებს გადაადგილება ორმხრივად ეზღუდებათ.

XS
SM
MD
LG