Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: წერტილი უნდა დავუსვათ შანტაჟს ფარული ჩანაწერებით


ვიმედოვნებ, რომ რეაგირება იქნება მყისიერი - განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის სავარაუდო გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით. ქალდანის თქმით, მას ჰქონდა კომუნიკაცია დეპუტატ დავით ჭიჭინაძესთან, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია ეკა ბესელიასთან დაკავშირებულ ფაქტზე.

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბატონ ჭიჭინაძესთან და სხვა პირებთანაც. შს სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ისინი სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ჩვენც, ჩვენი მხრივ, მზად ვართ, რომ დავეხმაროთ კონკრეტულ ადამიანებს, იგივე - კონსულტაცია გავუწიოთ მათ. ვიმედოვნებ, რომ რეაგირება იქნება მყისიერი. ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ ამ შანტაჟის საკითხებს“,- განაცხადა ქალდანმა.

მისი თქმით, ფარული ჩანაწერების გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც ცდილობს შანტაჟს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით.

28 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში ეკა ბესელია ადასტურებს, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით ცალკეულ ჯგუფებში ვრცელდება მისი პირადი და ოჯახური საიდუმლოების ამსახველი უკანონო ჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დამზადდა და ახალი ხელისუფლების პერიოდში გავრცელდა. ბესელია განმარტავს, რომ ამ ფაქტზე პროკურატურამ 8 პირი ცნო დამნაშავედ და ეს საქმე ბოლოს სააპელაციო სასამართლოში გააგზავნეს. ბესელიას განცხადებით, ის ამ საქმის სასამართლოში გაგზავნას სწორად არ მიიჩნევდა მასალის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე.

XS
SM
MD
LG