„ჯეოსელის“ აბონენტებისთვის მობილური კავშირის შეფერხებას გეგმიური სამუშაოებით ხსნის კომპანია „სილქნეტი“. როგორც კომპანიაში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, მოსალოდნელი შეფერხებების შესახებ აბონენტებს კომპანიამ 25 იანვარს აცნობა.
„სილქნეტმა 25 იანვარს აცნობა თავის მომხმარებელს, რომ ჯეოსელის ქსელში ჩატარდა მასშტაბური სისტემური განახლება, რაც მასიურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული. ამ სისტემის კომპლექსურობიდან გამომდინარე, მომდევნო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს განახლებული სისტემის ოპტიმიზაცია, რაც, შესაძლოა, გარკვეულ შეფერხებებთან იყოს დაკავშირებული“, - აცხადებენ „სილქნეტში“.
კომპანიის ინფორმაციით, მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადაში აღდგეს მობილური სერვისის შეუფერხებელი მიწოდება მომხმარებლებისთვის. „ჯეოსელის“ აბონენტებს სერვისის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ. „სილქნეტი“ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის მფლობელი ოფიციალურად 2018 წლის გაზაფხულზე გახდა.